საქართველო-ჩინეთი: სტრატეგიული პარტნიორობა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და პირდაპირი ავიარეისები
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს დაეთმო. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, საინვესტიციო შესაძლებლობების, სატრანსპორტო კავშირებისა და ახალი ერთობლივი პროექტების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. მისი განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხები ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ახალი შესაძლებლობები და პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარება იყო.
ვიზიტი შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც. მისი თქმით, ხან ჭენგის საქართველოში სტუმრობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გზავნილია. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეს რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ამ დონის ვიზიტი იყო.
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ამ დონის ვიზიტი რეგიონში, რაც ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩინეთისთვის ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესწრეებთან შეხვედრა და ბიზნესფორუმი იყო, რომელმაც მხარეებს პოლიტიკური დიალოგის პარალელურად ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. მისი თქმით, სხვადასხვა სექტორში კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად შუა დერეფანი და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გამოიკვეთა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო მარშრუტის, როლზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოებაზე. მისი ინფორმაციით, ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს შანხაი-თბილისის პირდაპირი ფრენაც დაემატა. China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე კი, 2027 წლიდან შანხაი-თბილისის რეისების სიხშირე კვირაში სამიდან ხუთამდე გაიზრდება.
ამასთან, მხარეები პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზეც მუშაობენ. მინისტრის განცხადებით, საჰაერო კავშირების გაფართოება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას.
ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკასა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
ხან ჭენგის განცხადებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. ჩინეთის ბაზარზე სულ უფრო აქტიურად შედის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხოლო საქართველოში პოპულარობით სარგებლობს ჩინური წარმოების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები.
ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს, რაც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ემსახურება.
„ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ხან ჭენგმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და მეგობრული კავშირების განმტკიცების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.