მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება
დღვანის ადმინისტრაციული ერთეული 5 სოფელს აერთიანებს. ბოლო წლებში ქიძინიძეებში, დღვანში, ლომანაურში, გოგინაურსა და კვიახიძეებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დღვანში ბაგა-ბაღი ამოქმედდა, სოფლების ცენტრებს ალამაზებენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ფრიდონ ფუტკარაძე, თენგიზ ივანაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ემზარ აბაშიძე, თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელი პირები დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდნენ, მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასასოფლო გზების მოწყობა ყველა სოფელში მიმდინარეობს, ცალკეულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარს აგებენ. დღვანში სასმელი წყლის სათავეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყო, მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა, დაგეგმილია ქიძინიძეებისა და კვიახიძეების სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, არემონტებენ მემორიალებს, გრძელდება სანიაღვრე არხების მოწყობა და სოფელ გოგინაურში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია.

სტუმრებმა რიგი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე, ისაუბრეს მიმდინარე პროექტების მნიშვნელობასა და მათი განხორციელების ვადებზე.
– ასეთი ფორმატის შეხვედრები, ხელს უწყობს არსებული პრობლემების დროულ გამოვლენასა და მათზე რეაგირებას. მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება და ეტაპობრივად ხორციელდება, – თქვა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე