საპატიო სტუმრები – ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტში
წელს სრულდება 20 წელი სხალთის ეპარქიის დაფუძნებიდან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად, ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.
მთავრობის თავმჯდომარესა და ქვეყნის მინისტრს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, უნივერსიტეტის რექტორმა მეუფე სპირიდონმა უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო.
„ჩვენი უმთავრესი მიზანი არის მთის გაძლიერება, მთიან აჭარაში მეტი შესაძლებლობის შექმნა პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის, მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ვხედავთ მთის აქტიურ განვითარებას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.
მეუფესთან ერთად ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რეგიონის განვითარებისთვის, ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

უნივერსიტეტში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ ხიჭაურის ეკლესიაში მოილოცეს.
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.

უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
ოთარ ცინარიძე