მავნებლის გავრცელების პრევენციის მიზნით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ფაროსანასთან ბრძოლა ყოველწლიურად ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია ღონისძიებების აქტიური ეტაპი, რომელიც მავნებლის გავრცელების პრევენციასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას ემსახურება.
მთავრობის ინფორმაციით, მოსავლის დაცვისა და ეფექტური პრევენციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მობილიზებულია 40 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები თერმული ნისლის და ცივი შესხურების მეთოდებით მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც დასახლებული პუნქტებისა და სავარგულების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. პროცესის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, თერმული ნისლის მეთოდით ტერიტორიების დამუშავება გუშინ დაიწყო, ხოლო ცივი შესხურების მეთოდით გათვალისწინებული სამუშაოები მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს.
მავნებლის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოორდინირებული მუშაობა რეგიონში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.