საქართველოს დელეგაცია IPU-ის 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
By

საქართველოს დელეგაცია IPU-ის 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ტანზანიის ქალაქ არუშაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
ასამბლეის ფარგლებში, ქართული დელეგაცია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის ფარგლებში, ქვეყნის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებასა და მხარდაჭერის მოპოვებაზე ისაუბრებს.
„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის თემა არის „კარგი მმართველობა ნდობის და საზოგადოების ინკლუზიურობის ჩართულობის გზით“. საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები აქვს განხორციელებული. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო ევროპის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს ასამბლეის მონაწილეებს. გვექნება შესაძლებლობა, ახალგაზრდა პარლამენტარების ფორუმში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდების, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გვექნება საუბარი. ორმხრივი შეხვედრები გვექნება როგორც აფრიკის, ევროპის, აზიის, ასევე, შუა ოკეანეთის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. საქართველოსთვის მსგავსი ტიპის პლატფორმები კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არა მხოლოდ ახლოს არ არიან ჩვენთან, არამედ ნაკლები შესაძლებლობები და დაფარვა არსებობს დიპლომატიური ხაზით. ჩვენ ამ პლატფორმებს ამ დიალოგისათვისაც ვიყენებთ. გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ოკუპაციის ხაზს მიღმა მდგომარეობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ აგრესიის შესახებ, რომელსაც საქართველო ათწლეულების მანძილზე გადის და რომლის მიუხედავადაც ქვეყნის მთავარი არჩევანი არის მშვიდობის გზით კონფლიქტის მოგვარება. საუბარი გვექნება საქართველოს იმ მიდგომებზეც, რომელიც ჩვენი რეგიონის გაძლიერების, სტაბილური განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა ლაშხმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *