ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ გავხდები თავმჯდომარე, აუცილებლად გამოვა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული კრიზისი გრძელდება.
პარტიის ლიდერ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილება, თუმცა თავად პარტიაში სხვა კანდიდატებზეც საუბრობენ.
ნანუკა ჟორჟოლიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თუ პარტიის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს დატოვებს.
„თუ გავხდები თავმჯდომარე, აუცილებლად გამოვა ,,ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან. მიშა ფიქრობდა და მარტო მიშა არა – გია ბარამიძეს და სხვებსაც ვესაუბრე, ისინი ფიქრობდნენ, რომ არ უნდა ყოფილიყო ხუთიანი იმის მიზეზი, რომ კოალიცია არ შედგა სრულფასოვნად. სჭირდება პარტიას რეფორმა და ამ რეფორმის მთავარი ამბავი არის ის, რომ 2-3 ეფექტური ახალგაზრდა კი არა, ახალგაზრდული ხმა უნდა იყოს უფრო მკვეთრი და მყვირალა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კავშირი ყველაზე მეტად ვისთანაც გაწყვიტა, ეს არის ახალგაზრდები, „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა რაღაც ასაკობრივი „თარგეთი“ და ეს მათ ძალიან კარგად იციან,“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.