საქართველო და უზბეკეთი სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების კარგი შესაძლებლობები აქვთ.
„მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი საერთო ინტერესია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის უზბეკეთში ექსპორტის გაზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას, აგრარულ სექტორში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას ითვალისწინებს.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მინისტრის მოადგილეების დონეზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სპეციალისტებსა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერება, ასევე, ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის განვითარება იქნება.