,,პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს გავუხსნათ პირდაპირი გზა ევროპისკენ“
By

,,პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს გავუხსნათ პირდაპირი გზა ევროპისკენ“

 

აჭარის რეგიონიდან 12 ახალგაზრდა იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ისინი უმაღლესი სასწავლებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
როგორი გამოცდილებით დაბრუნდნენ იტალიიდან, რა პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ევროპულ სტრუქტურებში მუშაობის პროცესში და როგორ აფასებენ ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება საჯარო მმართველობის დოქტორი, ბსუ-ის ასისტენტ-პროფესორი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული საბჭოს“ ხელმძღვანელი გიგა ფარტენაძე.

ამას წინათ იტალიიდან დაბრუნდით, სადაც ახალგაზრდული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდით. გვიამბეთ ამის შესახებ…
– ეს იყო ჩვენი და პარტნიორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი უკვე მეოთხე სასწავლო ვიზიტი იტალიაში, რომელიც ხორციელდება პროექტის – „ქართველი ახალგაზრდები ევროპულ სტრუქტურებში“ ფარგლებში. ამჯერად, აჭარის რეგიონიდან 12 ახალგაზრდა იმყოფებოდა იტალიის სხვადასხვა ქალაქში, სადაც გაიმართა შეხვედრები როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მონაწილეები გაეცნენ ევროპული ინსტიტუციური მოწყობისა და მართვის პრაქტიკას, პარალელურად კი მოინახულეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტები. ვფიქრობთ, ეს არის საგანმანათლებლო და აკადემიური კომპონენტის ძალიან კარგი შერწყმა კულტურულ და ისტორიულ გამოცდილებასთან.
ჩვენი ქვეყნიდან ვის შეუძლია თქვენს სასწავლო პროექტში მონაწილეობა და ვისთან ერთად ახორციელებთ აღნიშნულ ვიზიტებს?
– ჩვენს სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 12-დან 22 წლამდე ახალგაზრდებს. პროექტს ვახორციელებთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ და „არაფორმალური განათლების ცენტრის“ პარტნიორობით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
მოგვიყევით პროექტის შესახებ. . . 
– პროექტს „ქართველი ახალგაზრდები ევროპულ სტრუქტურებში“ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, სამი წელია ვახორციელებთ, თუმცა სასწავლო ვიზიტების ორგანიზების პრაქტიკა ინდივიდუალურად 2016 წლიდან გვაქვს. დროთა განმავლობაში დავინახეთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვეძლო უფრო მასშტაბური შესაძლებლობების შექმნა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროექტის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს გავუხსნათ პირდაპირი გზა ევროპისკენ, ეს მოიცავს ვიზიტებს ევროპულ ინსტიტუციებში, უნივერსიტეტებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე – კულტურულ და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობას.
პროგრამის განმავლობაში, რა პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს ახალგაზრდებმა?
– პროგრამა მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ახალგაზრდებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორია უნივერსიტეტების მართვის მოდელები, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება ევროპულ გარემოში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ დისკუსიებში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები. ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საერთაშორისო გარემოს უკეთ გააზრებას და საკუთარი პროფესიული გზის უფრო ნათლად განსაზღვრას.
თუ შევადარებთ ქართულ და იტალიურ საგანმანათლებლო სფეროს, რა ძირითადი განსხვავებ ან მსგავსებ შეგიძლიათ გამოყოთ?
– რა თქმა უნდა, არსებობს როგორც მსგავსება, ისე განსხვავებები. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება არის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მხრივ. იტალიაში უნივერსიტეტები სთავაზობენ სტუდენტებს თანამედროვე, ტექნოლოგიურად გამართულ და მრავალფუნქციურ გარემოს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სწავლების ხარისხზე. ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელიც საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
– რა აქტივობებს გამოარჩევდით?
– ვიზიტის დასკვნითი ეტაპი გაიმართა ქალაქ ბერგამოში, სადაც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. ბერგამოს საკრებულოს შენობაში ადგილობრივმა წარმომადგენელმა ენრიკო უბიალმა ჩაატარა ლექცია თემაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს ადგილობრივი თვითმმართველობა და რა არის მისი როლი მოქალაქეებთან ურთიერთობაში. ასევე, მოვინახულეთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბუნკერი, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობაა და მონაწილეებს საშუალება მისცა, უფრო სიღრმისეულად გაეაზრებინათ ევროპული ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები. გარდა ამისა, დავესწარით ვენეციის ცნობილ კარნავალს, რაც იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, საკუთარი თვალით ენახათ, როგორ ინარჩუნებს ევროპა კულტურულ ტრადიციებს და როგორ ახერხებს ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრების ჰარმონიულ შერწყმას.
გვესაუბრეთ თქვენს პროექტზე „არჩევნები, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები“. . .
– დღეს, როდესაც საინფორმაციო სივრცე ძალიან სწრაფად ვითარდება, დეზინფორმაცია ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს შევძინოთ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში, წყაროების გადამოწმებასა და მანიპულაციების ამოცნობაში. არსებული ვითარება გვაჩვენებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდები არა მხოლოდ ინფორმირებულები, არამედ პასუხისმგებლობიანი მოქალაქეებიც გახდნენ.

ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის?
– ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოსთვის არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, არამედ ღირებულებითი და განვითარების გზა. ეს ნიშნავს ძლიერი ინსტიტუტების შექმნას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, განათლებისა და ეკონომიკის განვითარებას. ასეთი ტიპის მცირე, მაგრამ მიზანმიმართული საგანმანათლებლო პროექტები რეალურად ქმნის იმ ადამიანურ კაპიტალს, რომელიც მომავალში ამ პროცესს გააძლიერებს. როდესაც ახალგაზრდები საკუთარი თვალით ხედავენ ევროპულ სტანდარტებს, თავად ხდებიან ამ ცვლილებების გამტარები ქვეყანაში.
– დაბოლოს, გეგმავთ თუ არა უახლოეს მომავალში ახალ ინიციატივებს?
– დიახ, უკვე ვმუშაობთ ახალ სასწავლო ვიზიტზე ბარსელონაში, ესპანეთში, რომელიც აგვისტოში გაიმართება. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ევროპულ საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ გარემოს. ჩვენი მთავარი გზავნილი ახალგაზრდებისთვის ასეთია: არ შეუშინდეთ ახალ შესაძლებლობებს, იყავით აქტიურები და გამოიყენეთ ყველა შანსი, რომელიც თქვენს განვითარებას ემსახურება. ხშირად სწორედ ერთი ასეთი გამოცდილება ხდება გარდამტეხი და განსაზღვრავს მომავალ პროფესიულ გზას.

 

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *