პრემიერი – ჩვენი ვიზიტი გაეროში საინტერესოდ წარიმართა
By

პრემიერი – ჩვენი ვიზიტი გაეროში საინტერესოდ წარიმართა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაეროში ვიზიტი შეაფასა.
პრემიერის თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა. „მთავრდება ჩვენი ვიზიტი გაეროში, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. დაგვირგვინება ამ ვიზიტის იყო, რა თქმა უნდა, გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, აქ გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე – ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. საუბარი გვქონდა ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. შევეხეთ ყველა თემას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგთან. მთლიანად ვიზიტმა კარგად ჩაიარა. გვქონდა არაერთი შეხვედრა, ასევე, დამატებით ორ მრგვალ მაგიდაზე მქონდა გამოსვლა. ორივე შემთხვევაში მთავარი თემა იყო მშვიდობა, რომელიც არის განვითარების აუცილებელი პირობა, ასევე, მქონდა ორმხრივი შეხვედრები. შევხვდი გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც არის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. შეხვედრა მქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სერბეთის პრეზიდენტთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გავაფორმეთ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ პროტოკოლი. მადლობა გადავუხადეთ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების უკან გაწვევის თაობაზე. ამის შედეგია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რაც არის ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ამისთვის მთელ დიპლომატიურ კორპუსს მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო. მთლიანობაში, ვიზიტმა წარმატებულად ჩაიარა, მთავარი მიზანი ჩვენთვის იყო ჩვენი ეროვნული ინტერესების სათანადოდ წარმოდგენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *