რუსეთის და უკრაინის სამომავლო მიზნები…
By

რუსეთის და უკრაინის სამომავლო მიზნები…

საერთაშორისო არენაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთ-უკრაინის ომია, რომელიც მეხუთე წელია მიმდინარეობს. ექსპერტთა მოსაზრებით, ომი, გარკვეულწილად, ჩიხშია ანუ მნიშვნელოვანი უპირატესობა არავის აქვს და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს, ძირითადად, დრონების და ბალისტიკური რაკეტების საშუალებით ებრძვიან, რაც ომის ახალი ეტაპია. ვის მხარესაა ინიციატივა და რა მოლოდინი არსებობს ომთან მიმართებით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს ვთხოვეთ. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს.

 გიორგი კობერიძე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი :

– სანამ რუსეთ-უკრაინის ომში არ მოხდება ერთი ან ორივე მხარის სამხედრო გატეხვა (რაც არავინ იცის, როდის დადგება), ან არ შეიქმნება იმგვარი საერთაშორისო ვითარება, რომ ომის მოლაპარაკებებით დასრულებაზე ან ცეცხლის ფაქტობრივ ხაზთან შეწყვეტაზე (რასაც ახლა უკრაინა ითხოვს) იქნება საუბარი, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია.
ნაკლებად რეალისტური ვარიანტი დროებითი მშვიდობისა ისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვს აძლევს ხელს ხელახალი შეტევის დაგეგმვისა და მომზადებისათვის, რასაც უკრაინა მშვენივრად აცნობიერებს და უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე მტერს გადაჯგუფების დროს არ მისცემს. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ანადგურებენ. რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე, საკვებზე, წყალზე, საავადმყოფოებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებზე, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მაქსიმალურად გაიზრდება დარტყმების ინტენსივობა. მათი მიზანია, უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის გამოწვევით ზამთრის გადატანა უკიდურესად გაართულონ. თავის მხრივ, უკრაინელთა მხრიდან იქნება რუსეთის სიღრმეში ენერგოობიექტებზე, სამხედრო ლოგისტიკაზე, გემებსა და საკომუნიკაციო ქსელებზე მაქსიმალური წნეხის შექმნის მცდელობა. საზღვრისპირა გამშვები პუნქტები, საწყობები და სარკინიგზო კვანძები აქტიური დარტყმების სამიზნე გახდება. რუსეთი შეეცდება ევროპის წინააღმდეგ დივერსიები გაააქტიუროს. არ არის გამორიცხული, რუსული დივერსიული თავდასხმები არა მხოლოდ სამხედრო საწყობებზე, არამედ ენერგოობიექტებზეც კი ევროკავშირის ტერიტორიაზე. კრემლის მთავარი გათვლა შიშის დანერგვაა – ნარატივის შექმნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის პირობებში თავად ევროპა ვერ შეინარჩუნებს სტაბილურობას ზამთარში. ამ საფრთხეებზე ევროპის შიგნით აქტიურად საუბრობენ და ემზადებიან.

კობა ჯუმუშაძე, ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი:

– როგორც სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, გამოკვეთილი ინიციატივა არცერთ მხარეს არ მიეწერება. თუმცა უკრაინული მხარე, მიუხედავად განუწყვეტელი ზეწოლისა და რუსული მცირერაზმიანი შტურმებისა უკრაინის მიერ კონტროლირებად ზონებზე, მაინც ახერხებს ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ტერიტორიების გამოხსნას. მხოლოდ სექტემბერში უკრაინული მხარის მიერ უკან დაბრუნებული ტერიტორიების ფართობი, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ლიმანის მიმართულებაზე 200 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. რუსული მხარე, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, ზამთარს ელოდება, რათა უკრაინას არა უშუალოდ ბრძოლის ველზე შესაბამისი სამხედრო-ტაქტიკური უპირატესობით სძლიოს, რაც აქამდე ვერ შეძლო, არამედ ისევ ენერგო-ინფრასტრუქტურასა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმით გადაღალოს და აიძულოს დათმობაზე წასვლა. თუმცა უკრაინულმა მხარემაც კარგად უწყის ამ რუსული  „მიგნებების“ შესახებ და არც ისინი აკლებენ ხელს ზამთრის დადგომისთვის მზადებას. შესაბამისად, ახლო მომავალში ინიციატივებისა და ომის მიმდინარეობის კონკრეტული ტენდენციების მკვეთრ ცვლილებადობაზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია.

გელა ირემაძე, პოლიტოლოგი:

– მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომი ოთხ წელზე მეტია მიმდინარეობს და გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. ჩემი აზრით, რუსეთის არმიას აღარ შესწევს ძალა, რომ ფრონტის ხაზზე დიდი გარღვევა მოახდინოს, ძირითადად, რუსეთის არმია ბომბავს კიევს და კიევის ოლქს, ასევე – მშვიდობიან მოსახლეობას. მისი მიზანია, აიძულოს უკრაინა მიუღებელ კომპრომისზე წავიდეს. თავის მხრივ უკრაინაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთს. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო დანაკარგები ორივე მხარესაა, უკრაინის მხარეს საუკეთესო ნაწილი ნადგურდება, რუსეთის მხარეს კი, ძირითადად, არა რუსი სამხედროები. დღეს რუსეთი, ფაქტობრივად, მარტოა. მართლია ჩინეთი მისი მოკავშირეა, მაგრამ მასაც აქვს საერთაშორისო სანქციების გარკვეული შიში  და ღიად არ შეუძლია რუსეთის დახმარება. ჩინეთის მიზანია, ეს ომი რამდენიმე წლით გახანგრძლივდეს, ამით დაასუსტებს როგორც რუსეთს, ისე დასავლეთს. ვფიქრობ, რუსეთს არ ჰყოფნის სამხედრო პოტენციალი, რომ ეს ომი წარმატებით დაასრულოს… მოკლედ, თუ რუსეთი არ ჩასვეს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებში, მისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ!

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *