მზადება ახალი სასწავლო წლის ორგანიზებულად დასაწყებად
By

მზადება ახალი სასწავლო წლის ორგანიზებულად დასაწყებად

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დიდი დრო აღარ რჩება. ამ მნიშვნელოვან თარიღს მომზადებული ხვდებიან ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხულოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სკოლების პედაგოგები. ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა რამაზ გელაძემ, თანამშრომლებთან ერთად, საჯარო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც 2026-2027 სასწავლო წლის ორგანიზებულად და წარმატებით დაწყების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებსა და მათი განხორციელების გზებზე. სკოლებს უკვე გადაეცათ პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ნოუთბუქები, ასევე, მოსწავლეთა სასკოლო სახელმძღვანელოები. განიხილეს მათი დროული განაწილებისა და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საკითხები. ასევე, ისაუბრეს მოსწავლეების მიერ სასკოლო ფორმების ტარების მნიშვნელობასა და ფორმების შეძენა-გაცემის პროცესზე. პირველკლასელთა ფორმების გაცემა განხორციელდება განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, შესაბამის ადგილებსა და დროს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლების ზამთრის სეზონისთვის მზადებას. ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია – მიმდინარეობს სკოლების შეშითა და დიზელის საწვავით მომარაგება. შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების, ინოვაციური სასწავლო პროექტების, სტუდენტთა მხარდაჭერისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამებზე.

ითქვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამინისტროს პროექტს: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომლის მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. ახალი სასწავლო წლიდან რეგიონში ახალი პროგრამა – „ჩემი დამრიგებელი“ ამოქმედდება, რომლის მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ბულინგის პრევენცია და მშობელთა ჩართულობის გაზრდა.

სამინისტრო ასევე, ახორციელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამებს, სკოლების ტექნოლოგიებითა და სასწავლო რესურსებით აღჭურვას, ბიბლიოთეკებისა და საგანმანათლებლო სივრცეების განახლებას. 2026 წლის პროგრამებში გათვალისწინებულია სკოლების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი გაუმჯობესებაც.

– ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მზად არის ახალი სასწავლო წლის დროულად და ორგანიზებულად დასაწყებად. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ვუსურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო ახალ სასწავლო წელს, – გვითხრა რამაზ გელაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *