საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 21 ოქტომბერს, ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მათი აკრძალვის საკითხზე წარდგენილი სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. სასამართლო სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ წარდგენილ №1979 კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი პოლიტიკური პარტიის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნული პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ პარტიების ქმედებებში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობა, აგრეთვე სამომავლოდ მსგავსი მიზნების განხორციელების განზრახვა.
კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევის, არჩევნების გზით არჩეული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის არაღიარებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობის შესახებ მოსარჩელეთა მტკიცებები.
სარჩელის ავტორები „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შეფასებისას დამატებით მიუთითებენ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხებზე. მათი არგუმენტაცია, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ და 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეფუძნება.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოპასუხე პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან უარყოფენ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმურობას. სარჩელის ავტორები ასევე მიუთითებენ აღნიშნულ პარტიებს შორის პოლიტიკურ და ორგანიზაციულ კავშირებზე, მათ საერთო პოზიციებსა და სხვადასხვა პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ქმნის.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრი საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთივე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას მოითხოვს.