მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელ პატრიცია ბუგანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ადგილზე საქმიანობის მნიშვნელობა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში არსებული განვითარებები და სამომავლო ხედვები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ერგნეთის ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმის მნიშვნელობას. თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მნიშვნელოვნად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქართული მხარის ძალისხმევა ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.