​ირაკლი კობახიძე: ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას
By

​ირაკლი კობახიძე: ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას

ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.
ირაკლი კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდის დადებით დინამიკას და აღნიშნა:
„ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი – საქართველო მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს, ბოლო სამ წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78 პროცენტით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა

 

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *