პროექტი „კულტურა მთაში“ გრძელდება
პროექტი „კულტურა მთაში“ მიზნად ისახავს მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ავთენტურობის პოპულარიზაციას, თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების შეთავაზებასა და შემოქმედებითი კავშირების გაღრმავებას.
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სახალხო, კერძო თეატრებისა და ქუჩის მუსიკოსების ფესტივალს „მოძრავი სცენა“ უმასპინძლა.

მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხუთი თეატრალური დასი და ქუჩის მუსიკოსები მონაწილეობდნენ. სპექტაკლები ჩატარდა, კონცერტები, მასტერკლასები გაიმართა, ხულოს სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება მოეწყო.
ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ხულოელთა დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდა ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ავთენტური, თვითმყოფადი ფოლკლორის ნიმუშები წარმოუდგინა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ცოტნე ცაბაძე