როგორ დავიცვათ სახის კანი გამოშრობისგან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?
By

როგორ დავიცვათ სახის კანი გამოშრობისგან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?

შემოდგომისა და ზამთრის სუსხიან დღეებში სახის კანი განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს. არახელსაყრელმა გარემო პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილებები, როგორიცაა სიმშრალე და გაღიზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მოვუაროთ სახის კანს სწორად და რა უნდა გავითვალისწინოთ ცივ სეზონზე, რათა ჩვენმა კანმა  სიჯანსაღე  და ბუნებრივი სილამაზე შეინარჩუნოს. ამ აქტუალურ საკითხზე დეტალურად გვესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი სალომე ფირცხალავა.

– როგორ იცვლება სახის კანის მდგომარეობა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?
– შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გარემო პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კანის ბარიერულ ფუნქციაზე. დაბალი ტემპერატურა, ქარი და ჰაერის ტენიანობის ცვლილება ხელს უწყობს ტრანსეპიდერმული წყლის დანაკარგს, რის შედეგადაც კანი უფრო ადვილად კარგავს ტენიანობას, ხდება მშრალი, მგრძნობიარე და ზოგჯერ აქერცვლადიც.    თბილი გარემოდან ცივ გარემოში   გადასვლა და პირიქით, აპროვოცირებს კაპილარული ქსელის აქტივაციას, მიდრეკილებას  კუპეროზისკენ  და როზაცეასკენ, თუმცა იდეალური პერიოდია პიგმენტაციისა და აკნეს სამკურნალოდ, რადგან მზის სხივები ნაკლებ მწეველია და აქტიური ნივთიერებების გამოყენებისას მზის სხივებით გამოწვეული გართულებების ნაკლები რისკია. რაც შეეხება მშრალ და თხელ კანს,  ამ პერიოდში  მარტივად მოწყვლადია, რადგან ინტენსიური დატენიანების მიუხედავად, დაჭიმულობის შეგრძნება მატულობს და ძლიერი გამოშრობისას წვრილი ნაოჭების რისკიც იზრდება.
– რა თავისებურებებით უნდა გამოირჩეოდეს სახის კანის ყოველდღიური მოვლა ცივ სეზონზე?
– რა თქმა უნდა, კანის მოვლა ზამთარშიც  კანის ტიპის მიხედვით ხდება. ცივ სეზონზე კანის მოვლის მთავარი პრინციპი ბარიერული ფუნქციის შენარჩუნება და კანის სათანადო დატენიანებაა. დიდი მნიშვნელობა აქვს დასაბან და გამწმენდ საშუალებებსაც, რომლებიც არ არღვევს კანის ბუნებრივ ლიპიდურ შრეს, რა თქმა უნდა, კანის ტიპის შესაბამისად. თუ მშრალი კანის პირობებში უპირატესობა ენიჭება უფრო ნაზ და დამატენიანებელი კომპონენტებით სავსე პროდუქტს, აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში  აუცილებელია,  პროდუქტი კონკრეტულად აკნესკენ მიდრეკილი  კანის ხაზიდან ავარჩიოთ. საღამოობით რუტინაში შეგიძლიათ ჩართოთ აქტიური ინგრედიენტები, როგორებიცაა: აზელაინის მჟავის, გლიკოლის მჟავის, სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქცია, რეტინოლი, აკნეს შემთხვევაში – ტოპიკური რეტინოიდები და სხვა.
– კანის რომელ ტიპს სჭირდება  განსაკუთრებული  ყურადღებას ცივ სეზონზე?
–
მშრალ, მგრძნობიარე და დეჰიდრატირებულ კანს, თუმცა მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ კანის ტიპი და კანის მდგომარეობა -ცხიმიანი კანიც შეიძლება იყოს დეჰიდრატირებული და დაზიანებული ბარიერული ფუნქციით.
მშრალი კანი ბუნებრივად გამოირჩევა ლიპიდების ნაკლები შემცველობით, ამიტომ სიცივისა და ქარის პირობებში უფრო ადვილად კარგავს ტენიანობას, ხშირად იმატებს სიწითლე, წვა, დაჭიმულობის შეგრძნება და რეაქცია კოსმეტიკურ პროდუქტებზე. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის გამართლებულია მრავალსაფეხურიანი მოვლა. მათ რუტინაში შესაძლებელია იყოს როგორც დამატენიანებელი შრატი, ემულსია, სქელი ცხიმიანი კრემი, ასევე  პანთენოლის შემცველი პროდუქცია. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ როზაცეისა და ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებს, რადგან გარემო ფაქტორებმა შესაძლოა მათი მდგომარეობა გაამწვავოს და გარდა კარგი დატენიანებისა, სრულიად შესაძლებელია მათი მდგომარეობის მართვაც დერმატოლოგიური დანიშნულებით.
– რა ინგრედიენტებს უნდა
მივაქციოთ  ყურადღება სახის მოვლის საშუალებების შერჩევისას?
–
ინგრედიენტებს, რომლებიც კანს ატენიანებს, აღადგენს მის ბარიერულ ფუნქციასა და ამცირებს წყლის დანაკარგს, ასევე – კანის გასაუმჯობესებელ აქტიურ ნივთიერებებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი: კერამიდებს, რაც ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენასა და გაძლიერებას, ჰიალურონის მჟავას, რაც იზიდავს და აკავებს წყალს კანში, გლიცერინს, რომელიც ეფექტური დამატენიანებელი კომპონენტია, პანთენოლს, რაც ამშვიდებს კანს და ხელს უწყობს ბარიერის აღდგენას და ნიაცინამიდს, ეს კი აუმჯობესებს ბარიერულ ფუნქციას და ხელს უწყობს სიწითლის შემცირებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეს პროდუქცია ყველა ადამიანისთვის სარგებლის მომტანი არაა, ამიტომ ინდივიდუალურად კანის ტიპიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს მისი მოვლის საშუალებებიც.
– რამდენად აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ზამთარში?
– მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება ( SPF) აუცილებელია მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ზაფხულში. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მზის გამოსხივების ინტენსივობა შედარებით დაბალია,  ულტრაიისფერი სხივები მცირე რაოდენობითაც კი  იწვევს  სახის კანის ფოტოდაბერებას, პიგმენტაციისა და კანის სტრუქტურულ ცვლილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SPF-ის  გამოყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ პიგმენტაციისკენ მიდრეკილება, იყენებენ რეტინოიდებს ან გადიან ქიმიური პილინგისა და ლაზერული პროცედურების კურსს. ჩემი რეკომენდაციაა, ყოველდღიურად ფართო სპექტრის SPF 30-50-ის გამოყენება, ამინდის მიუხედავად. თუ დიდი ხნით ვართ გარეთ, საჭიროა მისი განახლება დაახლოებით ყოველ ორ საათში ერთხელ.
– თუ შეიძლება უფრო დეტალურად განგვიმარტეთ, რატომ მიიჩნევა შემოდგომა-ზამთარი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებისთვის ხელსაყრელ პერიოდად?
–  ეს პერიოდი  ხელსაყრელია  გარკვეული ესთეტიკური პროცედურებისთვის, რადგან ამ დროს, როგორც ზემოთ ვთქვი, მზის ინტენსიური გამოსხივება შედარებით ნაკლებია და პაციენტებს უადვილდებათ მზისგან თავის არიდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროცედურების შემდეგ, რომლებიც იწვევს კანის დროებით მექანიკურ გაღიზიანებას, რასაც ხშირად თან ახლავს კანის სიმხურვალე და სიწითლე.  შესაბამისად,  რეაბილიტაციის პროცესს ართულებს ცხელი ტემპერატურა და მზის სხივები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სეზონი თავისთავად არ არის პროცედურის უსაფრთხოების გარანტია. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პროცედურები, პაციენტის კანის მდგომარეობა, ფოტოტიპი, პიგმენტაციისკენ მიდრეკილება, პროცედურის ტიპი და შემდგომი მოვლის წესების დაცვა.
– რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურებია განსაკუთრებით აქტუალური ამ სეზონზე?
–
აქტუალურია ქიმიური პილინგები – კანის განახლებისა და პიგმენტაციის კორექციისთვის. ასევე, მოთხოვნადია ლაზერული პროცედურები პიგმენტური ლაქების, სისხლძარღვოვანი ცვლილებების, აკნეს შემდგომი ნაწიბურების მოსაშორებლად და კანის ტექსტურის გასაუმჯობესებლად; მიკრონიდლინგი- კანის განახლების, ტექსტურისა და აკნეს შემდგომი ნაწიბურების კორექციისთვის; ბიორევიტალიზაცია და კანის ხარისხისკენ მიმართული მსგავსი ინექციური პროცედურები – კანის დატენიანებისა და ვიზუალური ხარისხის გასაუმჯობესებლად.
პროცედურის შერჩევა ყოველთვის ინდივიდუალური უნდა იყოს. მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სეზონური ან ტრენდული პროცედურის შაბლონური ჩატარება, არამედ პაციენტის კანის და სახის სტრუქტურის რეალური საჭიროებების შეფასება.
– რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ქალბატონები  სახის კანის მოვლისას?
– პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ზედმეტი მოვლაა. ხშირად პაციენტები ერთდროულად იყენებენ ბევრ აქტიურ ან უხეშ ინგრედიენტს,  მჟავებს, რეტინოლს, სკრაბებს, რაც საბოლოოდ, კანის ბარიერის დაზიანებას იწვევს. ასევე ხშირია კანის ზედმეტად ხშირი დაბანა და აგრესიული გამწმენდი საშუალებების გამოყენება, დამატენიანებელი კრემის არასაკმარისი ან ზედმეტი გამოყენება, მზისგან დამცავი საშუალების მხოლოდ ზაფხულში გამოყენება, აქტიური ინგრედიენტების არასწორი კომბინაცია, კანის ტიპისა და მდგომარეობის გაუთვალისწინებლად პროდუქტების შერჩევა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული რჩევების ბრმად მიყოლა, სახლში დამზადებული კრემების, ნიღბების ან ზეთების გამოყენება, უხეში სკრაბებით სარგებლობა. კანის მოვლა არ ნიშნავს რაც შეიძლება მეტი პროდუქტის გამოყენებას, ხშირად, სწორად შერჩეული რამდენიმე პროდუქტი გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე გადატვირთული – 10 ან მეტსაფეხურიანი რუტინა.
–  ზამთარი გვიახლოვდება, რას ურჩევდით მკითხველებს,  როგორ შეინარჩუნონ ჯანსაღი, დატენიანებული და მოვლილი კანი ზამთრის განმავლობაში?   
– კანის მოვლა აღვიქვათ არა როგორც სეზონური პროცესი, არამედ როგორც ყოველდღიური ჩვევა. ზამთრის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე ძირითად პრინციპს: გამოიყენეთ ნაზი გამწმენდი საშუალება, რომელიც არ არღვევს კანის ბუნებრივ ბარიერს, შეარჩიეთ თქვენი კანის მდგომარეობისთვის შესაბამისი დამატენიანებელი კრემი, არ დაივიწყოთ SPF 30-50, მაშინაც კი, როცა მოღრუბლული ამინდია, მოერიდეთ ძალიან ცხელ წყალს, თუ კანი გამოხატულად მშრალი ან გაღიზიანებულია, დროებით შეამცირეთ აქტიური ინგრედიენტების გამოყენება, შეინარჩუნეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი, მიიღეთ საკმარისი წყალი და იზრუნეთ ძილის ხარისხსა და ფიზიკურ აქტივობაზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ჯანსაღი კანი არ არის აუცილებლად იდეალურად გლუვი, ფორების გარეშე ან სრულიად უნაკლო კანი. მთავარი მისი ჯანმრთელი ბარიერული ფუნქცია, კომფორტი და ბუნებრივი იერსახეა. ჩემი მთავარი რჩევაა, ნუ დაელოდებით კანის გამოშრობას, გაღიზიანებას, ნაოჭების ან პიგმენტაციის გაჩენას, პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივი, ბიუჯეტური და ეფექტურია, ვიდრე უკვე განვითარებული პრობლემების მკურნალობა.

თამარ ლამპარაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *