როცა ნიღაბი საკუთარ თავთან შეხვედრად იქცევა – „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ პრემიერა გაიმართა – წარმოდგენა, რომელმაც მაყურებელი არა მხოლოდ იუმორითა და მუსიკალური ენერგიით, არამედ ემოციური სიღრმითა და მრავალშრიანი სათქმელითაც მიიზიდა. იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთი შეხედვით მსუბუქი კომედიის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა იგი უფრო მეტად ადამიანის იდენტობაზე, შინაგან თავისუფლებაზე, მარტოობასა და საზოგადოების მიერ თავსმოხვეულ როლებზე გვიყვება.
მოქმედება 1920-30-იანი წლების ამერიკაში, მაფიოზურ ეპოქაში ვითარდება, სამყაროში, სადაც ჯაზი, ხმაური, ბრჭყვიალა სცენები და გაქცევის მუდმივი განცდა დიდ თეატრალურ ქაოსად ერთიანდება. სწორედ ამ გარემოში აღმოჩნდება ორი მუსიკოსი, რომლებიც შემთხვევით დანაშაულის მოწმეები გახდებიან და სიცოცხლის გადასარჩენად ქალის როლის მორგება უწევთ. ქალთა ორკესტრში მოხვედრა თავდაპირველად მათთვის მხოლოდ გადარჩენის გზაა, თუმცა თანდათან ეს თამაში შინაგან გარდასახვად და საკუთარი თავის შეცნობის პროცესად იქცევა.
სპექტაკლი განსაკუთრებული სიფაქიზით წარმოაჩენს იმ უხილავ ნიღბებს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებენ. სიცილისა და კომიკური სიტუაციების მიღმა მკაფიოდ იკითხება შიში, დაუცველობა, სიყვარულის ძიება და სურვილი – ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. სწორედ ამ კონტრასტზე – იუმორსა და სევდას, მუსიკასა და შინაგან ტკივილს შორის დგას წარმოდგენის მთავარი ემოციური ძალა.

„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ მხოლოდ გასართობი კომედია არ არის. ეს არის სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს ფიქრის სურვილს უტოვებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რამდენად რთულია საკუთარი თავის შენარჩუნება სამყაროში, სადაც საზოგადოება ადამიანებს მუდმივად გარკვეული როლების მორგებას აიძულებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალის პერსონაჟიც, რომლის ოცნებებსა და იმედგაცრუებებში მარტოობა და სიყვარულის მუდმივი მოლოდინი იკითხება.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებლის ხანგრძლივმა აპლოდისმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა თავიანთი ოსტატობით, გარდასახვის უნარითა და სცენური ენერგიით განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. მათი შესრულება იუმორსა და ემოციურ სიღრმეს შორის ბუნებრივ ბალანსს ქმნიდა, რამაც წარმოდგენა მაყურებლისთვის დასამახსოვრებელ თეატრალურ მოვლენად აქცია.

სპექტაკლის მთავარი სათქმელის, ჟანრობრივი სირთულეებისა და მაყურებელთან ემოციური კავშირის შესახებ რეჟისორი გოჩა კაპანაძე გვესაუბრა. მისი თქმით, წარმოდგენის მთავარი ამოცანა მხოლოდ მაყურებლის გაცინება არ ყოფილა და ამის მიღმა ბევრად უფრო ადამიანური და სევდიანი ამბავი იმალება.
– ძალიან რთული იყო, ჟანრობრივად ზუსტად განგვესაზღვრა სპექტაკლის ფორმა. საკმაოდ სარისკო გზაზე წავედით – ეს არის ფარსისა და კომედიის ნაზავი, თუმცა ამ ფორმაშიც მინდოდა ადამიანურ ტკივილზე, მარტოობაზე, გარიყულობასა და იმაზე გვესაუბრა, როგორ ახერხებს ადამიანი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც ადამიანად დარჩენას.
სპექტაკლში არის ფრაზა – „მე ფულისთვის და მილიონერი ქმრების საძებნელად არ ჩამოვდივარ ფლორიდაში, მთავარია, მე შემიყვარდეს“. სწორედ სიყვარულია აქ მთავარი. მიუხედავად ფარსული ფორმისა და თანამედროვე აქცენტებისა, პიესის არსი სიყვარულში, მეგობრობაში, ადამიანების გვერდით დგომასა და ერთგულებაშია.
30-იანი წლების ჩიკაგო ამ შემთხვევაში უფრო ფორმაა, ვიდრე არსი. ჩვენთვის მთავარი იყო ის ღირებულებები, რომლებიც დროს არ ექვემდებარება. მინდოდა, მაყურებელი დარბაზიდან კარგი განწყობით გასულიყო, თუნდაც იმ ორი საათის განმავლობაში დაევიწყებინა საკუთარი პრობლემები.
კომედიისა და ფარსის შერწყმა თითქოს ახალი არ არის, თუმცა ამას თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. ვფიქრობ, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა ამ სირთულეს ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი, თან საკმაოდ მოკლე დროში.

დღეს ხშირად ვამბობთ, რომ XXI საუკუნეში ცხოვრება გართულდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორი მძიმე იყო 20-იანი წლების ამერიკული დეპრესია, როდესაც მილიონრები ერთ ღამეში ღარიბდებოდნენ, ოჯახები ინგრეოდა, ადამიანები სასოწარკვეთამდე მიდიოდნენ. ყველა ეპოქას თავისი სირთულე აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, სირთულემ ადამიანი არ გატეხოს. ჩვენი სპექტაკლიც სწორედ ამაზეა – როგორი გარემოც უნდა იყოს, ადამიანმა ღირსება და შინაგანი ღირებულებები უნდა შეინარჩუნოს, ცხოვრებას ფეხი უნდა აუწყო, მაგრამ არსებობს ზღვარი, სადაც საკუთარ თავს უნდა უთხრა – „ამას მე არ გავაკეთებ“.
პიესაში თითქოს პატარა, მინავლებული ნაღმებია ჩამალული, რაც მას განსაკუთრებულ სიღრმეს სძენს. კომედიის მიღმა თითოეული პერსონაჟის სულიერი სამყარო, მისი მარტოობა, ტრაგედია, სიხარული და სილაღე იკვეთება. სწორედ ეს არის ამ სპექტაკლის მთავარი ხიბლი, – გვითხრა რეჟისორმა.
ბათუმელ მაყურებელზე საუბრისას გოჩა კაპანაძემ განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნა, რომ სწორედ მათი შეფასებაა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.
– ბათუმელი მაყურებელი ძალიან მიყვარს. ის მკაცრი და პრეტენზიულია, მაგრამ ეს პრეტენზია ინტელექტიდან და თეატრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან მოდის. ამავე დროს, ძალიან გულწრფელი და თბილი მაყურებელია. ერთხელ ჩემმა პედაგოგმა, დიდმა რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ მითხრა – თუ ბათუმში წარმატებას მიაღწევ, ჩათვალე, მსოფლიოს თეატრების კარი შენთვის ღიააო. მინდა, ამჯერადაც ბათუმელი მაყურებლის სიყვარული და კარგი შეფასება დავიმსახუროთ და მჯერა, ასე იქნება, – აღნიშნა გოჩა კაპანაძემ.
სპექტაკლის შესახებ ისაუბრა მსახიობმა ტამანგო ჯღერიამაც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა წარმოდგენის ემოციურ სიღრმესა და ანსამბლურობაზე.
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ მსგავსი მასშტაბისა და ენერგიის დადგმა ამ სცენაზე დიდი ხანია არ მინახავს. შეიძლება ეს სუბიექტურად ჟღერდეს, მაგრამ გულწრფელად ვამბობ – მთავარი როლების შემსრულებლები საოცარ საქმეს აკეთებენ, ხოლო ჩვენ, ვისაც ეპიზოდური როლები გვაქვს, ვცდილობთ, მთლიან ანსამბლში ის ერთიანობა შევინარჩუნოთ, რაც ამ სპექტაკლს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. მიხარია, რომ ეს მაყურებლამდეც მიდის.

სპექტაკლი ძალიან მხიარული და იუმორით სავსეა, თუმცა მის მიღმა დიდი სიყვარული დგას. მთავარი სათქმელი სწორედ ის არის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. ეს ყველაფერი მსუბუქად, ლაღად და იუმორით არის გადმოცემული, მაგრამ წარმოდგენა მხოლოდ სიცილი და გართობა არ არის, ის მაყურებელს ფიქრის სურვილსაც უტოვებს. როდესაც პერსონაჟების ურთიერთობებს, მათ გრძნობებსა და ემოციებს აკვირდები, ხვდები, რომ ბატონმა გოჩამ ეს ამბავი სცენაზე ძალიან ზუსტად და ადამიანურად გადაიტანა.
სპექტაკლზე მუშაობის პროცესი საოცრად საინტერესო და ბედნიერი იყო. მუსიკა, ქორეოგრაფია, მთლიანად ეს ატმოსფერო, ყველაფერი ძალიან ცოცხალი და ენერგიულია. ეს ორი თვე ჩვენთვის ლაღი შემოქმედებითი პროცესი აღმოჩნდა, დარწმუნებული ვარ, სპექტაკლის ნახვისას მაყურებელიც ბევრს იხალისებს, მაგრამ ამავდროულად, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზეც დაფიქრდება.
ვფიქრობ, ასეთი სპექტაკლები თეატრში აუცილებელია. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ თითოეულ პერსონაჟს (მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი როლია თუ მცირე) თავისი ხაზი და საკუთარი ხასიათი აქვს, რაც სპექტაკლს ბევრად უფრო ცოცხალსა და მრავალფეროვანს ხდის, – გვითხრა მსახიობმა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა და თავადაც სპექტაკლის მონაწილე კოტე მჟავიამ. მან მადლობა გადაუხადა რეჟისორს, შემოქმედებით გუნდს, მსახიობებს, ტექნიკურ გუნდს და მთავარ შემფასებელს – მაყურებელს.
– ორი თვის განმავლობაში ყველამ ერთად გავიარეთ შემოქმედებითი ძიების, შრომისა და ემოციური ჩართულობის გზა და დღეს შედეგს უკვე მაყურებელთან ერთად ვხედავთ. ვფიქრობ, კომედია ერთ-ერთი ყველაზე რთული ჟანრია – აქ ძალიან ფრთხილად უნდა იარო, თითქოს ბეწვის ხიდზე გადიხარ. ბატონმა გოჩამ და მისმა გუნდმა მოახერხეს, ეს რთული ბალანსი ზუსტად დაეცვათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს თეატრს კიდევ ერთი საინტერესო და გამორჩეული სპექტაკლი შეემატა. ვულოცავ ამ პრემიერას როგორც მთელ დასს, ისე ბათუმელ მაყურებელს და მადლობა ყველას იმ ემოციისთვის, რომელსაც დღეს სცენაზეც და დარბაზშიც ვგრძნობთ, – გვითხრა კოტე მჟავიამ.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ დარბაზში ემოციები დიდხანს არ განელებულა. მაყურებლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ წარმოდგენა მხოლოდ მსუბუქი კომედია არ ყოფილა და ეს იყო ორი საათი, რომელიც ერთდროულად განტვირთვის, ფიქრისა და ემოციური თანაგანცდის დროდ იქცა.
„ბევრი ვიხალისეთ, მაგრამ ამავდროულად, ბევრ რამეზეც დავფიქრდით“, – ისმოდა მაყურებელთა შორის.
„სპექტაკლი საოცრად ცოცხალი და ენერგიული იყო“, – აღნიშნავდნენ პრემიერიდან გამოსული სტუმრები.
„იუმორის მიღმა ძალიან ადამიანური და სევდიანი ამბავი იკითხებოდა“, – ამბობდნენ ისინი.
მაყურებლის შეფასებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა მსახიობების ანსამბლურობა, მუსიკალური გაფორმება, სცენური ენერგია და ის ემოციური სიღრმე, რომელითაც წარმოდგენა მხოლოდ გასართობ ჟანრს გაცდა. სწორედ ეს გახდა პრემიერის მთავარი წარმატებაც.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ბათუმის დრამატული თეატრის დასი საგასტროლოდ ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც, 23 მაისს, ყაზახი მაყურებლის წინაშე წარსდგება.
ნანა აბულაძე