პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, 73 ხმით 5-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საკითხი პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება საერთაშორისო აზარტული ტურნირის ცნება, მისი ორგანიზებისა და მოწყობის პირობები. საერთაშორისო აზარტულ ტურნირად მიიჩნევა სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ გარანტირებულია და მონაწილეთა არანაკლებ 80 პროცენტს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა დასაშვები იქნება როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცემა სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელზე.
ამასთანავე, თუ საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 მილიონ ლარს და კლუბის მაგიდა გამოიყენება მხოლოდ აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად, ორგანიზატორი თავისუფლდება კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან და უფლებამოსილია ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი.