კახა კახიშვილი: ნდობა მხოლოდ სამართლიანობას, თანმიმდევრულობასა და პატივისცემას მოაქვს
საქართველოს პარლამენტმა საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები შეამცირა. ცნობისთვის, რეგულაციები, რომლებიც ბოლო დროს მოქმედებდა, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო, ძალაში კი პირველი მაისიდან შევიდა, რამაც მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამჯერად ტარიფები შემცირდა. კერძოდ, გზაზე დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება (არაუმეტეს 30) 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება; უფრო მაღალი სიჩქარით სიარულისთვის მძღოლი 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება; სიჩქარის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა კვლავ 400 ლარი დარჩება თუ სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარია მოხდა, ჯარიმა 400 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ჯარიმების შეუსაბამობის საკითხი რამდენიმე კვირის წინ დააყენეს დღის წესრიგში „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა, რასაც მოსახლეობის მხრიდან პოზიტიური გამოძახილი მოჰყვა. განსაკუთრებით მადლიერი დარჩა ხალხი, როდესაც ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და მთავრობამ გაითვალისწინა პოლიტიკოსების მიერ წამოჭრილი და დასაბუთებული წინადადება.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსთან, „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრ კახა კახიშვილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ „ჯარიმების შემცირება ძალიან კარგია. . . არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას“.
– ბატონო კახა, რა განცდა გაგიჩნდათ, როდესაც ხელისუფლებამ გაითვალისწინა თქვენი წინადადება ჯარიმების შესახებ?
– როგორც ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი, ასევე მცდარი გადაწყვეტილებების უკან გაწვევაც არაა სირცხვილი. უბრალოდ, ეს მცდარი გადაწყვეტილებები ზედიზედ არ უნდა მიეწყოს, თან – რაღაც უაზრო არგუმენტაციით. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო… ბატონი ირაკლი კობახიძე არის იურისტი და კვალიფიკაციას ნამდვილად არ დავუწუნებ, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპის ჯარიმების კანონპროექტს იღებ, ბარელაძეს (რომელიც იყო პატრულის უფროსის მოადგილე) ტვინით კი არ უნდა იმოძრაო და რასაც იგი გეტყვის, ისე კი არ უნდა გააკეთო და იფიქრო, რომ ეს მართლა რაღაც პრევენციაა, ამისთვის არსებობს მეცნიერება, კრიმინოლოგია ჰქვია. კრიმინოლოგია სწავლობს დანაშაულის პრევენციის საკითხებს, არა მხოლოდ სისხლის სამართლის პრევენციის საკითხებს, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსაც. კრიმინოლოგია იკვლევს, არის თუ არა კავშირში სანქციების სიმკაცრე დანაშაულის ან გადაცდომის შემცირებასთან. კრიმინოლოგია ასწლიანი მეცნიერებაა, მეცნიერებმა იმუშავეს (ბარელაძემ კი არ იმუშავა) და დაასკვნეს, რომ სანქციების გამკაცრება არასდროს მოქმედებს დანაშაულის შემცირებაზე. აქვე აგიხსნით, რატომ: სამი ძირითადი პრინციპი აქვს კრიმინოლოგიას: სასჯელის პროპორციულობა და სამართლიანობა; სასჯელის გარდაუვალობა და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება სასჯელზე, რომ შემცირდეს დანაშაული. სანქციების გამკაცრება არასდროს მუშაობს, ეს ჩემი მოგონილი არ არის, კრიმინოლოგიას მესამე კურსზე ასწავლიან იურიდიულ ფაკულტეტზე და იქ პირდაპირ წერია. არ შეიძლება კრიმინოლოგიის და კრიმინალისტიკის არევა. რა თქმა უნდა, ბატონმა ირაკლიმ ეს ძალიან კარგად იცის. ამას ვამბობ იმ ადამიანების გასაგონად, რომლებმაც ეს აზრი მიაწოდეს პრემიერს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ჯარიმები არ უნდა არსებობდეს?
– არავინ ამბობს, რომ ჯარიმები არ უნდა არსებობდეს. პირიქით, კანონის დაცვა აუცილებელია. მაგრამ ეს ბერკეტი უნდა ემსახურებოდეს წესრიგს და არა ბიუჯეტის შევსებას. კერძოდ, ჯარიმა უნდა იყოს სამართლიანი, პროპორციული და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი. ვფიქრობ, სახელმწიფომ სერიოზულად უნდა გადახედოს ჯარიმების პოლიტიკას არა მხოლოდ საგზაო, არამედ სხვა მიმართულებითაც – მათ შორის, საპენსიო, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციული სანქციების ნაწილშიც. სანქცია უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოფდეს კანონის დაცვას, მაგრამ ამავე დროს არ იქცეს ოჯახისა თუ ბიზნესისთვის არაპროპორციულ ფინანსურ ტვირთად. თუ თავად ხელისუფლება აღიარებს, რომ ჯარიმების გაორმაგებამ დარღვევები ვერ შეამცირა, მაშინ აშკარაა, რომ პრობლემა მხოლოდ ჯარიმების ოდენობაში არ არის. აუცილებელია გადაიხედოს როგორც სანქციები, ისე საგზაო მონიშვნები, ნიშნები და ხელოვნურად შექმნილი „ხაფანგები“, რომლებიც ხშირად მძღოლებს შეცდომისკენ უბიძგებს. ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ საგზაო ჯარიმებიდან მიღებული თანხები არც სახელმწიფო ბიუჯეტში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში არ ირიცხება – ისინი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ხვდება. ამ თანხების გამოყენების მიმართულებას კი ადგილობრივი თვითმმართველობები თავად განსაზღვრავენ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია აუცილებლად, კანონით განისაზღვროს: საგზაო ჯარიმებიდან მიღებული თანხები დაიხარჯოს მხოლოდ გზების რეაბილიტაციაზე, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, განათებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. სახელმწიფოს მიზანი არა ბიუჯეტის შევსება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა უნდა იყოს, სადაც ადამიანები ნაკლებად დაარღვევენ კანონს და გზები უფრო უსაფრთხო იქნება.
– თქვენს პოსტებსა და სატელევიზიო გამოსვლებში ხშირად ეხებით საპენსიო დანაზოგს და პიროვნების უფლებებს. თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ, რა ხდება და რა ტიპის პრობლემებია ამ სფეროში?
– საპენსიო სისტემა მოქალაქის მომავლის დასაცავად შეიქმნა. დამეთანხმეთ, ამ მიზანს სრულად ვიზიარებთ, თუმცა მომავლის დაცვა აწმყოს განადგურების ფასად არ უნდა ხდებოდეს. არადა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მეწარმე, ბუღალტერი, დამსაქმებელი და მოქალაქე მოგვმართავს კითხვებით საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან და სანქციებთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა: პირველი – სისტემა, პრაქტიკულად, არ არჩევს ტექნიკურ შეცდომას და განზრახ დარღვევას; მეორე – ჯარიმების სისტემა არ ითვალისწინებს კომპანიის ზომას, ბრუნვასა და ფინანსურ შესაძლებლობებს, რის გამოც ერთი და იგივე სანქცია თანაბრად ეკისრებათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეებს; მესამე – ჯარიმის თანხა ბიუჯეტში მიდის და არა იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომლის საპენსიო ინტერესიც თითქოს დაზიანდა; მეოთხე – სააგენტოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი უფრო ძლიერი უნდა იყოს. ..
– მაშინ, როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, საერთოდ აღკვეთოს ჯარიმები ამ სისტემაში?
– ჩვენი აზრით, აუცილებელია: 3-5 სამუშაოდღიანი შეღავათიანი ვადა ტექნიკური შეცდომის გამოსასწორებლად; ტექნიკური შეცდომისა და განზრახ დარღვევის მკაფიო გამიჯვნა; პირველი უმნიშვნელო დარღვევისთვის გაფრთხილება და არა ავტომატური ჯარიმა; პროპორციული სანქციები; სპეციალური რეჟიმი მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის; დამოუკიდებელი და სწრაფი გასაჩივრების მექანიზმი; საინვესტიციო გადაწყვეტილებების, შედეგებისა და რისკების მაქსიმალური გამჭვირვალობა. აქვე აღვნიშნავ, რომ სავალდებულო საპენსიო სისტემის პირობებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა განსაკუთრებულია. როდესაც მოქალაქეს კანონი აკისრებს სისტემაში მონაწილეობას, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს სამართლიანი სანქციები, ეფექტური დაცვის მექანიზმები, სრული გამჭვირვალობა და მაღალი ანგარიშვალდებულება. ნდობა იბადება იქ, სადაც არსებობს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა. სწორედ ასეთ საპენსიო სისტემას იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: საპენსიო სისტემა მოქალაქის ფულს არა მხოლოდ აგროვებს, არამედ მისი სახელით საინვესტიციო გადაწყვეტილებებსაც იღებს. შესაბამისად, თუ მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, რატომ და რა საფუძვლით აჯარიმებენ დამსაქმებელს, მას ასევე უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს, როგორ იმართება მისი საპენსიო დანაზოგი, რა რისკებს იღებს ფონდი და რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესი. მეხუთე – საინვესტიციო გამჭვირვალობა.
– რა გამჭვირვალობაზეა საუბარი, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მისი საპენსიო დანაზოგი, უბრალოდ, ანგარიშზე ინახება.
– ეს ასე არ არის. რეალურად, ეს თანხები სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში ინვესტირდება. პრინციპში, ინვესტირება აუცილებელია, თუმცა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს: სად არის განთავსებული მისი ფული; რა კრიტერიუმებით შეირჩა კონკრეტული საინვესტიციო მიმართულება; ვინ შეაფასა რისკები; რა არის მოსალოდნელი სარგებელი; რა მოხდება ინვესტიციის გაუფასურების შემთხვევაში ან ვინ აგებს პასუხს არასწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ იცოდეს არა მხოლოდ ის, თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი საპენსიო დანაზოგი, არამედ, რეალურად, რა მოხდა მის ფულთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ საინვესტიციო შემოსავალი იყო 8%, ხოლო ინფლაციამ 10% შეადგინა, დანაზოგი ნომინალურად გაიზარდა, მაგრამ რეალურად მისი მსყიდველუნარიანობა შემცირდა. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია არა მხოლოდ ნომინალური, არამედ რეალური შედეგების შესახებ.
– საინვესტიციო საქმიანობის შეფასებისას მხოლოდ შემოსავლის პროცენტების ნახვა საკმარისი არ არის?
– არა, მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, არა მხოლოდ რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი საპენსიო დანაზოგი, არამედ რა რისკის ფასად იქნა მიღწეული ეს შედეგი. თუ ერთი საინვესტიციო გადაწყვეტილება მოქალაქეს დამატებით 2-3%-იან შემოსავალს აძლევს, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვნად ზრდის დანაზოგის დაკარგვის ან გაუფასურების რისკს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვაზე – რამდენად გამართლებული იყო ასეთი გადაწყვეტილება, ანუ მოქალაქეს უნდა შეეძლოს, გაიგოს: რა ალტერნატივები არსებობდა; რატომ შეირჩა კონკრეტული საინვესტიციო მიმართულება; რამდენად მაღალი იყო რისკი; რამდენად მაღალი იყო მოსალოდნელი სარგებელი; ვინ და რა მეთოდოლოგიით შეაფასა ეს რისკები. საბოლოოდ, მთავარი კითხვა არის არა მხოლოდ ის, რამდენი პროცენტი გამოიმუშავა ფონდმა. მთავარი კითხვაა: ღირდა თუ არა მიღებული შემოსავალი იმ რისკად, რომელიც მოქალაქის საპენსიო დანაზოგმა აიღო? საპენსიო დანაზოგის შექმნა არ უნდა ხდებოდეს მოქალაქის, მეწარმის ან დამსაქმებლის აწმყოს დაზიანების ხარჯზე. სახელმწიფომ მომავლის დაცვა აწმყოს განადგურების ფასად არ უნდა სცადოს.
– როგორ შეაფასებთ ევროპის პოლიტიკურ სტანდარტს და საქართველოსთან დამოკიდებულებას?
– ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუციისა და ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის შემდეგ, ერთი კითხვა ბუნებრივად ჩნდება: რამდენჯერ შეიძლება ერთი და იმავე მეთოდის გამოყენება, თუ შედეგი არ მოაქვს? ბოლო წლებში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ არაერთი რეზოლუცია მიიღო, მომზადდა არაერთი კრიტიკული ანგარიში, გაკეთდა არაერთი პოლიტიკური შეფასება და არაერთხელ მოითხოვეს სანქციების დაწესება, მაგრამ რაც უფრო იზრდება ასეთი დოკუმენტების რაოდენობა, მით უფრო აქტუალური ხდება ერთი კითხვა: რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა? თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს შესახებ პირველი კრიტიკული რეზოლუციები და ანგარიშები მიიღებოდა, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ეს იწვევდა შეშფოთებასა და გულისტკივილს. დღეს სურათი უკვე სხვაგვარია. რაც უფრო ხშირად მეორდება იგივე რიტორიკა, იგივე ბრალდებები, იგივე მუქარები და იგივე სანქციების მოთხოვნები, მით უფრო მცირდება მათი გავლენა. ინსტრუმენტი, რომელსაც მუდმივად იყენებ, მაგრამ შედეგს ვერ აღწევ, დროთა განმავლობაში ძალასაც კარგავს და ავტორიტეტსაც. ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ამ პროცესით არავინ იღლება – არც ისინი, ვინც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე რეზოლუციებსა და სანქციების მოთხოვნებს ამზადებენ, არც ჩვენ, ვისაც მუდმივად გვიწევს მათი განხილვა. როდესაც მოქალაქეები ხედავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ სხვადასხვა სტანდარტი მოქმედებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვები შეფასებების ობიექტურობის მიმართ. ერთ შემთხვევაში, პრობლემებს ვერ ამჩნევენ, მეორე შემთხვევაში კი ყოველ მოვლენას დემოკრატიის კრიზისად აცხადებენ. პარადოქსია, მაგრამ სულ უფრო აშკარა ხდება: ევროპული იდეისა და ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციისთვის ბოლო წლებში იმდენი არ გაუკეთებია არც ერთ ანტიევროპულ ძალას, რამდენიც თავად ევროპული ბიუროკრატიის ცალკეულ წარმომადგენლებს. როდესაც ევროპა ასოცირდება არა თავისუფლებასთან, სამართლიანობასა და პარტნიორობასთან, არამედ ორმაგ სტანდარტებთან, სანქციების ენასა და მუდმივ ზეწოლასთან, დისკრედიტაციას განიცდის თავად ევროპული იდეა.
– ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ უნდა დავაიგნოროთ ევროპარლამენტის რეზოლუციები და სანქციები?
– სიტყვას ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ის პასუხისმგებლობით და სამართლიანად გამოიყენება. შეფასებას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ადამიანები მის ობიექტურობაში დარწმუნებულნი არიან. სანქციას ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც საზოგადოებას სჯერა, რომ ის პრინციპებს ემსახურება და არა პოლიტიკურ ინტერესებს. როდესაც ეს ნდობა ქრება, სიტყვებიც უფასურდება, შეფასებებიც და სანქციებიც. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი არგუმენტი ის კი არ არის, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ჟღერს, არამედ ის, რომლის უარყოფაც ყველაზე რთულია. ამიტომ მთავარი კითხვა ისევ უცვლელია: თუ რეზოლუციები, ანგარიშები, მუქარები და სანქციების მოთხოვნები ვერ აღწევს იმ შედეგს, რომელსაც მათი ავტორები მიზნად ასახელებენ, რატომ მეორდება ეს ყველაფერი ისევ და ისევ? რეზოლუციებით შეიძლება პოლიტიკური ხმაური შექმნა, სანქციებით – ზეწოლა სცადო, მაგრამ ხალხის ნდობას ვერც რეზოლუციებით, სანქციებით და ვერც მუქარებით ააშენებ. ნდობა მხოლოდ სამართლიანობას, თანმიმდევრულობასა და პატივისცემას მოაქვს.
ირმა ცეცხლაძე