მიხეილ ყაველაშვილი – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს სამსახური არის ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუციური მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი.
მიხეილ ყაველაშვილმა თავდადებისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ყველა ოფიცერს, ვეტერანსა თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ თანამშრომელს.
„სამ ათწლეულზე მეტია, რაც თქვენი სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეროვნული სიმშვიდის სადარაჯოზე. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს უპირობო ერთგულება არის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინსტიტუტები და სახელმწიფოებრივი ინტერესები საიმედოდ არის დაცული. ყველა თქვენგანი კარგად აცნობიერებს, რომ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე დგას არა მხოლოდ კონკრეტული პირებისა თუ სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება, არამედ მთლიანად სახელმწიფოს იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.