მახოში კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. სოფელ მახოში ახალი საზოგადოებრივი სკვერი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფელ მახოში თანამედროვე და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნება. ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათება და ლითონის ღობე, განთავსდება მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები. ასევე, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც განთავსდება საქანელები და შესაბამისი საბავშვო ინფრასტრუქტურა. პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე სივრცის მოწყობას, საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთებასა და ტრენაჟორების დამონტაჟებას.
ახალი საზოგადოებრივი სივრცე სოფლის მოსახლეობისთვის დასვენების, განტვირთვისა და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის.