საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს იძენს
By

საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს იძენს

ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა, შუა დერეფნის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ტურიზმი – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტინგ სიუესიანგთან შეხვედრისას ისაუბრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს 21 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ზრდამ 41 პროცენტი შეადგინა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობა ჩინეთის კომერციისა და ტრანსპორტის სამინისტროებთან და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან. ასევე ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობას, რომლის პირველი სხდომაც უკვე გაიმართა. მისი საქმიანობა ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და საექსპორტო შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ისახავს მიზნად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და რკინიგზის მოდერნიზაციას. საუბარი შეეხო სამოქალაქო ავიაციის განვითარებასაც და აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადებისა და ხალხთაშორისი კავშირების ზრდას.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ისევე როგორც ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება საქართველოს ბაზრების დივერსიფიცირებისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა მსხვილ ჩინურ კომპანიებთანაც, სადაც ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოსთან ერთად 37 ქართული კომპანია მონაწილეობს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ჩინელ მომხმარებლებს საქართველოში წარმოებული პროდუქცია გააცნონ და ახალი საქმიანი კავშირები დაამყარონ.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნესკავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *