რეზო თებიძე – ცხოვრება პოეზიის ერთგულებით
პროექტ „მწერლის საათის“ ფარგლებში, აჭარის მწერალთა სახლში პოეტ რეზო თებიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შეხვედრა პოეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი პოეზიის სამყაროში კიდევ ერთხელ დაბრუნების, განვლილი შემოქმედებითი გზის გახსენებისა და იმ ადამიანური ღირებულებების წარმოჩენის შესაძლებლობად იქცა, მის ლექსებში განსაკუთრებული სიფაქიზით რომ იკითხება.
რეზო თებიძე რვა პოეტური კრებულის ავტორია, შემოქმედებითი გზა კი ათწლეულებს ითვლის. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის მწერალთა სახლმა მისი ახალი კრებული „გამხელილი ფიქრები“ გამოსცა. სწორედ ამ წიგნიდან წაიკითხეს საღამოს მონაწილეებმა ლექსები, რომლებშიც ავტორის ფიქრები, განცდები, სამშობლოს სიყვარული და ცხოვრებისეული დაკვირვებები ერთიანდება.
საღამოს დაწყებამდე პოეტს გავესაუბრეთ. საუბარი იმ ემოციით დაიწყო, რომელსაც მსმენელთან შეხვედრა და საკუთარი შემოქმედების გაზიარება იწვევს. მიუხედავად მრავალწლიანი ლიტერატურული გზისა, რეზო თებიძე ამგვარ ყურადღებას კვლავ განსაკუთრებული მღელვარებითა და მადლიერებით ხვდება.
„მსგავს შეხვედრებზე მუდამ ვღელავ, დღესაც ასეა. მადლიერების განცდა მაქვს. ვიღაცამ პატივი დაგდო, ცოტათი გაღიარა – ეს ყველას ახარებს ალბათ და მეც მიხარია. დიდი მადლობა ყველას“, – გვითხრა პოეტმა.

რეზო თებიძე პოეზიას ბავშვობიდან ეზიარა და დროთა განმავლობაში მისი სულის განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც თავად იხსენებს, ლექსების წერა ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას დაიწყო. თავდაპირველად ეს პროცესი მისთვისაც გაუცნობიერებელი იყო, თუმცა გარითმული სტრიქონების სიყვარული თანდათან ძლიერდებოდა. მეშვიდე-მერვე კლასში უფრო ინტენსიურად მიჰყო ხელი წერას. მასწავლებლები ზოგჯერ საყვედურობდნენ კიდეც, სწავლას მეტი დრო დაუთმეო, თუმცა პოეზიისგან თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო.
„თანდათანობით სულის ნაწილად იქცა ჩემთვის პოეზია. ავადმყოფობასავით შემეყარა და თავი არასდროს დაუნებებია, დღემდე ასეა“, – ამბობს რეზო თებიძე.
პოეტისთვის ლექსის დაბადება არც მხოლოდ ტკივილის და არც მხოლოდ სიხარულის შედეგია. ამბობს, რომ განცდას დრო სჭირდება, რათა ადამიანში დაილექოს, გადამუშავდეს და შემდეგ სიტყვად იქცეს. სწორედ ამ შინაგან პროცესს უკავშირებს შემოქმედებით შთაგონებასაც.

„დიდი ტკივილისა და სიხარულის დროს ვერაფერი დაიწერება, ჩემი აზრით. ყველაფერი უნდა გადაიხარშოს, დალაგდეს და შემდეგ წამოვიდეს ქვეცნობიერიდან თუ ცნობიერიდან, რომ რაღაც დაიწეროს. შთაგონებამაც თუ არ დაგამადლა, იწერება ლექსი“, – გვიზიარებს საკუთარ შემოქმედებით გამოცდილებას რეზო თებიძე.
როცა საკუთარ პოეზიაზე, მთავარ სათქმელსა და დანიშნულებაზე ვკითხეთ, პოეტმა გრიშაშვილის სიტყვები გაიხსენა: „ლექსი მსოფლიოს ეკუთვნის და პოეტი – სამშობლოს“. ეს ფრაზა თითქოს ზუსტად გამოხატავს რეზო თებიძის შემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს ხაზსაც – სამშობლოს, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფიქრს. მისთვის სამშობლო ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ადამიანი უნდა გრძნობდეს და რომლის უკეთესი ხვალინდელი დღეც უნდა სურდეს.

„წარმომიდგენია, რომ მომავალში ბედნიერი უნდა იყოს. დღეს რა გითხრათ? მე მინდა უფრო მოწესრიგებული სამშობლო“, – ამბობს პოეტი.
მის ლექსებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიყვარულსაც, სიყვარულს, რომელსაც საზღვრები არ აქვს და რომელიც ადამიანის სულს, ფიქრსა და შემოქმედებას ამოძრავებს. „სიყვარულს საზღვრები არ აქვს. სიყვარული აწერინებს ადამიანს“, – აღნიშნავს რეზო თებიძე.
საკუთარი შემოქმედების ერთ ლექსში მოქცევა რომ ვთხოვეთ, პოეტმა ის სტრიქონები გაგვიზიარა, რომლებშიც ერთგულება, შინაგანი სიმტკიცე, ტკივილი და დაუცხრომელი სული ერთიანდება:
„ყოველთვის ვიყავ ერთგული შენი
და ასე რატომ გამიმეტეო,
ეგ საყვედური შენ გშვენის, მე კი
ცეცხლწაკიდებულს ვგავარ მეტეორს.
ციცინათელები წერენ სტრიქონებს
დაგვიანებულ ბარათებივით,
მე სიკვდილშიაც თავს მოვიწონებ
ხანძრით გადახნულ-გადათელილი.
როდის ყოფილა გასაკვირალი
წუთისოფელი გადაგვემტეროს,
ოი, ძვირფასო, ამ საკირეში
ცეცხლწაკიდებულს ვგავარ მეტეორს!“
საღამოზე შეკრებილი საზოგადოება პოეტს განსაკუთრებული სითბოთი შეხვდა. მის მიმართ ნათქვამ თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა არა მხოლოდ შემოქმედების დაფასება, არამედ სიყვარული იმ ადამიანისადმი, რომლის პოეზიაც მისივე ხასიათს ჰგავს. დარბაზში არაერთხელ აღინიშნა რეზო თებიძის ლექსების სიღრმე, სათქმელის სიმძაფრე და გულწრფელობა. 80 წლის ასაკშიც, იგი იმ ბავშვური სიწრფელით იმზირება, რომელიც ადამიანს ყველაზე ძვირფას თვისებებს უნარჩუნებს. თავმდაბალი, უშუალო და თავისი საქმის ერთგული პოეტი დღემდე არ შორდება მშობლიურ მხარეს და ქართულ ენასა და ლიტერატურას ქედის მუნიციპალიტეტში ასწავლის. მისთვის პოეზია მხოლოდ დაწერილი სიტყვა არ არის, ეს ცხოვრების წესიცაა და იმ გარემოსთან კავშირიც, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურება.
პოეტს განსაკუთრებით მოეფერა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის რეზო თებიძე არა მხოლოდ შემოქმედი, არამედ მეგობარი, ღირსეული ადამიანი და მამულიშვილია, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ რეზო მეგობარია ჩემი. როგორც პოეტი, როგორც კაცი, როგორც პიროვნება, როგორც მამულიშვილი – ამ მცნებების გაერთიანებით ის ჩემი მეგობარია“, – აღნიშნა დავით თედორაძემ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეზო თებიძის ცხოვრებისეულ არჩევანზე, ერთგულებაზე იმ კუთხისა და სოფლის მიმართ, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.
„ვამაყობ, რომ ჩვენს კუთხეს ჰყავს ადამიანი, რომელიც რაიონში, სოფელში მუშაობს მთელი თავისი ცხოვრება და ახალგაზრდებს ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას“, – აღნიშნა მან.
როგორც დავით თედორაძემ გვითხრა, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო პოეტის საიუბილეო კრებულზე მუშაობა, რომლის რედაქტორიც თავად გახლავთ. მისი შეფასებით, „გამხელილი ფიქრები“ მხოლოდ ლექსების კრებული არ არის, ეს წიგნი ქართული სულითაა გაჟღენთილი, სამშობლოს მაჯისცემას მიყურადებული პოეტის სათქმელია.
„რეზო არის ნაღდი პოეტი, ერის სულიერებაში ჩაკირული, ჩადუღაბებული, ქვეყნის მაჯისცემას მიყურადებული, ქართული სულით გაჟღენთილი ლექსების ავტორი, პატრიოტი, მამულიშვილი, რომელიც გაცილებით წინ იხედება თავისი პოეზიით. ლექსის მწერალი უამრავია, პოეტი ძალიან ცოტაა და რეზო პოეტია, სახეებით აზროვნებს“, – აღნიშნა დავით თედორაძემ. მისივე თქმით, რეზო თებიძის შემოქმედების მთავარი ხაზი სამშობლოა, ფიქრი იმაზე, როგორ მოვუაროთ, როგორ ვეპატრონოთ წინაპრებისგან გადმოცემულ მემკვიდრეობას და როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა მანკიერი მხარეებისგან. პოეტის ლექსებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძმობას, მეგობრობას, ერთგულებასა და სამშობლოს შვილობას, თუმცა ამ ყველაფერს სიყვარულის მძაფრი განცდა სულ გასდევს.
დავით თედორაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ განსაკუთრებული ყურადღება და მოფერება სჭირდება რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ შემოქმედებს.
„რეზოს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დანარჩენი პოეზიით, მოღვაწეობით და ყველაფრით ასრულებული აქვს. ახლა წელთა სიმრავლესა და თავის ოჯახთან ერთად ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ“, – აღნიშნა მან.
რეზო თებიძის საღამო კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ნამდვილი პოეზია დროს არ ემორჩილება. ის ადამიანებს აერთიანებს და იმ ღირებულებებს გვახსენებს, რომელთა გარეშეც ცხოვრება ღარიბდება, პოეტი კი, რომელიც ამდენი წელია სიტყვით ემსახურება საკუთარ ქვეყანას, კვლავაც იმავე გულწრფელობით აგრძელებს გზას.
ჩვენც ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით სიხარულს ვუსურვებთ რეზო თებიძეს. დაე, მუზამ, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება, კიდევ დიდხანს არ უღალატოს და მისმა კალამმა კვლავაც გვაჩუქოს ლექსები, რომლებშიც სიყვარული, სამშობლო და ადამიანური სიწრფელე ასე ბუნებრივად თანაარსებობს.
ნანა აბულაძე