„ფერადი ნოტები“ – ბათუმურ სცენაზე
By

„ფერადი ნოტები“ – ბათუმურ სცენაზე

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჟანრობრივად მრავალფეროვანი საღამო გაიმართა. მსმენელმა ჯაზისა და ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების სინთეზი მოისმინა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აღიარებული მუსიკოსები: მაია ბარათაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, სოფო ხალვაში, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ტრიო – გიორგი რაქვიაშვილის (ფორტეპიანო), გიორგი სამსონაძისა (ბას-გიტარა) და გიორგი მელიქიშვილის (დრამერი) შემადგენლობით. საღამო არაჩვეულებრივად იყო გაფორმებული კომპანია „ჯი ემ ჯი არტის“ (დამფუძნებლები – მარინა სალუქვაძე და მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი) ვიდეორგოლებით. შედგა ზაზა მარჯანიშვილის სიმღერის პრემიერაც.

საღამო მაია ბარათაშვილს მიჰყავდა, რომელიც სცენაზე გაჟღერებული სიმღერების და მონაწილეების შესახებ გვიყვებოდა. თავად მაიამ რამდენიმე სიმღერა ინდივიდუალურად შემოგვთავაზა. როცა ზაზა მარჯანიშვილი დარბაზს წარუდგინა, აღნიშნა, რომ მუსიკოსი დიდი ხანი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც საკმაოდ აღმავალი კარიერა ჰქონდა, მან არაერთი ფილმისთვის, სპექტაკლისთვის დაწერა სიმღერა. ამასთან, არის ბრწყინვალე პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირებების, მედია ოპერების ავტორი. ის ამჟამად საქართველოში, თბილისში მოღვაწეობს. ზაზამ ბრწყინვალედ შეასრულა ფორტეპიანოზე მუსიკალური ნაწარმოები.

შემდეგ ნიჭიერმა მუსიკოსმა, შესანიშნავმა მომღერალმა დავით გველესიანმა მაია ბარათაშვილთან ერთად ექსპრომტად შესრულებული სიმღერა შემოგვთავაზა.

მაია ბარათაშვილმა ისევ „შეიყვანა“ მსმენელი „თავის სივრცეში“ და ანსამბლ „ბათუმთან“ და დარბაზთან ერთად ცნობილი „სულიკო“ შეასრულა.

– დღევანდელი საღამოს მთავარი ღერძი – წამყვანი და ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი მაია ბარათაშვილია. შესანიშნავად იმღერა (და ამას ყველა შეჩვეული ვართ,) ასევე, ერთად შევასრულეთ ქართული სიმღერა „მიმღერე“.მაიკო ძალიან დიდი ხელოვანია და მასთან ერთად გამოსვლა მუდამ მიხარია, – გვითხრა დავით გველესიანმა.

– დღეს მართლა არაჩვეულებრივი საღამო იყო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, რომელიც ჯაზსსა და სხვა ჟანრსაც აერთიანებდა. გამორჩეულია ასევე, ზაზას მუსიკა. შედგა სიმღერის პრემიერა, რომელიც ერთად შევასრულეთ მე და ზაზამ. ეს იყო მისი „სიმღერა ბათუმზე“, არაჩვეულებრივი და ცოტა განსხვავებული სხვა სიმღერებისგან. ძალიან მიხარია ისიც, რომ მაყურებელმა სხვა ამპლუაშიც მნახა და მომისმინა, მთავარი კი ისაა, რომ მსმენელმა სიმღერა კარგად მიიღო. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მონაწილეს და შემდგომი შემოქმედებითი წინსვლა, – გვითხრა სოფო ხალვაშმა, რომელმაც არა მხოლოდ სიმღერით, არამედ საქსოფონზე დაკვრითაც დაატკბო მსმენელი.

სიმღერის „,ბათუმს” პრემიერასთან ერთად, ამ სიმღერაზე შექმნილი ნიკუშა სალუქვაძის ვიდეოკლიპის პრეზენტაციაც გაიმართა.

– საღამოს „ფერადი ნოტები“ ერქვა. მუსიკას სწორედ ასე ვხედავ. ჟანრების სხვადასხვაობა იყო – ჯაზი, საესტრადო, ასევე, ქართული სიმღერები… საღამოში შესანიშნავი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მათთან ერთად დგომა სცენაზე დიდი პატივია და ძალიან გამიხარდა ის, რომ ექსპერიმენტებსაც ჰქონდა ადგილი. მე და დათო გველესიანს დიდი ხანია დაგეგმილი გვაქვს დუეტი და სწორედ ახლა მოგვეცა ამის საშუალება – სიმღერა „მიმღერე“ ექსპრომტად შევასრულეთ. ანსამბლ „ბათუმთან“ შესრულებული „სულიკო“ იყო ძალიან კარგი და მიხარია, რომ მაყურებელსაც მოეწონა. დიდი მადლობა ყველას – ორგანიზატორებს, თითოეულ ადამიანს, ვისაც საღამოს გამართვაში წვლილი მიუძღვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ბათუმს კიდევ ვესტუმრები და უფრო ვრცელ პროგრამას შევთავაზებ, – გვითხრა მაია ბარათაშვილმა.

– ძალიან თბილი, სასიამოვნო კონცერტი იყო, ბათუმური. მასში ყველაფერი იყო გაერთიანებული. ძალიან ვისიამოვნე. ამისთვის მონაწილეებს დიდი მადლობა, – გვითხრა ბათუმელმა მსმენელმა ნინო ჩხარტიშვილმა.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *