საუნივერსიტეტო კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს
By

საუნივერსიტეტო კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აჭარასა და რიზეს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, საუნივერსიტეტო კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

სავაჭრო-ეკონომიკური, ბიზნესინიციატივების და საქმიანი კონტაქტების გაძლიერების შესაძლებლობებთან ერთად განხილეს განათლების მიმართულებით უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირები, რაც ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების გზებს გააფართოებს.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარისა და რიზეს მსგავსი გეოგრაფიული პირობები – ზღვისპირა მდებარეობა და მთიანი ლანდშაფტი – საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებისა და მთის კურორტების ინფრასტრუქტურის მოწყობის გამოცდილების გაზიარებას.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ბათუმის შესაძლებლობებზე საერთაშორისო ფორუმებისა და კონგრესების მასპინძლობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები გამოცდილების გაცვლის, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საშუალებას იძლევა.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, საკონსულოს წარმომადგენლები, გუბერნატორის მოადგილეები მუსტაფა ბათუჰან ალფბოღა, მეტინ ეიუფქოჯა და გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფურქან აქსოი, ასევე, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან – მჟავანაძე და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *