საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
By

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შეჯამება იყო.
უმრავლესობის წევრებმა დეტალურად მიმოიხილეს ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ხაზი გაუსვეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი მოვლენაა.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდულ მიმართულებას, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას.
გარდა ამისა, უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს პრემიერ-მინისტრის მიერ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ საგარეო ვიზიტებზე, ასევე მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან თემებზეც, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც იყო. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, დოკუმენტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება, წლის ბოლოს კი დამტკიცდება.
  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *