ლაღიძის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის წარმატება – შვედეთში
შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში, მსოფლიოს საგუნდო კონკურსზე, რომელშიც 41 ქვეყნის 160 გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს სახელით ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი წარსდგა (ქორმაისტერი – მაგდანა მათითაიშვილი, კონცერტმაისტერი – სალომე სურმანიძე, გუნდის პროდიუსერი და მენეჯერი – ნიკა გრიგოლია, ხელმძღვანელი – ნატალია ორაგველიძე).
ჩვენი გუნდი ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. კატეგორიებში – ბავშვთა გუნდები და საეკლესიო მუსიკა ლაღიძის გუნდმა საერთაშორისო ჟიურისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. ეს არ არის გუნდის პირველი წარმატება, მაგრამ ყოველი ახალი მწვერვალის დაპყრობა ნამდვილად სასიხარულოა და მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის სახელით უცხოეთში მხოლოდ შენ გამოდიხარ.
შვედეთში დავუკავშირდით ნატალია ორაგველიძეს და მაგდანა მათითაიშვილს, რომლებიც ფესტივალის შესახებ გვესაუბრნენ.
– წარმატებულები და ბედნიერები ვართ, რადგან მიზანს მივაღწიეთ. დანიური წარმატება აქაც გავიმეორეთ – შვედეთშიც ამაყად ავაფრიალეთ ქართული დროშა. ეს მით უფრო სასიხარულოა, რომ საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი ვიყავით. ეს არის ძალიან მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ფესვები გერმანიაშია. გვიხარია, რომ დანიაში უკვე დამეგობრებულ, საინტერესო გუნდებს შევხვდით და ჩვენი წარმატება ერთად ვიზეიმეთ. მათ შორის იყვნენ გუნდები ჩინეთიდან, ბელგიიდან, დანიიდან, ამერიკიდან, ინდონეზიიდან… ერთი და იმავე ქვეყნიდან რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა. მართალია, ჩვენ ერთი ვიყავით, მაგრამ მიხარია, რომ მათ არაფრით ჩამოვრჩებოდით, ქულებითაც ძალიან გავუსწარით. უკვე გვაქვს მიწვევა ამერიკაში, იაპონიაში, ავსტრიაში… იქაურმა ქორმაისტერებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ჩვენს ქორმაისტერსა და კონცერტმაისტერს, აღფრთოვანდნენ რეპერტუარით, მისი მრავალფეროვნებით… აღსანიშნავია, რომ საეკლესიო მიმართულებით პირველად გავბედეთ, ამ კატეგორიაშიც მივიღეთ მონაწილეობა და… ოქროს მედალიც დავიმსახურეთ. სამომავლოდ ამ მხრივაც გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი ძირითადი მიმართულება საბავშვო გუნდი გახლავთ. ეს უკვე მერვე თაობაა, რომელიც ჩვენს სკოლაში არსებობს და ყოველთვის ამ კატეგორიის ერთგული ვრჩებით – გუნდში 10-დან 16 წლამდე ბავშვები მღერიან. უცხოეთში ჩვენი ულამაზესი ქართული საგუნდო რეპერტუარის პოპულარიზაციას ვეწევით. შევასრულეთ რუსუდან ხორავას „სახუმარო“, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად, ასევე, იოსებ კეჭაყმაძის ურთულესი „ეგზერსისი“. ქორმაისტერებმა კარგად იციან, თუ რა სირთულესთან გვაქვს საქმე – ეს 8-9-ხმიანი ნაწარმოებია. ჟიურის წევრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს, ამ ასაკის ბავშვები ასეთი სირთულის ნაწარმოებს ასეთ მაღალ ხარისხში რომ ასრულებდნენ. საერთოდ, ამ კონკურსზე გუნდები ოთხ-ოთხ ნაწარმოებს ასრულებენ თითო კატეგორიაში და კატეგორია კი ძალიან ბევრია. ჩვენ ორ კატეგორიაში ვმონაწილეობდით და მომავალში გვინდა კატეგორია გავზარდოთ, მესამეც დავამატოთ, რაც ჩვენთვის ახალი გამოწვევა იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს გუნდში 32 ბავშვი მღეროდა, ჩინური გუნდები კი ძალიან ბევრი და ძალიან მრავალფეროვანი იყო, ამასთან საუკეთესოდ მომზადებულები. ჩვენთვის კიდევ უფრო საამაყოა, რომ ასეთ მაღალხარისხოვან გუნდებს ვაჯობეთ. ეს ყოველდღიური ტიტანური შრომის შედეგია – ქორმაისტერის გემოვნების, ნიჭიერების, ხედვის, ორგანიზების. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აღვნიშნო აჭარის კულტურის სამინისტროს უდიდესი როლი, ფინანსური დახმარება, რომელმაც შეგვაძლებინა, გაგვაბედინა ამ ძალიან ძვირად ღირებულ ქვეყანაში გამგზავრება და კონკურსში მონაწილეობა ეს ამად ღირდა, საქართველოს ასეთი შედეგი ამ მიმართულებით ნამდვილად არ ჰქონია. მიხარია, რომ დღეს ჩვენით ყველა ამაყობს.
გუნდი 18 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში ვიყავით. მათ შორისაა – ბულგარეთი, თურქეთი, ავსტრია, ესპანეთი, გერმანია, დანია, ლატვია, იტალია, ჩეხეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ახლა – შვედეთი. უკვე ბევრ ქვეყანაში გვეპატიჟებიან. მსოფლიო საგუნდო კონკურსი, საერთოდ, ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მაგრამ მომავალი წელი გამონაკლისია, მას ავსტრია უმასპინძლებს. რადგან 2027 საიუბილეო წელია (კონკურსს დაარსებიდან 15 წელი უსრულდება), გადაწყვიტეს, ზედიზედ გამართონ. ორგანიზატორები მაღალ დონეზე ჩაატარებენ, რადგან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. ყველა მიმართულებას ჟიურის 7-7 წევრი აფასებს, რომელთაც წინ ნოტები, პარტიტურა უდევთ და ისე იცავენ ტექსტობრივ სიზუსტეს, მოთხოვნებს. ძირითადი ტექსტიდან გადახვევას არცერთი არ აპატიებს. ამდენად, ორმაგად დასაფასებელია ჩვენი გუნდის მაღალი შეფასება. მასპინძლებმა ზეიმით გამოგვაცილეს, იმედით, რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. იმასაც ვიტყვი, რომ იმდენად მაღალი დონის გუნდები იყო, ბრინჯაოს მედალი არ გაცემულა. იყო მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, რაც კონკურსის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ჩვენ ყველაზე რთულ კატეგორიაში ვმონაწილეობდით, სადაც ყოველთვის დიდი კონკურსია, ეს არის „საბავშვო კატეგორია“ – 10-დან 16 წლამდე. მიხარია, რომ მორიგ ჯერზეც გამარჯვებულები ვბრუნდებით. შეხმიანებისთვის დიდი მადლობა გაზეთ „აჭარას“, მადლობა გუნდის თითოეულ წევრს, მათ მთავარ ქორმაისტერ მაგდანა მათითაიშვილს, გუნდის პროდიუსერ ნიკა გრიგოლიას, სოციალური მედიებიც ძალიან აქტიურად გვიჭერენ მხარს. რაც შეეხება აქაურ მედიას, ისინიც ყურადღებას არ გვაკლებენ, – გვითხრა ნატალია ორაგველიძემ.
– მსოფლიო საგუნდო კონკურსზე ლაღიძის გოგონათა გუნდმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ორივე კატეგორიაში გუნდი უმაღლესი შეფასებით გამოირჩეოდა, რაც ჩემთვის, როგორც გუნდის ქორმაისტერისთვის, უდიდესი სიხარული, სიამაყე და პასუხისმგებლობაა. კონკურსზე განსაკუთრებული შეფასება და კომპლიმენტები მივიღეთ ჟიურის წევრებისგან და ასევე კონკურენტთა ქორმაისტერებისგან, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო. მივიღეთ ორ კატეგორიაში მონაწილეობა: საეკლესიო მუსიკის და ბავშვთა გუნდების. წარვადგინეთ 4-4 საგუნდო ნაწარმოები, განსაკუთრებით დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენ მიერ შესრულებულმა ორმა ქართულმა საგუნდო ნაწარმოებმა – რუსუდან ხორავას „სახუმარომ“ და იოსებ კეჭაყმაძის „Exercises“-მა. „Exercises“-ი განსაკუთრებით რთული, 8-9-ხმიანი ნაწარმოებია და მისი შესრულება გოგონებისგან დიდ პროფესიონალიზმს, სიზუსტესა და ერთმანეთის მოსმენას მოითხოვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ქართული მუსიკა ასეთ მაღალ პროფესიულ დონეზე შეფასდა და უცხოელი სპეციალისტებისგან ასეთი დიდი გამოხმაურება მიიღო. ძალიან მაღალი დონის გუნდებთან მოგვიწია კონკურენცია. სწორედ ამიტომ ეს წარმატება ჩემთვის მხოლოდ ორი ოქროს მედალი არ არის. ეს არის იმის დასტური, რომ დიდი შრომით, ექვსსაათიანი რეპეტიციებით, პასუხისმგებლობით და ერთმანეთის რწმენით შეგვიძლია საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე. განსაკუთრებით ამაყი ვარ ჩემი გოგონებით – ჩემი მარგალიტებით, როგორც მათ სიყვარულით ვუწოდებ. მათ შეძლეს არა მხოლოდ რთული მუსიკალური პროგრამის მაღალ დონეზე შესრულება, არამედ იმ ემოციისა და სათქმელის მსმენელამდე მიტანა, რომელიც თითოეულ ქართულ ნაწარმოებს ახლავს. ამ კონკურსს კიდევ ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. – სიმბოლური დატვირთვა, რადგან 8 აგვისტოს ჩაინიშნა, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და ამავე დროს ისტორიულ დღეს. კონკურსზე პირველ ნომრად მოგვიწია გამოსვლა. ჩემს მოსწავლეებთან ერთად მაშინ პირობა დავდეთ, ამ განსაკუთრებულ დღეს აუცილებლად უნდა გვემღერა იმ გმირების ხსოვნისთვის, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ, იმ დედებისთვის, რომლებიც შვილებს სამშობლოს დასაცავად ზრდიდნენ და დღეს მათი ხსოვნის ტკივილს ატარებენ. გვინდოდა, ჩვენი სიმღერით პატივი მიგვეგო მათთვის. გვინდოდა, რომ ჩვენი წარმატება მხოლოდ გამარჯვება კი არ ყოფილიყო, არამედ მადლიერებისა და ხსოვნის გამოხატულება. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით. ამ გამარჯვებაში თითოეულ ადამიანს თავისი განსაკუთრებული წვლილი აქვს. მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რის გარეშეც ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის განხორციელება გაცილებით რთული იქნებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის საუკეთესო დირექტორ ნატალია ორაგველიძეს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ კონცერტმაისტერ სალომე სურმანიძეს, რომლის პროფესიონალიზმი და ერთგულება ჩვენი გუნდის ყოველი წარმატების ნაწილია. მადლობა ჩვენი გუნდის პროდიუსერს, ჩემს შვილს, ნიკა გრიგოლიას, რომელიც ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით დგას გუნდის გვერდით და უამრავ მნიშვნელოვან საკითხს კულისებში აგვარებს. და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მადლობა ჩემს გოგონებს – მათ შრომას, მოთმინებას, თავდადებასა და ერთმანეთის გვერდით დგომას. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მშობლებსაც, რომლებმაც მანდეს შვილები. ეს ნდობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს ორი ოქრო ჩვენთვის მხოლოდ მედლები არ არის, ეს არის იმ დიდი შრომის შედეგი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გავწიეთ, ბავშვების, მშობლების, პედაგოგების, მუსიკოსებისა და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი გამარჯვებაა, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად იდგა. და ყველაზე მთავარი – ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რამხელა ნიჭი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და მუსიკალური კულტურა აქვს საქართველოს. მადლობა თქვენს გაზეთ ,, აჭარას“ გამოხმაურებისთვის, – გვითხრა მაგდანა მათითაიშვილმა.
მანანა ძიძიშვილი