მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია
By

მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ქართველი მეომრისა და სამშობლოს მცველის ფენომენი საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულ ღირსებასთან, სიმამაცესა და ერთგულებასთან ასოცირდებოდა, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ამ საამაყო ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები არიან.
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუციური მდგრადობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს.
მიხეილ ყაველაშვილმა თავდადებისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ყველა ოფიცერს, ვეტერანსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ თანამშრომელს.
„სამ ათწლეულზე მეტია, რაც თქვენი სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეროვნული სიმშვიდის სადარაჯოზე. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს უპირობო ერთგულება არის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინსტიტუტები და სახელმწიფოებრივი ინტერესები საიმედოდ არის დაცული. ყველა თქვენგანი კარგად აცნობიერებს, რომ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე დგას არა მხოლოდ კონკრეტული პირებისა თუ სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება, არამედ მთლიანად სახელმწიფოს იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე, ისაუბრა მუდმივი განვითარების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და გლობალურ გამოწვევებთან ადაპტირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, უახლესი სტანდარტების დანერგვა საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს და ხაზს უსვამს ქართული სახელმწიფოს სიძლიერეს.
ღონისძიებას მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *