მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში: საქართველოს მიზანი ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გაზრდაა
By

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში: საქართველოს მიზანი ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გაზრდაა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქართული ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი ასევე დაესწრება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, შანხაიში დაგეგმილი შეხვედრები საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან გაიმართება. მისი თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდაა.
„ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებით ქალაქ შანხაიში, სადაც ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან. ჩვენი ამოცანაა ექსპორტის მოცულობის ზრდა, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით. ამ მიზანს ემსახურება, ასევე, ტრადიციულად საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, სადაც ქვეყანა სამი პავილიონითა და 40-მდე კომპანიით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე ქართული კომპანიებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ბიზნეს-სავაჭრო ურთიერთობები და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა ამ მნიშვნელოვან ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. სამი პავილიონითა და 40-მდე კომპანიით წარმოდგენილ ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე ახალი ბიზნესპარტნიორები შეიძინოს, სავაჭრო ურთიერთობები გააფართოოს და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას შეუწყოს ხელი.

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *