რა უნდა ვიცოდეთ ტკიპებით გადამტან დაავადებებზე?
By

რა უნდა ვიცოდეთ ტკიპებით გადამტან დაავადებებზე?

ზაფხულის სეზონზე ტკიპებით გადამტან დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF), რომლის შემთხვევები საქართველოში ხშირად ფიქსირდება. ოფიციალური კვლევების თანახმად, ამ დაავადების ადამიანზე გადაცემა, ძირითადად, ტკიპის კბენით ხდება, თუმცა შესაძლებელია, ასევე, ინფიცირებული მსხვილფეხა საქონლის სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტით.

რამდენად სერიოზული პრობლემაა ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში, რა სიმპტომები აქვს დაავადებას და როგორ უნდა მოვიქცეთ – ამ და სხვა საკითხებზე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვესაუბრება.

– ქალბატონო მაია, რა უნდა ვიცოდეთ ყირიმ-კონგოს ცხელებაზე და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

– განსაკუთრებით წელს, ზაფხულის პერიოდში სხვადასხვა ბანაკიდან ჩამოსული სტუდენტები და მშობლები გვწერდნენ, რომ კანზე ჰქონდათ ჩაჭედილი ტკიპები. ზოგს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ან ტემპერატურა ჰქონდა, ზოგი ფიზიკურად ცუდად გრძნობდა თავს. ვალდებულებად ჩავთვალეთ და მე და ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ, უფასოდ ჩავუტაროთ ამ სტუდენტებს კონსულტაცია. ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი 1-დან 14 დღეა. მისი სიმპტომებია: ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები, სისხლჩაქცევები კანზე, თუმცა შეიძლება ყველა ეს სიმპტომი კლასიკურად არ იყოს გამოხატული. ლეტალობის მაჩვენებელია 10-40%. საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება. ყველაზე მეტი (47 შემთხვევა) დაფიქსირდა 2022 წელს (4 ლეტალური დასასრულით). შემთხვევების დიდი ნაწილი სამცხე-ჯავახეთზე მოდის, ასევე, გვხვდება ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს და დაავადების მართვა სიმპტომურად ხდება, ძირითადად, სტაციონარში. პროფილაქტიკური ვაქცინა არ არის შემუშავებული. ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში ნამდვილად არის საყურადღებო დაავადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პანიკა არ შევქმნათ. ეს არ არის ისეთი ინფექცია, რომელიც ყოველდღიურად და მასობრივად გადაეცემა მოსახლეობას. მთავარი რისკი დაკავშირებულია ტკიპებთან, ინფიცირებულ ცხოველებთან და კონკრეტულ პროფესიულ საქმიანობასთან. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ბუნებრივი ციკლი ჩვენს რეგიონშიც არსებობს და შესაბამისი ტკიპების, ცხოველებისა და ადამიანების ურთიერთქმედება ქმნის ინფიცირების შესაძლებლობას.

– ზოგიერთ წელს რატომ შეიძლება გაიზარდოს შემთხვევების რაოდენობა?

– დაავადების შემთხვევები წლიდან წლამდე შეიძლება მნიშვნელოვნად მერყეობდეს. გავლენას ახდენს ტკიპების აქტივობა, ამინდი და გარემო-პირობები, პირუტყვის გადაადგილება, ადამიანების პროფესიული საქმიანობა და ისიც, რამდენად აქტიურად ხდება დაავადების გამოვლენა და დიაგნოსტიკა. ამიტომ ერთი წლის მაღალი მაჩვენებელი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დაავადება ქვეყანაში მუდმივად იზრდება. საჭიროა რამდენიმე წლის დინამიკისა და რეგიონული მონაცემების შეფასება.

– რატომ არის სამცხე-ჯავახეთი მაღალი რისკის რეგიონი?

– აქ რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს: მეცხოველეობა, ადამიანების ხშირი კონტაქტი პირუტყვთან, ტკიპებისთვის ხელსაყრელი გარემო და დაავადების ბუნებრივი კერები. მაღალი რისკის რეგიონებში პრევენცია მხოლოდ ადამიანების დაცვას არ უნდა გულისხმობდეს, აუცილებელია ცხოველებისა და ტკიპების მონიტორინგიც.

– ვინ არის ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

– ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც ხშირი და უშუალო კონტაქტი აქვთ პირუტყვთან ან ტკიპებთან. ასეთებია: ფერმერები, მწყემსები, ვეტერინარები, სასაკლაოს თანამშრომლები, მონადირეები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები.
რისკი განსაკუთრებით იზრდება ცხოველის დაკვლისა და დამუშავების დროს, რადგან ინფიცირებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტი შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო.

– რამდენად ხშირად გადადის დაავადება ცხოველის სისხლთან კონტაქტით?

– ადამიანს ინფიცირებული ცხოველი შეიძლება გარეგნულად სრულიად ჯანმრთელი მოეჩვენოს, რადგან პირუტყვში ინფექცია ხშირად ⁰უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რისკი ნულია. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დაკვლისა და სისხლთან/ქსოვილებთან მუშაობის დროს.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა იყიდა ხორცი, რომელშიც იმყოფება ტკიპა, რამდენადაა შესაძლებელი, რომ თავად დაავადდეს?

– თუ ხორცი სათანადოდ არის თერმულად დამუშავებული, მისი მირთმევისას დაავადების რისკი ძალიან დაბალია. ხორცში ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა იკლებს ქსოვილის დამჟავებისა და მომზადების პროცესის, მათ შორის მოხარშვის/შეწვის, შედეგად.
უფრო რეალური რისკია უმი ხორცის დაჭრისას ინფიცირებული ცხოველის სისხლის მოხვედრა ჭრილობაზე, თვალში, პირში ან სხვა ლორწოვანზე. ეს უკვე ინფიცირებული ცხოველის სისხლთან/ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტია.

– რა სიმპტომებზე უნდა გაამახვილოს ადამიანმა ყურადღება?

– დაავადება ხშირად იწყება საკმაოდ მწვავედ – ცხელებით, ძლიერი თავის ტკივილით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, სისუსტით. შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შემდეგ კი, მძიმე შემთხვევებში – სისხლჩაქცევები და სისხლდენა. თუ ადამიანს ჰქონდა ტკიპასთან ან პირუტყვთან მნიშვნელოვანი კონტაქტი და შემდეგ მაღალი სიცხე განუვითარდა, ექიმმა ეს დაავადებაც უნდა გაითვალისწინოს.

– რამდენად რთულია ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა?                       

– საკმაოდ რთულია, რადგან პირველ დღეებში სიმპტომები სპეციფიკური არ არის. ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და სისუსტე უამრავ სხვა ინფექციასაც ახასიათებს. ამიტომ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია: სად იმყოფებოდა ადამიანი, ჰქონდა თუ არა ტკიპის კბენა, ჰქონდა თუ არა შეხება პირუტყვთან, მონაწილეობდა თუ არა დაკვლაში და ა.შ.

– რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ტკიპის კბენის შემდეგ?

– პირველ რიგში, ტკიპა უნდა მოიხსნას რაც შეიძლება სწრაფად. რეკომენდებულია წვრილი, წვერიანი პინცეტით ტკიპის კანთან რაც შეიძლება ახლოს მოჭერა და პირდაპირ, ფრთხილად ამოღება. არ უნდა დავასხათ ზეთი, სპირტი ან სხვა ნივთიერება, იმის იმედით, რომ ტკიპა თვითონ გამოვა. არც თითებით უნდა დავჭყლიტოთ. ამოღების შემდეგ ხელები და ნაკბენის ადგილი უნდა დამუშავდეს. თუ შემდეგ დღეებში განვითარდა ცხელება, ან სხვა საეჭვო სიმპტომი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

– რა არის ყველაზე ეფექტური პრევენცია?

– ამ დაავადების ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ მთავარი დაცვა არის ტკიპებთან და ინფიცირებული ცხოველის სისხლთან/ქსოვილებთან კონტაქტის შემცირება. ფერმერებმა და მწყემსებმა მუშაობისას უნდა ჩაიცვან გრძელმკლავიანი ტანსაცმელი და გრძელი შარვალი. სასურველია ღია ფერის ტანსაცმელი, რომ ტკიპა ადვილად შეამჩნიონ, გამოიყენონ შესაბამისი რეპელენტი, მუშაობის შემდეგ შეამოწმონ სხეული და ტანსაცმელი, პირუტყვთან, განსაკუთრებით დაკვლისას, გამოიყენონ ხელთათმანები და სხვა დამცავი საშუალებები.

– რა შეცდომას უშვებს მოსახლეობა ყველაზე ხშირად?

– ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა ტკიპის კბენის იგნორირება. ასევე ის, რომ ადამიანები ექიმს არ ეუბნებიან პირუტყვთან ან ტკიპებთან კონტაქტის შესახებ. როდესაც პაციენტს მხოლოდ ცხელება და სისუსტე აქვს, ეს ინფორმაცია შეიძლება დიაგნოსტიკის მიმართულებას მნიშვნელოვნად ცვლიდეს.

– თუ სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, როგორ ვმკურნალობთ პაციენტს?

– მკურნალობის საფუძველი არის ინტენსიური მხარდამჭერი თერაპია – სითხეების ბალანსის მართვა, ჟანგბადის, საჭიროების შემთხვევაში, მიწოდება, არტერიული წნევის კონტროლი, სისხლდენის მართვა და ორგანოთა ფუნქციების მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სამკურნალო წამალი არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ექიმს პაციენტისთვის არაფრის გაკეთება შეუძლია. სწორედ ხარისხიანი მხარდამჭერი თერაპია შეიძლება იყოს სიცოცხლის გადამრჩენი.

– რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ჰოსპიტალიზაცია?

– ძალიან მნიშვნელოვანია. ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე დღეში მნიშვნელოვნად დამძიმდეს. ამიტომ მაღალი რისკის ექსპოზიციისა და შესაბამისი სიმპტომების დროს სახლში თვითმკურნალობა არ არის სწორი სტრატეგია.

– რა ხდება მძიმე შემთხვევებში?

– მძიმე პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა, ჟანგბადი, სითხეების მართვა, სისხლდენის კონტროლი და ორგანოთა ფუნქციების მხარდაჭერა. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, ღვიძლის მწვავე უკმარისობა ან ფილტვის უკმარისობა.

– რამდენად მზად არის საქართველო ამ დაავადების შემთხვევებისთვის?

– საქართველოს აქვს ყირიმ-კონგოს ცხელების ლაბორატორიული ზედამხედველობისა და ეპიდემიოლოგიური რეაგირების გამოცდილება. ოფიციალურ დოკუმენტებში აღწერილია ამ დაავადებაზე რეაგირების დაფინანსების მექანიზმიც, რომელიც მოიცავს ფერმერების განათლებასა და ენდემურ ზონებში ვექტორების ზედამხედველობას, თუმცა მზადყოფნა მხოლოდ ლაბორატორიის არსებობას არ ნიშნავს. აუცილებელია მუდმივი ტრენინგი, რეგიონების ექიმთა ინფორმირებულობა და ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის სისტემების კოორდინაცია.

– იციან თუ არა რეგიონების ექიმებმა, როდის უნდა იეჭვონ ყირიმ-კონგოს ცხელება?

– ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. იგი იშვიათი დაავადებაა, ამიტომ ექიმი ყოველდღიურად მას ვერ წააწყდება. სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს მკაფიო კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ალგორითმი: ცხელება + შესაბამისი ექსპოზიცია = ყირიმ-კონგოს ცხელების გათვალისწინებას დიფერენციალურ დიაგნოზში. საქართველოში ჩატარებული კვლევითი პროგრამებიც სწორედ ადრეული ამოცნობისა და დიფერენციული დიაგნოსტიკის გაძლიერებას ემსახურებოდა.

– როგორ ხდება პაციენტთან კონტაქტში მყოფთა მონიტორინგი?

– აქ მთავარი არის რისკის შეფასება. უბრალოდ, ერთ ოთახში ყოფნა არ ნიშნავს ავტომატურად ინფიცირებას. ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის მთავარი რისკი დაკავშირებულია სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირ კონტაქტთან, განსაკუთრებით სამედიცინო გარემოში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე.

– რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება?

– უზომოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების შემთხვევაში პრევენცია უმეტესწილად სწორედ ადამიანის ქცევაზეა დამოკიდებული. რადგან ფართოდ ხელმისაწვდომი ვაქცინა არ არსებობს, ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ აირიდოს ტკიპის კბენა და როგორ დაიცვას თავი ცხოველის სისხლთან კონტაქტისას.

მარიამ ხითარიშვილი

 

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *