საუნივერსიტეტო პლატფორმების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ ბსუ-ს საქმიანობის ანგარიში წარადგინა და საუნივერსიტეტო პლატფორმების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.
მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ინსტიტუციური გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევითი გარემოს განვითარება და ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 2026 წელს უნივერსიტეტის დაფინანსებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტების, აგრეთვე, პროფესორ-მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება; წელს დაგეგმილია აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბსუ-ს წიგნადი ფონდის განახლება, საგანმანათლებლო სივრცეების განვითარება-ტექნიკური აღჭურვა და სხვა.
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის და აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ბსუ-ს აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის ჩართულობითა და ორგანიზებით, იგეგმება მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.
2026 წელს გაორმაგდება წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც აჭარის მთავრობის 1000-ლარიანი სტიპენდიები გადაეცემათ; გაგრძელდება სტუდენტთა დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ასობით სტუდენტის დაფინანსება, ასევე, გაცვლითი პროგრამები ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტების საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობა და სხვა.
მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების შესახებ პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები მოისმინა და აღნიშნა, რომ მათთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას უნივერსიტეტის პრორექტორები, აკადემიური საბჭოს წევრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.