სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
By

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა და სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას ბაღში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ აგრო და სამეწარმეო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით ღონისძიებებსა და მასტერკლასებში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ საავტორო კერძების მომზადებამ და დეგუსტაციამ.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 7 ივნისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება უვნებელი სურსათის მნიშვნელობასა და მის როლზე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში. წლევანდელი გზავნილია – „გამოწვევებიდან გადაწყვეტილებებამდე – უვნებელი სურსათი ყველასთვის“.

  • No Comments
  • ივნისი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *