მარათონი – კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის
By

მარათონი – კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, პირველად, ბათუმის საფორტეპიანო მარათონი გაიმართა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ხელოვანები, მშობლები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.

მარათონში მონაწილეობდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებების 40 მოსწავლე, რომლებიც წინასწარი მოსმენების საფუძველზე შეირჩნენ.

საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები.
აჭარის კულტურის მინისტრმა ნორჩ პიანისტებს მარათონში მონაწილეობა მიულოცა და მომავალ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საქართველო მდიდარი მუსიკალური ტრადიციებითა და მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალით გამორჩეული ქვეყანაა. მისი თქმით, კლასიკური მუსიკისადმი მზარდი ინტერესი მარათონში მონაწილეთა სიმრავლემაც დაადასტურა, ხოლო ეს ნიჭიერი თაობა ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარების და წარმატებული მომავლის მთავარი საფუძველია.

მარათონის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა პიანისტების წარმოჩენა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ასევე, ემსახურება ახალგაზრდა მუსიკოსების მოტივირებას, პროფესიულ სცენაზე დამკვიდრების შესაძლებლობების გაზრდასა და ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღვივებას.

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *