„პოეზია ჩემი მდგომარეობაა“
By

„პოეზია ჩემი მდგომარეობაა“

ჟანა ანანიძე სპეციალობით ინგლისური ენის მასწავლებელია. 2024 წელს, აპრილში აჭარის მწერალთა სახლში ლექსების კრებულის წარდგენა ჰქონდა. ლექსებს წერს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამჟამად მუშაობს მერისის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. მასთან საუბარი მერისში შედგა.

– ქალბატონო ჟანა, როგორ აღმოჩნდით მთიანი აჭარის ისტორიული ხეობის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად?

– გამოვიყენებ შესაძლებლობას და მივესალმები გაზეთ ,,აჭარის“ ერთგულ მკითხველს, ასევე ჩემი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. თქვენთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მაშინ ჩემი ოცნება გავთქვი, თუ როგორ მსურდა მთიანი აჭარის სკოლაში მასწავლებლად მემუშავა და ჩემი წილი სიყვარული მთებში მცხოვრები ბავშვებისთვის დამეტოვებინა. . . გამიმართლა. ჩემმა ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა ბაღიშვილმა მერისის საჯარო სკოლის ვაკანსიის შესახებ მაცნობა. იმ დროისთვის ჩემი ხელშეკრულება დასასრულს უახლოვდებოდა №14 საჯარო სკოლაში (შემცვლელ მასწავლებლად ვმუშაობდი). ასე აღმოვჩნდი უმშვენიერეს გარემოში, სადაც ნამდვილი, ღვთისნიერი ადამიანის კვალი ჯერ კიდევ ვერ შელახა ინდუსტრიის გაქვავებულმა ხელმა…

– მასწავლებლობას უთავსებთ რეპეტიტორობას, მწერლობასა და მთარგმნელობით მუშაობას. ამ ეტაპზე, ვის ნაწარმოებებს თარგმნით?

– ჩემი ყოველდღიური რუტინა ერთი შეხედვით ძალიან დამღლელი შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს. არადა, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი ცხოვრების წესია ექსპრესია. ნებისმიერ საკითხში, რომლის გადაწყვეტაც მიწევს, შემოქმედებითი ნიჭი მეხმარება. მეტწილად, ამერიკელი ქალი პოეტების ლექსებს ვთარგმნი. ბოლოს ნობელის პრემიის ლაურეატი ენ კარსონი ვთარგმნე.

– მერისი თქვენს შემოქმედებაში თავის კვალს დატოვებს. შემოგვთავაზეთ ლექსის ის სტრიქონები, რომელიც ამ ხეობასთან კავშირშია. . .

– მგზავრობა, რომელიც ბათუმიდან იწყება დილაადრიან, აგრძელებს გზას მთების წიაღში, მერისის ბუნება და ადამიანები შთაგონებას მაძლევენ, ჩემი პოეზია სავსეა ფრაგმენტებით, რომელიც წარსულის, აწმყოსა და მომავლის ჩემეული ნაზავია, იქ მერისი ბუნების სიმბოლოა, სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობ. ნაწყვეტს შემოგთავაზებთ პირველი ლექსიდან, რომელიც მარტის თოვლმა გასულ წელს მოიყვანა ჩემში:

ფესვი გაიდგა სინანულმა,

დაემხო თითქოს,

ის, რისიც მწამდა ასე ძლიერ

თავსმოხვეული,

შავი ჩიტები ჩემმა ხორცმა გამოიგლოვა

სახეს მიფარავს ვუალივით აჭარის მთები.

ასე გარედან წითელ ტვინებს

დაფარავს სივრცე

მსუყე ლექსებით ამოიძღობს გონება ნალექსს,

გაყურსულ ვნებებს ჩაილაგებს –

დარდების სინდრომს

და მოჩვენებით სიმშვიდეში

გავყავარ გარეთ…

* * *

ისევ მთებიდან – ჩემი სახლის სარკმელი მოსჩანს,

სახლი, რომელიც დატოვეს, გაყინეს ძალით,

მახსოვს სიჩუმე ბობოქარი,

ეზოში ნალი და თვალნაცემი

,,თეთრ პერანგებს“ ლექსი მირეცხავს.

– თქვენთვის პოეზიაა უპირველესი თუ მასწავლებლობა?

– ორივე ჩემი ცხოვრების წესია, ერთმანეთს ავსებს, რადგან ორივეს სჭირდება შემოქმედებითი წვა, თუმცა განსხვავებით მასწავლებლობისგან, პოეზია ჩემი მდგომარეობაა, რომელშიც ვცხოვრობ და მას წინასწარი მომზადება არ სჭირდება. ის მუდმივი მდინარებაა, ტიციანის თქმისა არ იყოს, ,,მეწყერია“. . . მიჭირს განვაცალკევო, რადგან ორივე ჩემშია და ჟანა ანანიძე არცერთი მათგანის გარეშე არ იქნებოდა ასეთი, როგორიც დღეს არის. . . მიუხედავად აკადემიური სწავლებისა, მაინც ვინარჩუნებ შინაგან თავისუფლებას და არჩევანის საშუალებას, რომელსაც ბავშვები გრძნობენ იმიტომ, რომ მოწოდებით ვარ მასწავლებელი. მიყვარს, როდესაც ბავშვებს ვუზიარებ ცოდნასა და გამოცდილებას, თუმცა რთულია იყო კარგი მაგალითი, ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებსაც ზოგჯერ გვიწევს საკუთარი ემოციებისა და ფიქრების დამალვა. . . პოეზია იმისთვის არის, რასაც ვერ ვამბობ, რაც ჩემში მდინარებს, უხმოდ ფურცელს გავუზიარო, ხოლო მასწავლებლობა ჩემი აქტიური ფაზაა, სადაც ყველა ელემენტი თავისებურად მჟღერია.

– რამდენიმე კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული ხართ. ბოლო საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსზე გვიამბეთ. . .

– მთავარი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვება მგონია, რომ გავბედე ჩემი ხმა პატარა ქვეყნიდან დიდ მასშტაბებაბდე გამეტანა. ეს ხომ სიტყვის ერთგულებაა, რომელიც უნდა ისმოდეს უწყვეტად, არა მხოლოდ ისტორიული ფესვების გამო, არამედ იმიტომაც, თუ როგორ ფორმირდება ახლა კულტურა. დღეს ლექსი გადარჩენის ერთ-ერთი ფორმაა, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლა – ომის ერთ-ერთი სახე. მსოფლიო პოლიტიკური სიმძაფრე ჩვენს სხეულსა და სულს გაივლის, მინდა ყველას ესმოდეს ქართული ხმა, პირველი ევროპელების, რომლებსაც გარე და შიდა მტრები ცოცხლად ჭამენ. . . როგორი იქნება პოეზია, თუ მიმდინარე მოვლენები შენშივე არ გაივლის?

– წელს საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე–კართან“ მონაწილეთა შორისაც იყავით. რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

– შესანიშნავი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. კარგია, როდესაც კულტურა შემოქმედებითად მდიდრდება, საერთაშორისო ფესტივალს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციის კუთხით.

– რაა მთავარი, რომ ამ ფესტივალის საპატიო ჯილდო – ყაბალახი მოირგოთ?

– ჩემთვის პრიორიტეტი ჯილდო არასდროს ყოფილა. წელს პირველად მივიღე ფესტივალში მონაწილეობა და მსმენელის გულწრფელ რეაქციაზე მეტი ჯილდო მართლაც არ მეგულება.

– ახალშეძენილ მეგობრებზე რას იტყოდით?

– უმეტეს მათგანს სოციალური ქსელიდან ვიცნობდი. გამახარა ისეთი ადამიანების ახლოს გაცნობამ, რომლებზეც სულ სხვა წარმოდგენა მქონდა. ყველას საქართველოსა და სიტყვის სიყვარული გვაერთიანებს. . . როგორც ჩვენი ძვირფასი ნატო ინგოროყვა იტყოდა: ,,ჩვენ ყველანი ერთ დიდ ლექსს ვწერთ“. . . ასეა, ნამდვილად. . .

– მერისის ხეობასთან ოჯახიც გაკავშირებთ. რა საერთოს ხედავთ მერისელებსა და ქობულეთელებს შორის?

– მეუღლე მერისელია. ქობულეთი, მერისი, ბათუმი და აჭარის სხვა ტერიტორიები დიდი ქართული ოჯახის შემადგენელი ნაწილია, ის მხარე, რომელსაც სამი საუკუნე უკრძალავდნენ ჯვრის ტარებას და ქრისტე ღმერთზე ლოცვას. . . სტუმართმოყვარეობა, ერთობა და გამძლეობა ყველა აჭარელს გვაკავშირებს, გაუტეხელი სული გვაქვს. . .

წარმატებებს გისურვებთ!

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *