„სადაც ქალაქზე ფიქრობენ“- ფილმი ბათუმის თვითმმართველობაზე
By

„სადაც ქალაქზე ფიქრობენ“- ფილმი ბათუმის თვითმმართველობაზე

„სადაც ქალაქზე ფიქრობენ“ – ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა ხელოვნების მუზეუმში შედგა.

ფილმი ქალაქ ბათუმის თვითმმართველობას ეძღვნება, რომელშიც წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპებია ასახული, გადმოცემულია მისი როლი და მნიშვნელობა ქალაქის ცხოვრებაში.

აღნიშნული ფილმი ბათუმის მერიის „თავისუფალი ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავთ ლიკა აროშიძე, იდეის ავტორი კი ბათუმის საკრებულოს ფრაქციის ,,ხალხის ძალა“ თავმჯდომარე ნინო ცხვარაძეა.

ფილმის პრემიერას ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ლადო მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი აჩიკო ბერიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე არაერთი ის ბათუმელი მოვიდა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქალაქის ისტორია.

გამომსვლელებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ფილმის შემქმნელებს.

ფილმის მნიშვნელობაზე არაერთი აზრი გამოითქვა.

ოთარ გოგოლიშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი:

– ფილმში, ძირითადად, ბათუმის თვითმმართველობაზეა საუბარი, რომელიც ერთ-ერთი პროგრესული ქალაქი იყო მრეწველობის მხრივ, აქ იყო როტშილდების, მანთაშევის, ნობელების მიერ დაფუძნებული უმსხვილესი ფირმები, ძალიან ბევრი შემოსავალიც ჰქონდა და დიდი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გადალახვაც უწევდათ ადგილობრივ ქართველებს. 1888 წლის 25 აპრილს (ბევრგან 28 აპრილს წერენ, მაგრამ, ვფიქრობ, 25-ია უფრო სწორი) ბათუმს თვითთმმართველი ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. ფილმში გადმოცემულია, როგორ დაიწყო ეს პროცესი, რა ხდებოდა პირველ პერიოდში, როგორი სიტუაცია იყო შექმნილი ბათუმში და რამ განაპირობა ფიქრი თვითმმართველობაზე… ეს რთული პროცესი იყო, რადგან ბათუმში, სხვა ქალაქებთან შედარებით, განსხვავებული პირობები იყო. ხელმძღვანელად, იმდროინდელი ჩინოვნიკების გარდა, ვერავინ დაინიშნებოდა. მიდიოდა საშინელი ანტიქართული პროპაგანდა. თვითმმართველობა ძირითადად, არაქართველი მოსახლეობით უნდა დაკომპლექტებულიყო. შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, უპირველესი კი ლუკა ასათიანის გამარჯვება იყო. ეს იყო წარმოუდგენელი რამ.

ლიკა აროშიძე:

– სცენარზე მუშაობისას, რა თქმა უნდა, უფრო ახლოს გავეცანი ქალაქის ისტორიას, რადგან როცა ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს თავზე იღებ, ეს აუცილებელია. სიღრმისეულად გავეცანი ცნობილი მკვლევრების ნაშრომებს, ძირითადად კი ბატონ თეიმურაზ კომახიძის ნაშრომს დავეყრდენი… წარმომადგენლობით ორგანოს ქალაქის განვითარებაში მთავარი როლი აკისრია. ფილმი, ძირითადად, ამაზეა. 37 წუთში შევეცადეთ, ჩაგვეტია ყველა ისტორიული ეტაპი, უმნიშვნელოვანესი ფაქტები.

სოფო ხალვაში, მერის მოადგილე:

– გამიხარდა, რომ ფილმის პრეზენტაციას ამდენი ადამიანი დაესწრო. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებს – ლიკა აროშიძესა და ნინო ცხვარაძეს. ბევრი დეტალი არ ვიცოდით და გავიგეთ. მწირი თანხის მიუხედავად, „თავისუფალი ინიციატივების“ პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. წარმატებებს ვუსურვებ ფილმის შემქმნელებს.

სოფო ბაკურიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე:

– მიხარია, რომ მომიწვიეთ. მართლაც არაჩვეულებივი პროექტია, მადლობა ყველას, ვინც მის შექმნაში მონაწილეობდა. ფილმში ძალიან ბევრი, დიდი მნიშვნელობის ისტორიული ფაქტია მოცემული, რომელსაც ჩვენი მეომავალი თაობაც გაეცნობა. ძალიან მიხარია, რომ ბათუმში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

თეონა ზოიძე, მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი:

– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავს პროექტებს ფართოდ გავუღოთ მუზეუმების კარი. ეს ფილმიც კარგი შენაძენია მუზეუმებისთვის – როგორც ფილმის იდეის ავტორმა გვითხრა, იგი გადმოეცემა მუზეუმებს და მის ფონდებში დაიდებს ბინას. ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობები მას აუცილებლად ნახავენ. ქალაქი, რომელსაც ჰქონდა თვითმმართველობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ნამდვილად უნდა იყოს საამაყო ახალგაზრდებისთვის.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *