კანონმდებლების წინაშე ანგარიშით „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ უფროსი ლევან სიხარულიძე წარდგა
By

კანონმდებლების წინაშე ანგარიშით „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ უფროსი ლევან სიხარულიძე წარდგა

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ მიერ 2025 წლის გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. კანონმდებლების წინაშე ანგარიშით ცენტრის უფროსი ლევან სიხარულიძე წარდგა.

მომხსენებლის განცხადებით, უწყების 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 348 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების, წყლის, ნიადაგის, ატმოსფერული ჰაერისა და სხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების პარალელურად, ლაბორატორიის სპეციალისტები მონაწილეობდნენ საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე პროექტებში, კვლევებში, ტრენინგებსა და სხვა აქტივობებში. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გაუმჯობესებასთან ერთად, უწყებამ გარკვეულ მიმართულებებზე აკრედიტაცია გაიარა ISO-ს სტანდარტებთან შესაბამისად. ამასთან, უწყების სტრუქტურული ერთეული – საგამოცდო ლაბორატორია, კობა კუპატაძის ხელმძღვანელობით, სულ უფრო აფართოებს კვლევის არეალსა და კომპეტენციებს.

სხდომაზე თანამოხსენებით წარდგა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა. მისი განცხადებით, ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საქმიანობა გამოირჩევა მზარდი დინამიკით და ორიენტირებულია კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, სპეციალისტთა გადამზადებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე, რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე. ამასთან, ცენტრს, სამომავლოდ, ორი ახალი მიმართულება დაემატება, რაც აკვაკულტურისა და თაფლის ნიმუშების კვლევა-შესწავლას ითვალისწინებს.

სხდომას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები და მათი პედაგოგი ვარდო ნაგერვაძე. კომიტეტის სხდომამდე მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უმაღლესი საბჭოს ისტორიას, მის სტრუქტურასა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს, დაეთვალიერებინათ საკანონმდებლო ორგანოს შენობა, უშუალოდ დაესვათ შეკითხვები მომხსენებლისა და კანონმდებლებისთვის.

ფრიდონ ფუტკარაძემ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებისთვის, ბუნებაზე ზრუნვისთვის და სამომავლო მხარდაჭერას დაპირდა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *