საბა ლაზიშვილი – ახალგაზრდა სპორტსმენი დიდი გამბედაობით
By

საბა ლაზიშვილი – ახალგაზრდა სპორტსმენი დიდი გამბედაობით

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, აბუ-დაბიში, RAF-ისთვის  (ამერიკული თავისუფალი სტილით ჭიდაობის პროფესიული ლიგა) ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები ზურგიდან თავს დაესხნენ.

,,სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი „ლუზერებივით“, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“, – ამბობს დვალიშვილი  საკუთარ ვიდეოში.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ  21 წლის  ქობულეთელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე  საბა ლაზიშვილი  მერაბს თავდამსხმელების მოგერიებაში ეხმარება და უკან არ იხევს. მისმა საქციელმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საბას ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა, რომელიც UFC-ის ყოფილი მებრძოლია, საჯაროდ გამოხატა სიამაყე უმცროსი ძმის მიმართ.

ჩვენ საბასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ  ვერ შევძელით, თუმცა გავესაუბრეთ მის მამას ანზორ ლაზიშვილს, რომელიც   აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.
– საბა  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრია და მოგებული აქვს არაერთი ტურნირი.  იგი მერაბს შეჯიბრებებში მომზადებისას ეხმარება და  აბუ-დაბიშიც  RAF-ის ეგიდით იმყოფება. საბა მუხლის ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი სპორტს ჩამოშორებული იყო, თუმცა ვარჯიში განაახლა. იგი UFC-ში გადასვლაზეც ფიქრობს და ამ მიმართულებით ძმის დახმარებით ემზადება. მინდა აღვნიშნო, რომ მაკგრეგორმა, ტაისონმა  და რამდენიმე სხვა სუპერვარსკვლავმაც  მოითხოვა საბას კონტრაქტი  UFC-ში და ველოდებით მოვლენების განვითარებას, – გვითხრა  ანზორ ლაზიშვილმა.

 თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *