„როგორც ჩანს, თეთრ სახლში გრძნობენ, უკრაინისთვის რამდენად დრამატულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები“
გთავაზობთ ინტერვიუს ისტორიკოს გია ხელაშვილთან, რომელიც საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომსა და აშშ-ევროპის მოსკოვთან დამოკიდებულებაზე.
– ბატონო გია, რამდენიმე დღის წინ ნიუ–იორკში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. . .
– დიახ, რუბიომ რუსეთს ენერგეტიკული ზავი შესთავაზა, დაჰპირდა, რომ უკრაინა აღარ დაარტყამს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიას. მარტო ამ შეთავაზებიდანაც კარგად ჩანს, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას კიევის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად. . . მოკლედ რომ ვთქვათ, რუბიომ იგივე მოსთხოვა კრემლსაც ანუ შეწყვეტოს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განადგურება და მოხსნას საზღვაო ბლოკადა, რაზეც ლავროვისგან ცივი უარი მიიღო. მარკო რუბიოს თქმით, სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებებზე, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, ისევ ომის „პირველმიზეზებსა“ და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებზე ილაპარაკა. უკრაინის ხელისუფლების მიმართ ჩვეულებისამებრ გამოიყენა ტერმინები – „კიევის რეჟიმი“, „ტერორისტები“ და მკაცრად გააკრიტიკა მათი „ევროპელი სპონსორები“, რომლებიც მისი თქმით პირდაპირ მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ ომში (ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი. . .).
– აშშ ხომ ცდილობს ამ ორი ქვეყნის დაზავებას?
– რას ამბობთ, ბაიდენის ომი რომ უკვე ტრამპის ომია, ეს ნიუ-იორკში გამგზავრებამდე თქვა ლავროვმა, თუმცა დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გამო, არა მგონია, რუბიოსთვის ეთქვა, რუსეთის წინააღმდეგ, პირველ რიგში, აშშ რომ იბრძვის, ამერიკული იარაღის რეექსპორტის და მისი კოსმოსური დაზვერვის გარეშე კი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა კონფლიქტი. ეს რომ აქსიომაა, ორივე მხარემ ისედაც შესანიშნავად იცის.
ლავროვის განცხადებითვე: „რუსეთი ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის ომში პაუზას აღარ აიღებს და არ შეწყვეტს დარტყმებს. . . რომ არა „მაიდანი“ და რომ არა ბაიდენის ადმინისტრაციის და ევროპელების მაქინაციები, უკრაინა 1991 წლის საზღვრებს შეინარჩუნებდა, ახლა კი სხვაგვარად არის ყველაფერი“.
– ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან შესახვედრად. . .
– ეს განცხადება ზელენსკიმ ნიუ-იორკში გააკეთა, თუმცა არავინ დაიჯერა. კერძოდ, მან მზაობა გამოთქვა პუტინთან სამმხრივ ფორმატში (ტრამპი-პუტინი-ზელენსკი) შეხვედრის, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის პასუხი მოჰყვა: „პუტინმა თქვა, რომ ზელენსკის, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, მას უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, თუმცა მან მშვენივრად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“ – აშკარაა, რომ კრემლი კიევთან არავითარ ცეცხლის შეწყვეტასა და ფრონტის ხაზის „გაყინვაზე“ არ აპირებს მოლაპარაკებას, რუსეთი კვლავაც უმკაცრეს და უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის დამანგრეველ ულტიმატუმს აყენებს – დონბასის დარჩენილი ნაწილიდან უკრაინის ჯარების გაყვანა, ზაპოროჟიეს ჩაბარება (ეს პუნქტი არ ჰქონდათ რუსებს ადრე), მოსკოვის მიერ თავისად გამოცხადებული ყირიმისა და უკრაინის კიდევ ოთხი ოლქის რუსეთის შემადგენლობაში იურიდიული აღიარება, დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია (ანუ ბანდერას ნაცისტური იდეოლოგიის აკრძალვა), ნატოსა და სხვა ნებისმიერ სამხედრო ალიანსზე უარის თქმა და რეფერენდუმით განმტკიცებული ნეიტრალიტეტის გამოცხადება… ასევე, მთელ უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრა. აღნიშნული პირობები კი, ალბათ ხვდებით, რომ არა მხოლოდ უკრაინის უსიტყვო კაპიტულაციას, არამედ აშშ-ის და მთელი კოლექტიური დასავლეთისგან რუსეთთან დამამცირებელი სამხედრო მარცხის აღიარებას გულისხმობს. როგორც ჩანს, თეთრ სახლში გრძნობენ, უკრაინისთვის რამდენად დრამატულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამიტომ მოუწოდა დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჩავიდეს მოსკოვში და დადოს შეთანხმება პუტინთან. ეს უსიტყვო კაპიტულაციის აღიარებაა, რასაც არ და ვერ გააკეთებს ზელენსკი, მიუხედავად განცხადებისა, რომ თითქოს თანახმაა მოსკოვში ვიზიტზე… თუმცა ჩაუსვლელობაც შეიძლება კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის. კიევის და ოდესის აღება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი რომ აქვთ მოსკოვში, რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები – მედვედევი, სოლოვიოვი, დუგინი და კოროტჩენკო აღარ მალავენ….
– როგორც მედია იუწყება, უკრაინას კვლავ მიაქვს იერიში რუსეთის სხვადასხვა ობიექტზე. რისი იმედი აქვს?
– ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: წარმოუდგენელია, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და ხალხი, როდესაც იცი, რომ რუსეთის ნებისმიერ ობიექტზე შენი ერთი დრონის შეჯახებას ასით და ორასით უპასუხებს მოწინააღმდეგე. და მაინც განაგრძობდე ამერიკელი და ევროპელი ბატონების ბრძანებით იმავეს კეთებას. უკვე მერამდენე დღეა, მოსკოვი უკრაინას რეაქტიული დრონებით შეუტევს. ურტყამენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრებს, სურსათის საწყობებს, ბენზინ-გასამართ სადგურებს, ლოგისტიკას, უცხოური კომპანიების ოფისებს, ქარხნებს, სამხედრო ობიექტებს და სატრანსპორტო კვანძებს, დარტყმა განხორციელდა კიევის ვაგზალზეც, მთელი ქალაქი ცეცხლში და კვამლშია გახვეული… კიევში აფეთქებები ამ წუთშიც გრძელდება…. უწყვეტ რეჟიმში იბომბება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ასევე, ოდესაში, დნიპროში, პოლტავაში, ჩერნიგოვში, ხარკოვში, სუმში, ჟიტომირში, ვინიცაში, ხერსონში, კრივოი როგში, ნიკოლაევში…იწვის და ნადგურდება ყველაფერი, სასტიკად იბომბება ფრონტისპირა ზაპოროჟიე და უკრაინული არმიის პოზიციები სლავიანსკსა და კრამატორსკში….და ეს ხდება უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის სრული კოლაფსის პირობებში (არათუ ბალისტიკურ რაკეტებს, რეაქტიული „შაჰედების“ 10%-საც ვერ აგდებენ). მოკლედ, აშშ-ნატო უკრაინიდან ურტყამენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს, პასუხს კი ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინელები აგებენ.
– რა მდგომარეობაშია ამჟამად უკრაინის ეკონომიკა?
– უკრაინაში დღეის მდგომარეობით სრულად არის განადგურებული ევროპაში უდიდესი (რუსეთის შემდეგ) მეტალურგიული ინფრანსტრუქტურა, სამივე დიდი ქარხანა, სადაც იწარმოებოდა ფოლადი, მიწის პირისაგან არის აღგვილი… 50%-ით არის განადგურებული სასაწყობე ინფრასტრუქტურა (მათ შორის სურსათის და მედიკამენტების), ერთ ლიტრ საწვავზე ფასმა მიაღწია 100 გრივნს, მთელ რიგ ქალაქებში საერთოდ არ იშოვება საწვავი, ქვეყანა ზღვიდან სრულად არის ბლოკირებული, შეწყვეტილია იმპორტი და მარცვლეულის ექსპორტი, პირწმინდად არის განადგურებული უკრაინის ყველა პორტი და მთელი სავაჭრო ფლოტი, ასევე განადგურებულია სალოკომოტივე პარკის 80%, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რუსეთის სარაკეტო დარტყმები პოლონეთის, რუმინეთის და მოლდოვის საზღვრების მთელ პერიმეტრზე არსებულ ლოგისტიკურ მარშრუტებზე, საიდანაც დასავლური იარაღით მარაგდება უკრაინის შეიარაღებული ძალები.
ბოლო ერთ თვეში განადგურებულია 600-ზე მეტი ნავთობსაცავი, ხოლო სარკინიგზო ლოგისტიკა ისეთი ტემპით ნადგურდება, რომ უკვე 2027 წლის დადგომამდე სრულად გაჩერდება. ასევე, განადგურებულია მთელი ენერგეტიკული სექტორი, ატომური ელექტროსადგურების გარდა… პენსიებისა და ჯარის დასაფინანსებლად ბიუჯეტში აღარ არის ფული, ეს ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ უკრაინა 2027 წლამდე შეიძლება ვეღარ მივიდეს. ზელენსკის გარემოცვას ორი გზა აქვს დარჩენილი – ან უსიტყვო კაპიტულაცია, ან ბირთვული ომის პროვოცირება (მაგ. ტერორისტული დარტყმების განხორციელება ზაპოროჟიეს ან კურსკის ატომურ სადგურებზე), რის შემდეგაც რუსეთი უკრაინას და მის მოკავშირეებს უბრალოდ რუკიდან წაშლის. ამას წერს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსანდრე დუბინსკი და ამ დროს ჩვენი ლიბერალური მედია იმას აჩვენებს და ერთობა, თუ რა უკრაინის ლიდერმა რუს ჟურნალისტს კითხვაზე. „მოსკოვში როდის ჩამოხვალ“, „რაკეტით?“ რომ უპასუხა და ბედნიერები მისი „მოსწრებული“ პასუხით ხარობენ, აუ, რა მაგარია „ზელე“, როგორი მოსწრებული პასუხი გასცაო …იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მსოფლიო უკვე ფუნდამენტურად განადგურებული უკრაინის სახელმწიფოებრიობის ანულირების დასკვნით ფაზას უყურებს, ქვეყნისას, რომლის გადარჩენას უშედეგოდ ცდილობს ამ ომის მთავარი დამნაშავე – ამერიკის შეერთებული შტატები.
სხვათა შორის, ისიც საგულისხმოა, რომ რუსებმა უკრაინაში ტელევიზია გათიშეს – კიევში უკრაინული ტელეარხების სიგნალი მასობრივად გაქრა. ზოგიერთი კი მუშაობას ხარვეზით განაგრძობს. უკრაინელი Telegram-არხების ცნობით, ეს შესაძლოა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგი იყოს. ასეთივე ვითარებაა ინტერნეტთან მიმართებაშიც.
– უკრაინაში არსებულ კორუფციაზეც საუბრობენ. რომელი უწყება აშუქებს ამ ფაქტებს?
– უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (САП) აქვეყნებენ ოფიციალურ მასალებს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, დღესდღეობით, ომში მყოფი უკრაინაა. მართლაც, დღე არ გავა, რომელიმე მაღალჩინოსნის ოფისში თუ სეიფში აშშ-ის დაქვემდებარებულმა დეტექტივებმა ასობით მილიონი დოლარი ან ევრო არ ნახონ….. ქვეყნის ყოფილი მეორე პირის ანდრეი ერმაკის, ყოფილი თავდაცვის მინისტრ რეზნიჩენკოს თუ ახლახან მოხსნილი გენპროკურორის კრავჩენკოს მილიონებით გადაჭედილი სეიფი ხომ მთელმა მსოფლიომ იხილა…. მოკლედ, ძარცვავენ ეს ნაძირლები საკუთარ არმიას და ომით გაწამებულ ხალხს… უკრაინელ ჯარისკაცებს ფრონტზე ხოცავენ, არაუკრაინელი ლიდერები კი (ზემოთ ხსენებული ჩინოვნიკები ებრაელები არიან) მილიარდებს ქაფავენ.
– ზელენსკიზე რას ამბობენ?
– იქამდეც მივლენ, მხოლოდ ეგ დარჩა, მაგრამ ჯერ სჭირდებათ, შემდეგ მოკითხავენ მოპარულ იმ 50 მილიარდ დოლარს, რომელზეც მთელი უკრაინა და დასავლური პრესა ლაპარაკობს…
სხვათა შორის, 23 სექტემბერს НАБУ-ს დეტექტივებმა ჩაატარეს ჩხრეკა თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის არსენ ჟუმადილოვის (გამოიცანით ეროვნება) ოფისებში. ამოიღეს 140 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, რომელიც შეფუთული იყო Haier-ის მაცივრების ყუთებში. ერთ-ერთ ყუთზე იყო სტიკერი წარწერით Слузі народу („ხალხის მსახურს“). ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მისი შვილები უკრაინისთვის არ იბრძვიან, რადგან მათ აშშ-ის მოქალაქეობა აქვთ ანუ მაშინ, როცა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში ზელენსკის ფაშისტური „ესესი“ იტაცებს ადამიანებს და ხორცსაკეპში უშვებს უკრაინელი მაღალჩინოსნების შვილები, რომელთაც უპირატესად აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთის და ისრაელის მოქალაქეობა აქვთ, უცხოეთში ისვენებენ და მდიდრულ აპარტამენტებში ცხოვრობენ.
– ევროპა რუსეთთან ომისათვის ემზადება, მსგავს კონფლიქტს უნდა ველოდოთ?
– აქ სულ სხვაგვარად დგას საკითხი. ფაქტია, დასავლეთი ეიფორიაშია. ერთ დღეს გაიძახიან, რომ უკრაინაში რუსეთს ამარცხებენ, მეორე დღეს ყვირიან, რომ რუსეთს მათზე თავდასხმა აქვს განზრახული და განადგურებით ემუქრებათ პუტინი, მერე გამოდის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი და იქადნება, 2500 თვითმფრინავი გვყავს ევროპელებს და რუსეთს პოლონეთი, ნატოსთან ერთად, ამერიკის გარეშეც, სამ დღეში დაამარცხებსო. . . შემდეგ ცოტა აზრზე მოდის და ამბობს, ვიცი, რომ რუსეთი დარტყმას გვიპირებს, მალე დიდი კრიზისი დაიწყება ევროპაში, მე უკვე ვიზრუნე ჩემს ოჯახზე და სარდაფში მოვიმარაგე პროდუქტიო. . . მანამდე, ნიუ-იორკში შეხვედრაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ლავროვს მოუწოდა, ხელი აიღეთ ესკალაციაზე გერმანიის, ევროპის და ნატოს წინააღმდეგ, ვიცით, რომ ჩვენზე თავდასხმას გეგმავთო, რაზეც ლავროვმა ირონიით უპასუხა, ხომ უკვე დაგვამარცხეთ თქვენ და ზელენსკიმ, დამარცხებულები თავს როგორღა უნდა დაგესხათო და კიდევ ერთხელ სთხოვა – ჩამოყალიბდით – უკვე დაგვამარცხეთ, თუ აწი გვამარცხებთო…
ირმა ცეცხლაძე