კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებული გუგა გიორგობიანი გახდა
ბათუმში კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წელს, პროექტმა სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის წვდომები დააგროვა და ერთ მილიარდს გადააჭარბა,
გამარჯვებული კი კონტენტ-კრეატორი გუგა გიორგობიანი გახდა. მის მიერ აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტზე წვდომამ 162 812 845 შეადგინა.
მეორე ადგილი – ბათუმელმა კონტენტ-კრეატორმა ხვიჩა ასამბაძემ დაიკავა. მისი კონტენტის წვდომამ სოციალურ ქსელებში 104 637 525 შეადგინა.
მესამე ადგილი – კონტენტ-კრეატორმა ნიკა გელაშვილმა (92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.
კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.
საკუთარი რჩეულები დაასახელეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე კონტენტ-კრეატორებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
კამპანიის მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.
როგორც აღვნიშნეთ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში გავრცელებული ვიდეოების ნახვებმა ერთ მილიარდს გადააჭარბა. კონკურსი, რომელიც 2023 წლიდან ტარდება, წელს პირველ ივლისს დაიწყო და სამ თვეს გაგრძელდა. სარეკლამო კამპანია შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო. მონაწილეობის პირობა იყო, კონკურსანტებს მოენახულებინათ წინასწარ განსაზღვრულ „სამოგზაურო პაკეტში“ მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე და თემაზე გადაეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, „დადებითი შინაარსის, შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კონტენტი“. 2026 წელს ოთხი საპრიზო ადგილისათვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი იყო გამოყოფილი. საპროზო ფონდი ასე გადანაწილდა
I ადგილი – გუგა გიორგობიანი – 150 000 ლარი;
II ადგილი – ხვიჩა ასამბაძე – 70 000 ლარი;
III ადგილი – ნიკა გელაშვილი – 50 000 ლარი;
IV ადგილი – ჯაბა გოგიტიძე – 30 000 ლარი.