„საერთაშორისო თამაშის წესები აღარ არსებობს, გავლენებს ხისტად ინაწილებენ სახელმწიფოები“…
გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტანალიტიკოს გია აბაშიძესთან, რომელშიც ის საუბრობს აშშ–ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ციურიხში, ტრამპის რეიტინგზე, ისრაელზე, ასევე უკრაინის მიერ რუსეთზე განხორციელებულ შტურმსა და მსოფლიოში არსებულ ურთულეს ვითარებაზე. მას მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს მდგომარეობა უსაფრთხოა.
– როგორ წარიმართა აშშ-ირანის მოლაპარაკებები შვეიცარიაში, რატომ დატოვა შეხვედრა ირანის დელეგაციამ?
– საკმაოდ საინტერესო კადრები გავრცელდა შვეიცარიიდან, სადაც კარგად ჩანს, რომ პაკისტანისა და კატარის შუამავლობით (ამერიკელები და ირანელები სხვადასხვა დარბაზში სხედან და მათ შორის შიკრიკობენ შუამავლები) აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა. სოცქსელში ცირკულირებს ასეთი ახსნაც: შეხვედრის არენაზე პირველი აშშ-ის დელეგაცია შევიდა ვენსის ხელმძღვანელობით. ეს უცნაური იყო, რადგან ის მხარე, რომელსაც უპირატესი პოზიცია აქვს, როგორც წესი, ბოლოს მოდის. ცოტა ხნის შემდეგ ირანის დელეგაციაც მოვიდა. მიესალმნენ შუამავალს, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს და აცნობეს, რომ ტრამპის მიერ ცოტა ხნით ადრე გამოთქმული მუქარის გამო მოლაპარაკებებზე უარს ამბობდნენ. ისინი ვენსს არ შეხვდნენ, ყველასათვის მოულოდნელად წავიდნენ… შარიფმა სთხოვა თავის „ბოსს“, გენშტაბის უფროსს, გავლენიან ასიმ მუნირს, ჩარევა, მაგრამ ეს უკანასკნელიც უმწეო ჩანდა, შორიდან აკვირდებოდა… ვენსი მიუახლოვდა და ჰკითხა, რა მოხდაო. შეძრწუნებულმა შარიფმა და მუნირმა ბოდიში მოუხადეს მას არსებული სიტუაციის გამო.
– როგორ შეფასდა ეს ფაქტი ოფიციალურად?
– კატარისა და პაკისტანის განცხადებით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი „პოზიტიურ, კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ დასრულდა და მიღწეულია „იმედისმომცემი პროგრესი“, ანუ თვლიან, პროგრესი მიღწეულია იმის მიუხედავად, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მოლაპარაკებები მიატოვეს პრეზიდენტ ტრამპის საჯარო მუქარის შემდეგ. ეს მოხდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტი ვენსი შვეიცარიაში თეირანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ჩავიდა.
– რაში გამოიხატება ეს პროგრესი?
- საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „ირანის აღორძინებისა და განვითარების მასშტაბური გეგმა უკვე გაშვებულია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გაუქმდა, ხოლო ქვეყნის აქტივების ნაწილი განბლოკილია. შუამავლების, პაკისტანისა და კატარის, განცხადებით, ვაშინგტონმა და თეირანმა ჰორმუზის სრუტის გასაკონტროლებლად შექმნეს „ცხელი ხაზი“, რათა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში „თავიდან აიცილონ ინციდენტები და არასწორი კომუნიკაცია, კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით“. თუმცა, კვლავ ბუნდოვანია, იქნება თუ არა ეს საკმარისი ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ბრძოლების შესაჩერებლად. ისრაელს, რომელსაც დაკავებული აქვს ლიბანი, მიაჩნია, რომ უნდა შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება იმ ბოევიკებზე დასარტყმელად, რომლებიც ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს ახორციელებენ. მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის კომიტეტის შექმნაზე, რომელიც უხელმძღვანელებს მედიაციის პროცესს. ასევე დასახულია 60-დღიანი საგზაო რუკა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
ტექნიკური ჯგუფები მუშაობას მიმდინარე კვირაშიც გააგრძელებენ შვეიცარიაში, რათა განიხილონ ბირთვული პროგრამის, სანქციების მოხსნისა და ირანის გაყინული აქტივების საკითხები.
– ტრამპის რომელი მუქარის გამო განაწყენდა ირანის ოფიციოზი?
– ტრამპის მიერ Fox News-ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა, განაახლოს ირანის დაბომბვა და „თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანოს“ ჰორმუზის სრუტე. მან ირანის დელეგაციას უთხრა, რომ „საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ დაბრუნდებიან“, თუ შეთანხმება არ შედგება… ცხადია, ამ განცხადებამ ირანის მთავარი მომლაპარაკებლის, მუჰამედ ბაღერ გალიბაფის მწვავე რეაქცია გამოიწვია – მან ტრამპის სიტყვებს ვაშინგტონის „სასოწარკვეთილება“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-მა სიტყვები ფრთხილად უნდა შეარჩიოს, რადგან ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან პასუხისთვის. თუმცა, კატარისა და პაკისტანის კულუარული დიპლომატიის წყალობით, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ და მთელი ღამე იმუშავეს.
აქვე არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ტრამპი მართლაც სასოწარკვეთილია, რადგან გამოუვალ მდგომარეობაშია. CSIS-ის (სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი) წინასწარი მონაცემებით, ირანის ომი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს დაახლოებით $40 მილიარდი დაუჯდა. ომმა ასევე გამოიწვია გლობალური ინფლაცია და ამერიკულ ოჯახებს საწვავის გაძვირების გამო დამატებითი ხარჯები მოუტანა.
– რამდენად არის შემცირებული ტრამპის რეიტინგი აშშ-ში?
– მოგეხსენებათ, ირანთან მყიფე, დროებით შეთანხმებაზე ტრამპს აკრიტიკებენ აშშ-ის „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფლანგებიდან (ისრაელზე აღარაა საუბარი, მას საკუთარი ეგზისტენციური საფრთხეები აქვს), თუმცა RealClearPolitics-ის მონაცემებით, ამერიკელი დემოკრატების უპირატესობა რესპუბლიკელებთან შედარებით 8.1 პროცენტული პუნქტიდან (მაისის ბოლოს) 4.8 პუნქტამდე შემცირდა. ეს ცვლილება განპირობებულია საწვავის ფასების კლებით. ირანთან გაფორმებულმა შეთანხმებამ დადებითად იმოქმედა ბენზინის ფასებზე, რამაც, თავის მხრივ, გააუმჯობესა რესპუბლიკელების პოზიციები. ისტორიული ტენდენციით, მოქმედი პრეზიდენტის პარტიას შუალედურ არჩევნებში წარმატების მიღწევა უჭირს. რესპუბლიკელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატების შესაძლო უმრავლესობა იყოს რაც შეიძლება მცირე (მაგალითად, თუ რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ მინიმუმ 210 ადგილს). ეს დემოკრატებს გაურთულებს პროცედურული ბერკეტების გამოყენებას ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბიუჯეტის დამტკიცების დროს.
– რას იტყვით უკრაინის მიერ რუსეთის დრონებით დაბომბვაზე, როგორ მოახერხა ზელენსკიმ ასეთი გრანდიოზული შეტევა?
– რა თქმა უნდა, ევროპის მხარდაჭერით… 18 ივნისის მასშტაბური შეტევა სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უპილოტო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ კოორდინირებული და ტექნოლოგიურად განახლებული ოპერაცია იყო. ამ თავდასხმის წარმატება რამდენიმე კონკრეტულმა საიდუმლო ტაქტიკურმა ელემენტმა განაპირობა. კერძოდ, მოხდა „ყრუ ზონების“ შექმნა ელექტრონული ჩახშობით. უკრაინულმა ძალებმა იერიშის დაწყებამდე გამოიყენეს ახალი თაობის მობილური რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) კომპლექსები უშუალოდ საზღვრისპირა ზოლში. მათ დროებით „დააბრმავეს“ რუსეთის სასაზღვრო ადრეული შეტყობინების რადარები და დაბალ სიმაღლეზე მომუშავე საჰაერო თავდაცვის აღმომჩენი სისტემები. ამან დრონების პირველ ტალღებს საშუალება მისცა, შეუმჩნევლად გადაეკვეთათ საზღვარი და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შესულიყვნენ, სანამ განგაში ჩაირთვებოდა.
ასევე, იყო დრონების ფუნქციური დიფერენციაცია (ეშელონირებული თავდასხმა), ანუ 900-ზე მეტი დრონი ერთდროულად და ქაოსურად კი არ მიფრინავდა, არამედ მკაცრად გადანაწილებული ფუნქციები ჰქონდათ. აქვე აღსანიშნავია კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასაბომბად შემუშავებული უნიკალური მარშრუტი: მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კაპოტნიას ქარხანაზე დარტყმისას, დრონებმა გვერდი აუარეს მოსკოვის გარშემო არსებულ ტრადიციულ საჰაერო თავდაცვის რგოლებს. მათ გამოიყენეს მდინარე მოსკოვის კალაპოტი. დაბალ სიმაღლეზე, წყლის ზედაპირიდან სულ რამდენიმე მეტრში ფრენისას, დრონები ეკრანირებული იყო მდინარის მაღალი ნაპირებითა და ხეებით, რის გამოც რუსულმა რადიოლოკაციურმა სისტემებმა მათი დაფიქსირება მხოლოდ მაშინ შეძლეს, როდესაც აპარატები უკვე უშუალოდ ქარხნის ტერიტორიას მიუახლოვდნენ.
ვინაიდან მოსკოვის ცენტრსა და სამრეწველო ზონებში GPS სიგნალი სრულად ჩახშობილი ან შეცვლილი (Spoofing) იყო, დრონების ბოლო ტალღამ გამოიყენა წინასწარ ჩატვირთული ციფრული რუკები და ინფრაწითელი კამერები. მიზანთან მიახლოებისას ხელოვნურმა ინტელექტმა ღამის ხედვის რეჟიმში ნავთობის რეზერვუარებისა და გამხდელი სვეტების სილუეტები ამოიცნო, რამაც უზრუნველყო ზუსტი მოხვედრა GPS კავშირის გარეშეც.
– უკრაინაში ომის დასრულებას აღარ უჩანს პირი, ამ შტურმის გამო კრემლი ძალიან გაბრაზებულია…
– უკრაინის ომი, რასაკვირველია, ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ რა ფასის გადახდა მოუწევთ ამისთვის გაუბედურებულ უკრაინელებს?! სრული სიცრუეა ბრიუსელის დაპირებები ევროინტეგრაციაზე.
– ისრაელ-აშშ-ის პარტნიორობა თითქოს დაირღვა…
– მოვიშველიებ ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის იაირ ლაპიდის განცხადებას, სადაც ზუსტად არის ასახული, თუ რა ვითარებაა დღეს იერუსალიმში. ის თვლის, რომ ნეთანიაჰუს მიერ ირანის ომის მართვა კატასტროფული იყო: „ისრაელელების უმრავლესობის მსგავსად, მეც მხარს ვუჭერდი ირანის წინააღმდეგ ომს. მაგრამ შეუძლებელია იმ გზის მხარდაჭერა… ნეთანიაჰუ ისტორიულ გამარჯვებას დაგვპირდა. ამის ნაცვლად კი მივიღეთ კრიზისი ამერიკელებთან, ირანისთვის გახსნილი ჰორმუზის სრუტე, რევოლუციის გუშაგთა კორპუსისკენ (IRGC) მიმავალი ფულის ნაკადები, ისრაელისკენ მომართული ბალისტიკური რაკეტები, განტოლების ნაწილად დარჩენილი „ჰეზბოლა“ და ისრაელი, რომელიც დერეფანში გაკიცხული ბავშვივით ელოდება“.
– ნეთანიაჰუს გადარჩევაზეც საუბრობენ, ვის მოიაზრებენ ახალ ლიდერად?
– პრინციპში, ისრაელის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციას ნეთანიაჰუს დამარცხების რეალური შანსი აქვს, თავად ცენტრისტმა ლაპიდმა პოზიციები დათმო. რეიტინგების ვარდნის გამო ლაპიდი მემარჯვენე ნაფტალი ბენეტს გაუერთიანდა ბლოკში „ბეიახადი“. ამ შეთანხმებით ლიდერობა ბენეტს ეკუთვნის, ამიტომ გამარჯვების შემთხვევაში პრემიერი ბენეტი გახდება. თუ ოპოზიციამ მთავრობის ფორმირება შეძლო, ლაპიდი, სავარაუდოდ, მინისტრის პოსტს (საგარეო ან ფინანსთა) დაიკავებს, მაგრამ არა პრემიერის.
– ბატონო გია, თუ შეიძლება შეაფასოთ ის, რაც ახლა გლობალურ პოლიტიკაში ხდება, სად მივდივართ და რა გველის?
– ფაქტია, რომ ქაოსი, რასაც ახლა გლობალურ პოლიტიკაში ვხედავთ, როდესაც საერთაშორისო თამაშის წესები საერთოდ აღარ არსებობს და გავლენებს ხისტად ინაწილებენ ზესახელმწიფოები, რაღაც ფაზამდე მიდის. ვვარაუდობ, რომ საერთაშორისო პოლიტიკა და უსაფრთხოების არქიტექტურა იმ მიმართულებით მიდის, რასაც ჰქვია უმდიდრესი, ძალიან გავლენიანი ძალების დიქტატი.
– ამ სიტუაციაში რა მდგომარეობაშია საქართველო?
– პრემიერ კობახიძის და მმართველი გუნდის ინტენსიური ვიზიტები ცენტრალურ აზიაში და აღმოსავლეთით აიხსნება „შუა დერეფნის“ ფორსირებულად განვითარების და ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებით. მულტივექტორული პოლიტიკურ-ეკონომიკური პოლიტიკის დაჩქარება არის როგორც ჩვენი შემდგომი წინსვლის გარანტი, ასევე ერთგვარი დაცვა ამ გლობალურ პოლიტიკურ კატაკლიზმებში. აქვე დავამატებ, რომ რადიკალების ქილიკს ამგვარ ვიზიტებზე ვუწოდებ ფსევდომედასავლეთე, ქსენოფობი, საკუთარი უმეცრებით თავმომწონე სუბიექტების კაკანს.
– თუ შეიძლება, გლობალური პოლიტიკიდან ადგილობრივ ვიწრო დაპირისპირებებში გადმოვინაცვლოთ. როგორც ჟურნალისტს, მაინტერესებს, რას იტყვით გოგა ხაინდრავას მიერ – „ფორმულას“ და ნინო ლომჯარიას მხრიდან „იმედის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე?
– რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ვთვლი, რომ ეს ტენდენცია დემოკრატიის გაჯანსაღებას უკავშირდება, რითაც ცილისმწამებლური კამპანია უფრო შევიწროვდება. თავად განსაჯეთ: რაც მეტი საჩივარი იქნება ყალბი მედიის წინააღმდეგ, დემოკრატია მით უფრო გაჯანსაღდება და შევიწროვდება ცილისწამებლური კამპანია, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ. ლომჯარიას საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ ტრაგიკომედიაა, არანაირი კონკრეტული ფაქტები არ აქვს და რაღაც აღქმებით და ილუზიებით მოქმედებს. თუ ლომჯარიასთვის გუშინწინ ქართული მართლმსაჯულება ე.წ. მიტაცებული და „ჯიბის“ იყო, ახლა ამ სასამართლოს როგორ ენდობა? ესაა რადიკალების ორმაგი სტანდარტები. ე.წ. მიტაცებული სასამართლო ყველას თანაბრად ეპყრობა – როგორც გოგა ხაინდრავას, ისე ნინო ლომჯარიას.
– რაც შეეხება ხაინდრავას?
– გოგა ხაინდრავას შემთხვევაში, კიდევ უფრო ტრაგიკული სურათია, რაც „ნაცპროპაგანდისტებს“ ახასიათებთ. ისინი არა მხოლოდ ხაინდრავას, არამედ ყველას ამუნათებენ, ვინც კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. რაც მეტი საჩივარი შევა მავნებელი დეზინფომატორების წინააღმდეგ, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გარემო საქართველოში. ეს პროცესი აქამდეც უნდა ყოფილიყო და რაც უფრო გააქტიურდება, მით უკეთესია. მანამდე იყო სარჩელები ცალკეული ჩინოსნების, პოლიციელების მხრიდან. ისინი ყოველთვის იგებდნენ და სიმბოლურ ანაზღაურებას იღებდნენ. ეს პრაქტიკა დასავლურ ცხოვრებაში საკმაოდ გარცელებულია და აქაც რაც უფრო აქტიური იქნება, მით უფრო შეეზღუდებათ დეზინფორმაციის გავრცელების არეალი ნაცტელევიზიებსა და მათ მომსახურე სააგენტოებს.
ირმა ცეცხლაძე