„ლელო“ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს – „სიმართლეს ვერც შეურაცხყოფა და ვერც ცილისწამება გადაფარავს“
By

„ლელო“ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს – „სიმართლეს ვერც შეურაცხყოფა და ვერც ცილისწამება გადაფარავს“

„ლელო – ძლიერი საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში დაძაბულობისა და დაპირისპირების გაღრმავების მცდელობას წარმოადგენს.
პარტიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სიმართლეს ვერც შეურაცხყოფა და ვერც ცილისწამება გადაფარავს“ და გაუგებარია, რა საფუძვლით შეიძლება „ლელოს“ პოლიტიკური საქმიანობა „ბიზნესპროექტად“ შეფასდეს, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მრავალწლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობა, პირადი კეთილდღეობა და ოჯახის უსაფრთხოება გვერდზე გადადეს, რათა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დაპირისპირებოდნენ.
„პოლიტიკური პრინციპულობის გამო, მათ ორჯერ თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე, იდგნენ საპროტესტო აქციებზე „ლელოს“ წევრებთან და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ხოლო საკუთარი პრინციპული პოზიციის ერთგულების გამო პოლიტიკურ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და თავისუფლების უსამართლოდ აღკვეთაც გამოსცადეს. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი კვლავ აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის რუსული გავლენისგან გასათავისუფლებლად.
რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკურმა მმართველობამ ქვეყანა რუსულ ძალას გადააბარა, შემდგომ კი თავადაც აღმოჩნდა იმავე რუსული ხელისუფლების პატიმრობაში, ამასთანავე, მისი პოლიტიკის შედეგად არაერთხელ მოხდა მისივე პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე შიდა კრიზისი, დაშლა და დასუსტება. ნამდვილად სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება.
თუ ვინმეს ჩვენკენ ტალახის სროლა უნდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამგვარ ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ვუპასუხებთ იმავე მეთოდებით. არც ტალახის სროლაში ჩავერთვებით და არც სხვისი შიდა კონფლიქტებისა და სისუსტეების საკუთარ თავზე გადმოტანის მცდელობას მივყვებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმავე პრინციპულობით, რაც დღემდე გვამოძრავებდა, და ამ ბრძოლას ღირსეულად მივიყვანთ ბოლომდე. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნულია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ელექტორატის ჩამოსართმევად“.

 

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *