რუსების თავდასხმის სამიზნე კიევი, ზაპოროჟიე და ხარკოვის ოლქი გახდა
რუსეთმა 22 სექტემბრის საღამოდან უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და მართვადი ავიაბომბებით მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმის სამიზნე კიევი, ზაპოროჟიე და ხარკოვის ოლქი გახდა.
უკრაინის დედაქალაქში დარტყმები რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. სოლომენსკის რაიონში ხანძარი სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა. გოლოსეევსკის რაიონში ცეცხლი სასაწყობო ფართობს გაუჩნდა, რუსული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა ავტოგასამართი სადგურიც.
დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურის სახურავს წაეკიდა ცეცხლი, ხოლო ერთ-ერთი უპილოტო აპარატი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ერთი ადამიანი.
ზაპოროჟიეში საჰაერო იერიშის შედეგად, ხანძარი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი.
ხარკოვის ოლქში რუსულმა ჯარებმა ქალაქ იზიუმს მართვადი ავიაბომბებით შეუტიეს. დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძარი. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი.
ქალაქ ხარკოვში, კიევის რაიონში, რუსულმა დრონებმა საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე მიიტანეს იერიში ავტომობილებზე. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.