„ოქროს ტალღა“ – ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში – „ოქროს ტალღა“.
ტურნირის დასკვნითი დღე ფინალურ ასპარეზობას დაეთმო. სპორტსმენებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მაყურებელს სანახაობრივი და ემოციებით დატვირთული ვარჯიშები (ბაფთა, ბურთი, რგოლი და გურზები) შესთავაზეს. მათ გამოსვლებს საერთაშორისო და რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯები აფასებდნენ.
ბათუმის სპორტის სასახლემ 10 ასაკობრივ კატეგორიაში 200-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა 9 ქვეყნიდან, მათ შორის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის , უკრაინის, ეგვიპტის, კვიპროსის, საქართველოს სპორტსმენებს. ტურნირმა ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.
დასკვნით დღეს სპორტსმენების გამოსვლებსა და დაჯილდოების ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი კაიკაციშვილი, მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსი ზურაბ ჭყონია, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი შოთა დავითაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ჯიოშვილი, სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს, მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. ყველა სპორტსმენს მონაწილეობისთვის სპეციალური სამახსოვრო მედალი გადაეცა.

– ტურნირზე საოცარი ატმოსფერო იყო, რასაც ყველა მონაწილე აღნიშნავდა. ღონისძიება არაფრით ჩამოუვარდებოდა ისეთ დიდ შეჯიბრებებს, როგორიცაა მსოფლიო და ევროპის თასები, ევროპის ჩემპიონატები. ეს სპორტის სასახლე ასეთი შეჯიბრებებისთვის საოცარი არენაა. ყველას, ვინც მის ორგანიზებაში იყო ჩართული, უღრმესი მადლობა. მჯერა, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე, მონაწილე სპორტსმენთა დონე. ტურნირზე იყო ჯანსაღი კონკურენცია, სადაც საქართველოს ტანმოვარჯიშეები გამოირჩეოდნენ – მათ დიდი რაოდენობით მედალი აიღეს, რაც კარგი მოტივაციაცაა შემდგომი მუშაობისთვის, – გვითხრა ტურნირის მთავარმა მსაჯმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა, ევროპის ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტმა მხატვრულ ტანვარჯიშში ელისო ბედოშვილმა.
– აღნიშნულ ტურნირს ორგანიზება სპორტის სასახლემ გაუწია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით. ასეთი სახის ტურნირი პირველად ჩატარდა, ის სპორტსმენების დახელოვნებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. სამომავლოდ იგი ტრადიციული გახდება და აუცილებლად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, – აღნიშნა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორმა შოთა დავითაძემ.

– აჭარამ მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს და ყველას სურვილია, ის ტრადიციული გახდეს. მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, რომლის მხარდაჭერითაც, შეჯიბრებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ახალი ხალიჩა შევიძინეთ. სწორედ ამის შემდეგ წამოვიდა იდეა, ჩაგვეტარებინა დიდი საერთაშორისო ტურნირი. ასეც მოხდა – სპორტის სასახლე ამ შესანიშნავ ტურნირს სამ დღეს მასპინძლობდა. სასიხარულოა ისიც, რომ ტურნირი სასახლის ღონისძიებათა სამუშაო კალენდარში შევა და ყოველწლიურად გაიმართება, აჭარის ნაკრები კარგად გამოვიდა. ამ ღონისძიების შემდეგ, როგორც მთავარი მწვრთნელი, მათ გამოსვლებს შევაჯამებ და ახალ ნაკრებს დავაკომპლექტებ, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრებისთვის მოემზადება, – აღნიშნა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის მათავარმა სპეციალისტმა, აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მხატვრულ ტანვარჯიშში ნაირა დიასამიძემ.
– მე ორი პირველი ადგილი ავიღე ბურთსა და რგოლში, ერთიც – მეორე. ძალიან კარგი ტურნირი იყო. ჩემი გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, უფრო მეტი შემეძლო, მაგრამ შემდეგი შეჯიბრებებისთვის უფრო კარგად მოვემზადები, – გვითხრა 12 წლის თბილისელმა სპორტსმენმა ნატალია ხვისტანმა.
– ჩემი ხუთი აღსაზრდელი მონაწილეობდა. მეორე-მესამე ადგილები დავიკავეთ, რითაც კმაყოფილები ვართ. ყველაფერი იყო შესანიშნავად ორგანიზებული. თუ ტურნირი ისევ ჩატარდება, აუცილებლად ჩამოვალთ. ყველას დიდი მადლობა, – გვითხრა მწვრთნელმა უზბეკეთიდან ჟასმინ სეილოვამ.
მანანა ძიძიშვილი