პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“- ქობულეთში
By

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“- ქობულეთში

პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 918-მა პირველკლასელმა მინდვრის ნეკერჩხლის, ქართული მუხის, კავკასიური ცაცხვის, კავკასიური ფიჭვის, პირამიდული ვერხვის, პირამიდული კიპარისის, ჰიმალაის კედარისა და კოლხური ბზის ნერგები დარგეს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი, ქვეყნის მასშტაბით, გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.

ინიციატივა აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას – პირველი ნერგის დარგვით ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში, სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ახალი მწვანე სივრცეების შექმნაში. პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა – https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია დარგული ნერგების რეგისტრაცია და მათი ადგილმდებარეობის ნახვა ინტერაქტიულ რუკაზე. პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *