მითები და რეალობა – ვაქცინები და აუტიზმი
By

მითები და რეალობა – ვაქცინები და აუტიზმი

ვაქცინაცია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, თუმცა მის გარშემო გავრცელებული მითები და დაუსაბუთებელი მოსაზრებები მშობლების ნაწილისთვის დღემდე შიშისა და გაურკვევლობის მიზეზად რჩება. მათ შორისაა მცდარი წარმოდგენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაციისა და აუტიზმის შესაძლო კავშირის შესახებ, რის გამოც არაერთი ოჯახი გეგმიური აცრებისგან თავს იკავებს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ვაქცინებსა და აუტიზმს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს.
რატომ არის მშობლებისთვის სწორი, მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა დგას მსგავსი მითების უკან, რაზე მოგვითხრობს სამეცნიერო მტკიცებულებები და რა რისკებს შეიცავს ვაქცინაციაზე უარის თქმა, ასევე – გვემუქრება თუ არა რუსეთიდან საქართველოში შავი ჭირის გავრცელება? – ამ საკითხებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვესაუბრება.
– ქალბატონო მაია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში იმატა აუტიზმის სინდრომმა ბავშვებში, ხშირად მშობლები ამას ვაქცინაციას უკავშირებენ და ბევრმა საერთოდ უარი თქვა შვილის გეგმიურ აცრაზე. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ფაქტი და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ?
– მე როგორც ინფექციონისტმა და ეპიდემიოლოგმა, მყარად მინდა დავაფიქსირო, რომ ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს. სამწუხაროდ, ასეთი მცდარი აზრი ხშირად ჟღერდება სოციალურ მედიაში, მშობელთა ჯგუფებში და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჯანდაცვის მუშაკებისგანაც კი. ცხადია, ყველა მშობელს აქვს უფლება, დასვას კითხვები ვაქცინებზე, თავისი შვილის ჯანმრთელობის საკითხებზე, ჰქონდეს წუხილი, უარი თქვას ვაქცინებზე თუ სხვა სამედიცინო მომსახურებაზე, მაგრამ ყველა მშობელი იმსახურებს, დეტალურად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტებით ავუხსნათ – რეალობა სად არის. მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს, არის სრულიად უსაფუძვლო და სათავეს იღებს კონკრეტული ფაქტისგან. 1998 წელს ფსევდომეცნიერმა ენდრიუ ვეიქფილდმა ჟურნალ „ლანცეტში“ სტატია გამოაქვეყნა, საიდანაც აგორდა მითი, რომლის გამოც, სამწუხაროდ, უამრავი ბავშვი დარჩა აუცრელი და შესაბამისად, დღემდე ვიმკით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების შედეგებს. ამ სტატიაში ლაპარაკი იყო 12 ბავშვზე. ეს იყო არა კვლევა, არამედ აღწერილობითი სტატია, სადაც ამ ბავშვების მონაცემებია აღწერილი და ავტორი ასკვნის, რომ აუტიზმი გამოწვეულია ვაქცინებით. სამედიცინო მეცნიერებაში ასე არ ხდება, რამდენიმე ადამიანის კლინიკური მდგომარეობის, თუ მონაცემების აღწერით დასკვნები არ კეთდება. არსებობს კვლევის მეთოდები, უნდა არსებობდეს შესადარებელი საკონტროლო ჯგუფი და ასე შემდეგ. მაშინ „ლანცეტის“ რედაქციამ აღიარა, რომ დიდი შეცდომა იყო ამ სტატიის დაბეჭდვა, შემდგომში კი იგი საერთოდ ამოიღო ჟურნალიდან (აღარ იძებნება), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. თვითონ ვეიქფილდი გამოვლენილ იქნა როგორც თაღლითი, ჩამოერთვა ლიცენზიაც და დღეს ყველაფერი გარკვეულია ამ პერსონასთან დაკავშირებით, თუმცა, პრობლემა დარჩა პრობლემად იმ მხრივ, რომ ეს ინფორმაცია აიტაცეს მედიებმა, მშობელთა ჯგუფებმა და ამ 12 ბავშვის, უბრალოდ, მონაცემების აღწერის საფუძველზე ბევრმა უარი თქვა ვაქცინაციაზე. თანაც, ლაპარაკი ამ სტატიაში იყო ერთ კონკრეტულ ვაქცინაზე – წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მიუხედავად იმისა, რომ გაირკვა აღნიშნული წერილის უსაფუძვლობა და მისი ავტორის დასკვნებს არ ჰქონდა არავითარი ვალიდურობა, ამ მიმართულებით მაინც ჩატარდა უამრავი კვლევა. მაგალითად, დანიაში 650 000 ბავშვი გამოიკვლიეს. რაოდენობა გავიაზროთ… ვეიქფილდის სტატია 12 ბავშვზე იყო, აქ კი 650 000 ბავშვზე ვლაპარაკობთ. შეადარეს აუტიზმის რისკი აცრილ და აუცრელ ბავშვებს შორის და რა თქმა უნდა, არავითარი განსხვავება არ გამოვლინდა. მეორე კვლევა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 96 000 ბავშვს ჩაუტარდა. აქ ჰყავდათ საკონტროლო ჯგუფიც, შესადარებელი ჯგუფიც (რაც სამეცნიერო კვლევების დროს აუცილებელი ფაქტორია!), ისევ შეადარეს აცრილი და აუცრელი ბავშვები ერთმანეთს და აუტიზმის რისკში არავითარი განსხვავება არ გამოვლინდა. ძალიან ბევრი მსგავსი კვლევა შეგვიძლია დავასახელოთ და არცერთ დასკვნაში არ წერია, რომ რაიმე კავშირი ნახეს ვაქცინებსა და აუტიზმს შორის, თუმცა კითხვები მაინც აქვთ მშობლებს და ჩვენი, ექიმების ვალდებულებაა, ყველა ამ კითხვას ამომწურავად და დეტალურად ვუპასუხოთ, მათი წუხილი გავიაზროთ, გავიზიაროთ და განვმარტოთ. მინდა ერთი ფაქტორი გამოვყო, რის გამოც მშობლები ზოგჯერ აუტიზმს ვაქცინებს უკავშირებენ. ამის ბიოლოგიური მექანიზმი, კვლევები და დადასტურებული მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აუტიზმის დიაგნოზს ადრეული ასაკის ბავშვებს უსვამენ, რასაც სწორედ გეგმიური ვაქცინაციის პერიოდი ემთხვევა და ხშირად მშობლები აცრას და მის შემდგომ პერიოდს უკავშირებენ. ეს მხოლოდ დროში დამთხვევაა და იმას სრულებით არ ნიშნავს, რომ მართლა ვაქცინამ გამოიწვია აუტიზმი. არადა, როდესაც ვაქცინაზე უარს ვამბობთ საიდანღაც ყურით მოთრეული მითის გამო, უნდა გავიაზროთ, რაზე ვამბობთ უარს. უარს ვამბობთ ჩვენი შვილების დაცვაზე უმძიმესი ინფექციური დაავადებებისგან. სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა აუცრელ ბავშვს განუვითარდა რომელიმე ინფექცია და მშობელი ამ დროს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილა. აწუხებდა სინდისის ქენჯნა, ნერვიულობდა, უნდოდა, რომ დრო უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. ძალიან რთულია, გაიაზრო, რომ ერთ მარტივ ჩხვლეტას შეეძლო შენი შვილი გადაერჩინა და შენ ეს არ გააკეთე! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი რიგი ინფექციური დაავადებები დაკავშირებულია, ასევე, სიმსივნეების განვითარების რისკთანაც. მშობელი, რომელიც ბავშვის აცრაზე უარს იტყვის, უნდა დაფიქრდეს – მომავალში ამ ადამიანს სიმსივნე რომ დაემართოს, წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა! ვაქცინებს ალტერნატივა არ აქვს. ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს, გთხოვთ, ნუ ავყვებით დაუსაბუთებელ, არამეცნიერულ განცხადებებს, ასევე, ვიდეოებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდება.
– აქტუალური თემაა და აქვე, რუსეთში გავრცელებული შავი ჭირის შემთხვევის შესახებ გვითხრით, საშიშროების წინაშე ვართ?
– ოქტომბრის დასაწყისში ქალაქ ირკუტსკში ფილტვის შავი ჭირის ფორმით შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ბაქტერიის შემცველი სინჯარა დაუზიანდა, რის შედეგადაც დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა სვერდლოვსკში ჯილეხის ისტორია (1979 წლის). მე, ვინც საბჭოთა კავშირში გავიზარდე, ეს ამბავი გაგონილიც არ მქონდა და პირველად ამერიკაში სწავლის დროს გავიგე, ეპიდემიოლოგიის კურსზე, სადაც როგორც სასწავლო შემთხვევა, ისე განიხილეს. როდესაც შემეტყო, რომ პირველად მესმოდა ეს ისტორია, ყველას გაუკვირდა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვიყავი. მოკლედ აღვწერ ამ ფაქტს: სამხედრო ლაბორატორიიდან, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდა, შეცდომით გავრცელდა ინჰალაციური ჯილეხის სპორები, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია, თუმცა ეს ფაქტი დამალეს და ითქვა, რომ რამდენიმე ადამიანი დაავადდა ინფიცირებული ხორცით. მხოლოდ 1994 წელს ჟურნალმა „Science“ გამოაქვეყნა ამ ეპიდაფეთქების რეალური ვერსია, რომ ეს იყო ჰაერით გადამდები ჯილეხი, რომელიც ბიოტერორიზმის იარაღია და არა ბუნებრივად გავრცელებული დაავადება. ასე დამალეს ჩერნობილიც. ევროპის ქვეყნებში რომ არ შეენიშნათ რადიაციული დაბინძურება, რამდენ ხანს დამალავდა ამ ფაქტს საბჭოთა კავშირი, ვინ იცის. ეს ტენდენცია ახლაც „წარმატებით“ გრძელდება რუსეთში (სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანა ბრწყინავს ეპიდკვლევის წესების და შედეგების კომუნიკაციის კუთხით, რისი მაგალითიც ახლახან ვიხილეთ). რაც შეეხება შავ ჭირს, არსებობს მისი ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით, გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით. საბჭოთა კავშირი აქტიურად აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს და ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში. ეს მემკვიდრეობა, ცხადია, რუსეთს გადაეცა. ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი, ძირითადად, იწყება კანის დაზიანებით, ე.წ. შავი ჭირის ბუბონით (მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძი) და შემდეგ ხდება ინფექციის გავრცელება სხვადასხვა ორგანოზე. რაც შეეხება შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის, კლინიკურ მიმდინარეობას, რადგან ის შესუნთქვით ვრცელდება, პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანზე ცვლილების გარეშე. პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. როგორც დასაწყისში ვახსენე, ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *