პრემიერის გამოსვლა გაეროში – მთავარი აქცენტები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური, სესიის ფარგლებში, მონაწილეობდა მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა. ღონისძიებაზე, სახელწოდებით – „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით“, ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას. ირაკლი კობახიძეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, ასევე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. პრემიერი ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვითაც გამოვიდა. მან ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო როლზე, სუვერენიტეტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პერსპექტივასა და ქვეყნის ეკონომიკურ ამბიციებზე. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მშვიდობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
,,მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობა ისე ღრმად შეიძლება ესმოდეთ, როგორც საქართველოს“, – აღნიშნა პრემიერმა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.
,,ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე, მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც – ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც“, – აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
,,სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, 2020 წლის 21.3 პროცენტთან შედარებით. თუმცა, ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფით. შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. აღნიშნული პრიორიტეტები სრულად შეესაბამება საქართველოს მიერ „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევის მიმართ აღებულ ვალდებულებას, რაც ასევე ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნით თანამშრომლობისთვის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში 2026–2030 წლების პერიოდში. უფრო შორეულ პერსპექტივაში, მომავალი ათწლეულისთვის, ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებითა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით“, – აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
„დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერისა და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ესენია: სარკინიგზო ქსელის მოდერნიზება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოება. ამავდროულად გვჯერა, რომ ფიზიკური და ციფრული დაკავშირება ერთი და იმავე სტრატეგიული დღის წესრიგის შემადგენელ ორ კომპონენტს წარმოადგენს. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელითა და ახალი თაობის მონაცემთა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველო მიზნად ისახავს უსაფრთხო, მდგრადი და დივერსიფიცირებული ციფრული კავშირების განმტკიცებას ევროპასა და აზიას შორის. ეს ამბიციური გეგმები კი საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება“, – განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა გამოსვლის დასასრულ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან.
,,პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე. საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემისა და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს დადგება ზეწოლის ან იძულების გზით. პატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტილატერალიზმისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
გაეროში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში.
თამარ ლამპარაძე