„საპატიო დარჩიძეებლები“ აირჩიეს, წარჩინებულები წაახალისეს
საუკუნეებს ითვლის მარეთის ხეობის შორეული და აჭარა-შავშეთის ქედის ერთ კალთაზე განფენილი სოფელი დარჩიძეები. აქ არსებულ ეკლესიის ნანგრევებთან ღვთისმშობლის პარაკლისის გადახდით დაიწყო სოფლის სახალხო დღესასწაული „დარჩიძეებობა“. საღვთო რიტუალი სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურმა დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე) ჩაატარა.
– ღვთისმსახურებთან და წლევანდელი ზეიმის ორგანიზატორებთან ერთად, ტყის ბილიკით, ეკლესიის ნანგრევებთან მოვედით, ღვთისმშობლობა და „დარჩიძეებობა“ ერთ დღეს ვიზეიმეთ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ უბრუნდებიან დარჩიძეების მკვიდრები წინაპრების ძირძველ მრწამს, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძემ.

დარჩიძეების მდიდარი ისტორიული წარსული და დღევანდელობა წარმოაჩინეს სახალხო დღესასწაულზე ორგანიზატორებმა. შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, სოფლის ინფრასტრუქტურა სახეს იცვლის. დასტურად ის ტურისტული ობიექტიც გამოდგება, რომელიც საჩინო ტერიტორიაზე გაკეთდა, აქვე მანათობელი ჯვარიც აღიმართა. თუ წინა წლებში ზეიმი სოფლის ცენტრში იმართებოდა, ამჯერად ორგანიზატორების გოჩა ბერიძის, დავით ცეცხლაძის, დავით ფუტკარაძის, ბეჟან ბერიძის გადაწყვეტილებით, ახლად მოწყობილ ტერიტორიაზე აღინიშნა.
გოჩა ბერიძემ იმ ისტორიულ გზაზე ისაუბრა, რომელიც სოფელმა გამოიარა. იყო წლები, როცა დარჩიძეებში 160-ზე მეტი კომლი სახლობდა, ახლა მუდმივად მცხოვრები კომლების რაოდენობა 45-მდეა დასული, შესაბამისად, მოსწავლეთა კონტინგენტიც საჯარო სკოლაში. თუმცა, ხელისუფლების თანადგომით, ყველაფერი კეთდება, რომ სკოლამ თავისი სტატუსი შეინარჩუნოს, ახალი შენობის აგებაც იგეგმება. სოფელში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები კომლები აღარ ჰყავთ, არა და რამდენიმე წლის წინ მათი რაოდენობა 10-ზე მეტი იყო. არც ისაა შემთხვევითი, რომ დარჩიძეები წარმატებული მეცნიერების, საჯარო მოხელეების, ბიზნესმენების, ექიმების, კულტურისა და ხელოვნების მუშაკთა კერად ითვლება. 15-მდე წიგნის ავტორი იყო მწერალი შოთა ცეცხლაძე, შუახევის რაიონის პირველი პირი გახლდათ ნოდარ ცეცხლაძე, ცნობილი მეცნიერები არიან გივი ცეცხლაძე, ედიშერ ჯაფარიძე, რევაზ ფუტკარაძე, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ იცნობენ აქაურ ექიმებს, რომელთა გზამკვლევებად 80 წელს გადაცილებული დიმიტრი ცეცხლაძე და მისი მეუღლე ელენე გვასალია ითვლებიან.
სოფელს, დამსწრე საზოგადოებას ზეიმი მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, შუახეველთა დელეგატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან აბაშიძემ, პოეტმა ფრიდონ დავითაძემ, ექიმებმა: დავით ცეცხლაძემ, ოთარ მიქელაძემ, ბეჟან ბერიძემ, ბიზნესმენმა ზურაბ ფუტკარაძემ, დარჩიძეებისა და შუბნის საჯარო სკოლების დირექტორებმა დავით სურმანიძემ, ტარიელ ფუტკარაძემ.
დარჩიძეებში ქართული სკოლის აღდგენიდან 100 წელზე მეტი გავიდა. სოფელი და განათლების სისტემის მესვეურები ამაგს უფასებენ სკოლის ხელმძღვანელებს, რომელთა შორის 80 წლის იოსებ აბაშიძეცაა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ სკოლა ახლაც წარმატებულ საგანმანათლებლო კერად ითვლება. წლევანდელი ზეიმის ორგანიზატორებმა იოსები „საპატიო დარჩიძეებლად“ აირჩიეს. მასთან ერთად, ეს საპატიო წოდება დაიმსახურეს სოფლის ამაგდარებმა – აკაკი სირაძემ და გიორგი ბერიძემ.

– წინა საუკუნის 90-იან წლებში საცხოვრებლად გურიაში გადავედი, მაგრამ მშობლიური დარჩიძეები არ მიმიტოვებია. ჯილდოები და აღიარება არ მაკლდა, მაგრამ ის წოდება, რომელიც დღეს მომანიჭეს, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მადლობა ორგანიზატორებს, ჩემ თანასოფლელებს, – თქვა იოსებ აბაშიძემ.
ლუკა სურმანიძე დარჩიძეების საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, გიგა ბოლქვაძე კი წარჩინებული სტუდენტი. ზეიმის ორგანიზატორებმა ისინიც საპატიო დიპლომითა და 500-500 ლარით წაახალისეს,
დავით ცეცხლაძე და კიდევ რამდენიმე დარჩიძეებელი იყვნენ მოთავენი, რომ სოფელში ქართული ჭიდაობის სექცია გახსნილიყო. შედეგმაც არ დააყოვნა – რიჩარდ ფუტკარაძე უკვე რამდენიმე ტიტულის მფლობელია და ახლა სექციას თავად ხელმძღვანელობს. მისმა მოჭიდავეებმა ზეიმზეც მოსინჯეს ძალები. მათ სერტიფიკატები გადასცეს.
დღესასწაული მხატვრული პროგრამით გაალამაზა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მარეთი“.
ოთარ ცინარიძე