მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
By

მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები იყო საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი თემები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

„საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისა და სავაჭრო თანამშრომლობის შედეგად, აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.

დადებითად შეფასდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი.

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *