„მთავარია, ხმამაღლა ისმოდეს ქართული სიტყვაკაზმული პოეზია“
By

„მთავარია, ხმამაღლა ისმოდეს ქართული სიტყვაკაზმული პოეზია“

ქართული პოეზიის სივრცეში განსაკუთრებული სითბოთი და გულწრფელობით ისმის პოეტ ნათელა დუმბაძის ხმა, რომლის შემოქმედებაშიც ბუნება, სულიერი ტკივილი, იმედი და სიყვარული ერთიან პოეტურ სამყაროდ აღიქმება. მის ლექსებს მკითხველამდე გულიდან წამოსული განცდები მოაქვს, რომლებიც მშობლიური კუთხის სილამაზით, ქართული სიტყვის სიყვარულითა და ადამიანის სულიერი ტკივილებითაა ნასაზრდოები. ნათელა დუმბაძე პოეზიას საკუთარი სულის სავანედ მიიჩნევს. მისი თქმით, სიტყვასთან განსაკუთრებული კავშირი ბავშვობიდანვე იგრძნო, ხოლო ლექსი მისთვის შინაგანი სამყაროს ყველაზე ბუნებრივ გამოხატულებად იქცა. აჭარის ბუნება, ნისლიანი მთები, ხეობები და წვიმის ჰანგები მისი შთაგონების მთავარი წყაროა. პოეტი და პედაგოგი, უკვე 4 პოეტური კრებულის ავტორი ნათელა დუმბაძე ქართულ სიტყვას იმედისა და სიყვარულის მსახურებად მიიჩნევს. მისი შემოქმედება მკითხველისთვის არა მხოლოდ ლექსია, არამედ სულიერი თანადგომა და სინათლის ძიებაც.
– ქალბატონო ნათელა, პირველად როდის იგრძენით, რომ სიტყვა თქვენი თვითგამოხატვის მთავარი ფორმ?
– „პირველად იყო სიტყვა“. . . და ალბათ უფლის წყალობასავით დაჰყვა თან ჩემს დაბადებას ქართული სიტყვის ხიბლი და მადლი. ენა ადრე ამიდგამს და კაზმული სიტყვის სილამაზეც „იავნანასთან“ ერთად დღემდე ჩამესმის ყურში. პირველი ლექსიც ბავშვობაში დავწერე. ხოლო სიტყვა, როგორც ჩემი თვითგამოხატვის მთავარი ფორმა, უფრო მოგვიანებით, 15-16 წლისამ შევიგრძენი, როცა მოზღვავებული ემოცია ლექსად მოდიოდა და სათქმელს ლექსებს ვანდობდი.
თავდაპირველად, რომელიმე ავტორმა თუ მოახდინა გავლენა თქვენს შემოქმედებაზე?
პოეზია ჩემი სულის სავანეა. ქართული ხალხური ზღაპრები და ხალხური პოეზია მასაზრდოებდა პატარაობიდანვე. მიყვარს მხატვრული ლიტერატურა, რუსთაველიდან დღემდე და მანამდელი. . . ამ სიყვარულის გამოძახილია ალბათ ჩემი ლექსიც. რომელიმე ერთი ავტორის გამორჩევა გამიჭირდება. მიყვარს ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ანა, კონსტანტინე გამსახურდია. . .
თქვენს ლექსებში ხშირად იგრძნობა ბუნებასთან სიახლოვე. . .
ადამიანი სადაც იბადება, ის ადგილია მისთვის ყველაზე ლამაზი, ძვირფასი, წმინდა და ამაღლებული. ეს ადგილის დედაა, საიდანაც სამშობლო იწყება. მშობლიური სანახებია ყველაზე მშვენიერი. . . „მთვარის შუქზე ვქსოვდი დილას, სიზმარ-ცხადის დალანდებით – ამ სამოთხის ცა მესიზმრა, სანამ თვალებს გავახელდი!“
ეს ხეობები, ნისლიანი მთები, ყვავილებით მოჩითული კორდები, ეს ღელე-ღურდანებია, სადაც მეჩვენება, რომ მზეც სხვანაირად ამოდის და წვიმაც სხვა ჰანგია. აქ სხვა მუსიკაა, ხან სევდა-სიხარულისა, ხან ტკივილისა და აღმაფრენისა. . . ესაა ჩემი შთაგონების წყარო.
„გაფენილია თეთრი ნისლი ხევიდან ხევზე,
მიწა კი არა, ახლა უფრო ეს ნისლი მტკივა!
ცის ემბაზიდან აიაზმად დაღვრილი მთებზე
ეს თეთრი ნისლი სულიდან მე ამომიტირდა“! . .
როგორ იბადება თქვენი ლექსი, ერთი ემოციიდან, ფრაზიდან თუ კონკრეტული ამბიდან?
– ლექსის დაბადება რთული და მტკივნეული პროცესია. რაღაც არ გასვენებს, აუხსნელი სევდის ტკივილით გავსებს. სიტყვად, ფრაზად, ზოგჯერ მელოდიად ტრიალებს და წრიალებს სულში, სხეულში, გულში და არ მოგასვენებს, სანამ ლექსად არ გადმოიღვრება. ზოგჯერ აკვიატებაა. . . ასე ამეკვიატა „ფუხრის პერანგი“. . . შემდეგ დაიწერა ლექსი –
„გამაძლებინე, გამაძლებინე ამ უკუნ ღამეს
იმედებგარდაცვლილს!
ცაო, მზე ამომინათე, – მზე ტანზე კაბად ჩამაცვი! –
„ფუხრის პერანგი“ ჩამაცვი! . .
არის თუ არა ლექსი, რომლის დაწერაც განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა თქვენთვის?
ვერ ვიხსენებ, თუმცა ყველაზე რთულია, როცა გინდა რაღაც მოაშორო ლექსს, შემდეგ რომ გადახედავ. . . ვერ იმეტებ და მაინც აშორებ.
– თქვენს რომელ კრებულთან გაქვთ განსაკუთრებული შინაგანი კავშირი?
გამოცემული მაქვს ლექსების ოთხი კრებული: „იმედი რომ არ. . .“, „წვიმის ფარდები“, „მზიანი სიზმარი“ და „მოენატრება სულს ისევ ზეცა“. ოთხივე ჩემი სულის ნაჟურია, როგორც იტყვიან.
– რა არის მთავარი სათქმელი, რომელიც გინდათ მკითხველამდე მიიტანოთ?
ლადო ასათიანს ეკუთვნის სიტყვები: ,,რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არი“. იქნებ, ჩემი ლექსიც მიესალბუნოს ვინმეს სულს და ტკივილი ცოტათი მაინც დაუამოს, რომ მარტო არ იგრძნოს თავი ამ წუთისოფელში. მინდა ჩემი წილი სიტყვა შევაშველო როგორც იმედი, რწმენა და სიყვარული!
„. . .დაეხეტება კლდე-ღრეებში სული ეული
და კვლავ ლექსისთვის ყვავილების აგროვებს სუნთქვას. . .
იმ იმედის, რწმენისა და სიყვარულისთვის –
სინათლედ, ხვალ რომ სულს დასჭირდეს წასახემსებლად. . .“
– როგორ ეხმარებოდა პედაგოგობა თქვენს შემოქმედებას?
– პედაგოგობა ძალასა და ენერგიას მმატებდა. ასეა ახლაც. . . მოგეხსენებათ, მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ჩემთვის ბედნიერებაა ყოველდღიური საუბრები ლიტერატურაზე, პოეზიაზე. ჩემს მოსწავლეებთან ერთად ფიქრი, მსჯელობა დიდ ლიტერატურაზე. ეს ყოველდღე ხელახლა დაბადებაა!
რამდენად რთული იყო ქალისთვის რეგიონში პოეტური გზის გავლა?
მაყვალა გონაშვილი ამბობს: „საქართველოში ასგზის ძნელია, იყო პოეტი და იყო ქალი“. ქალი ხომ უპირველესად, დედაა, მეუღლე, დიასახლისი. ვფიქრობ, ქალს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ეკისრება ერისა და ქვეყნის წინაშე… ვცდილობ, ღირსეულად ვიდგე ყველგან. რაც შეეხება რეგიონში პოეტური გზის გავლას, არასოდეს მაკლდა ყურადღება. ჩემი ლექსები ბავშვობიდან იბეჭდებოდა მაშინდელ რაიონულ გაზეთ „იმედი“, შემდეგ -ჟურნალებში „საქართველოს ქალი“ და „ცისკარი“. არ შეიძლება, მადლიერებით არ მოვიხსენიო ცნობილი პოეტები: ფრიდონ ხალვაში, ჯემალ ჯაყელი, ზურაბ გორგილაძე, ცისანა ანთაძე, მამია ვარშანიძე. . . მე ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. . .  ასევე, ბატონი ალი სამსონიასი, ჟურნალ „ჭოროხის“ მაშინდელი რედაქტორის, რომელმაც ამ ჟურნალში ჩემი, როგორც ახალგაზრდა პოეტის, ოცი ლექსი ერთად დაბეჭდა დებიუტის სახით (ამაში ჩემი თანაკურსელების, მეგობრების და ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორების – ნური ვერძაძისა და იური ჩხარტიშვილის წვლილია). მუდამ, ჩემ გვერდით არიან მეგობრები, კეთილისმყოფელი ადამიანები. გვერდით მიდგას და ძალას მმატებს ოჯახი.
როგორ შეიცვალა, თქვენი აზრით, ქართული პოეზია ბოლო ათწლეულებში?
ბოლო ათწლეულებში ქართულ პოეზიაში მოჭარბდა თავისუფალი ლექსი (ვერლიბრი), ბევრია ფორმის ექსპერიმენტი. ციფრულმა ეპოქამ ბევრი რამ შეცვალა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყველანაირი ლექსი ვერ იქნება პოეზია. სამწუხაროა ის, რომ არ ჩანს ჯანსაღი კრიტიკა. რა თქმა უნდა, ლიტერატურა უნდა ვითარდებოდეს, „ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა. .“ როგორც ბრძანა რუსთაველმა. მთავარია იწერებოდეს ქართული ლექსი, დრო გამოაჩენს გამოსაჩენს. მთავარია, ხმამაღლა ისმოდეს ქართული სიტყვაკაზმული პოეზია!
– ბოლოს რომელ კრებულში დაიბეჭდა თქვენი ლექსები?
მოენატრება სულს ისევ ზეცა“ – ეს ჩემი ახალი კრებულია, რომელიც გასულ წელს გამოიცა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ დავით თედორაძეს, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორს, ქალბატონ ლალი კონცელიძეს, ჩემი წიგნის რედაქტორს, ბატონ ჯემალ სურმანიძესა და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წიგნის გამოცემაში! ახლახან დაიბეჭდა ჩემი რამდენიმე ლექსი ჟურნალ „ჭოროხში“, მადლობა ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქციასა და მის უნიჭიერეს რედაქტორს, ბატონ სანდრო ბერიძეს.
– რა გეგმები გაქვთ?
– ვფიქრობ ახალ კრებულზე. . .

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *