„სწავლა ადამიანის ფუნდამენტური მოცემულობაა“
By

„სწავლა ადამიანის ფუნდამენტური მოცემულობაა“

ზაფხული ბავშვებისთვის მხოლოდ დასვენების დრო არაა, იგი ახალი გამოცდილებების, აღმოჩენებისა და განვითარების შესაძლებლობაცაა. სწორედ ამ იდეას ეფუძნება „ლალი ანთიძის საკვირაო სკოლის“ საზაფხულო პროგრამა, რომელიც შემეცნებით, შემოქმედებით და სპორტულ აქტივობებს აერთიანებს. პროგრამა ბავშვებს სთავაზობს გარემოს, სადაც სწავლა ბუნებრივი, სახალისო და ყოველდღიური პროცესია, ხოლო თითოეული აქტივობა მათ ინტერესებზე, ცნობისმოყვარეობასა და პიროვნულ ზრდაზეა მორგებული. რას მოიცავს საზაფხულო სკოლა? რატომ არის მნიშვნელოვანი ზაფხულში შემეცნებითი აქტივობები და რა როლი ენიჭებათ ამ პროცესში მშობლებს? – ამაზე საკვირაო სკოლის დამფუძნებელი ლალი ანთიძე გვესაუბრება.

როდის და როგორ გაჩნდა საკვირაო სკოლაში საზაფხულო პროგრამის შექმნის იდეა და რას მოიცავს იგი?

– საკვირაო სკოლის შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, რადგან წლებია მქონდა აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემამდე უშუალოდ და ცოცხლად მოდიოდა პრობლემები, რაც დღევანდელ სკოლას და სასკოლო საგანმანათლებლო პროცესს აქვს, რომელსაც ,,ჭკვიანი თავებით მოტანილი პრობლემები“ დავარქვი. პრობლემათა სპექტრი საკმაოდ ფართოა და სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, ისიც ემატება, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლები, გადაწვეტილებების მიმღები პირები და განმახორციელებლები ამას არ აღიარებენ. არ მინდოდა, მხოლოდ კრიტიკოსის როლში გამოვსულიყავი და შევეცადე, ჩემი ხედვის რეალიზაციაზე მეზრუნა. თანამოაზრეების ძებნაც არ დამჭირვებია, რადგან ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ ჩემი სტუდენტები (ყოფილიც და ახლანდელიც), რომლებიც უზარმაზარი ენთუზიაზმით ჩაერთნენ საქმეში. ვინაიდან ყველა ვაჟი იყო, მათ საკვირაო სკოლის ,,დამფუძნებელი მამები“ ვუწოდე. მუშაობა, ძირითადად, სამი მიმართულებით მიმდინარეობს: ცოდნის მიღება, სოციალიზაცია, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, რაც თვითშემეცნებას, ემოციების მართვასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში გამოიხატება, მაგრამ ამ ამოცანების გადაწყვეტა ტრადიციული სასკოლო ურთიერთობების ფორმატში თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ახალი ფორმების ძიება დავიწყეთ. საზაფხულო სკოლა არაფრით განსხვავდება საკვირაო სკოლისგან, რადგან სისტემა მთლიანად მიმართულია მოსწავლის პირად ინტერესებზე და უმთავრესია, რომ ბავშვისთვის სასწავლო პროცესი სასიამოვნო იყოს, არ დასრულდეს მხოლოდ ჩვენს სივრცეში. საზაფხულო სკოლის პროგრამა ისე არის აგებული, რომ სწავლა, არსებითად, ემპირიულ გამოცდილებას ეფუძნება; პროცესი სახალისოა და მთლიანად მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გამოწვევისკენაა მიმართული. აქტივობები იმდენად დინამიკური და მრავალფეროვანია, რომ მოსწავლეს არ ბეზრდება. პროგრამა მოიცავს: ფიზიკურ აქტივობებს, როგორც შენობის შიგნით, ისე გარე სივრცეში (სპორტულ მოედანსა და ბათუმის ცენტრალურ პარკში); ანალიტიკურ-განმავითარებელ სავარჯიშოებს; ინტელექტუალურ თამაშებს; სათავგადასავლო-შემეცნებით აქტივობებს; ლოგიკურ თავსატეხებს; დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას; არტთერაპიას; მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარებას; სოციალიზაციას და ემოციების მართვას; მარტივ კულინარიულ ექსპერიმენტებს. ასევე, გათვალისწინებულია ხემსი, რადგან ბავშვები ჭამის კულტურას და სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებას სწავლობენ. შესაბამის ამინდში და მშობლის ნებართვით, პროგრამა დამატებით მოიცავს ზღვაზე სიარულს, რაც ჩვენი პროგრამის ყველაზე საყვარელი ნაწილია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებლისთვის.

– რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი საზაფხულო პროგრამა?

 – საზაფხულო პროგრამა გათვალისწინებულია 6-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებმა ზაფხულშიც ისწავლონ?

ადამიანი ყოველთვის სწავლობს, ყველა სეზონზე, ყოველ დღე… მოაზროვნე არსებად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია სწავლის გარეშე. სამწუხაროდ, არასწორად ორგანიზებული სასწავლო სისტემა ბუნებრივ მიდრეკილებას კლავს და ადამიანის თანშობილ ცნობისმოყვარეობას ფლანგავს. ზაფხული არის დრო, როცა ბავშვები ფორმალური სასწავლო პროცესისაგან თავისუფალნი არიან და მაშინ ჩვენი დროც დგება. ზაფხული და ფორმალური ვალდებულებებისაგან თავისუფალი პროგრამა ისეთი სახის შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული, რომელიც აქტუალურია, მათ პირად ინტერესებს ეხმიანება და ყოველდღიურობაში იყენებენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ მოსწავლეებთან და პროგრამის შედგენის დროს ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნილებებს, რჩევებს. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, თავად გეგმავენ გაკვეთილებს, ქმნიან რესურსებს და მასწავლებლის ფუნქციებსაც ითავსებენ. ასეთ პირობებში, ცხადია, სწავლა მომაბეზრებელ საქმიანობას არ წარმოადგენს.

როგორ აერთიანებთ სწავლასა და გართობას ერთ პროგრამაში?

არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს, რადგან სულაც არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სწავლა ადამიანის ფუნდამენტური მოცემულობაა. უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ შემეცნების ბუნებრივი მოთხოვნილება არ ჩავკლათ და ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დავეხმაროთ.

– ზაფხულში რა სახის გარე აქტივობებს გეგმავთ?

ძირითადად, საველე აქტივობები ჩვენი საკვირაო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ახლოს გვაქვს ბათუმის ცენტრალური პარკი, სპორტული მოედანი. გარე აქტივობებისთვის ადგილმდებარეობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი მისი შინაარსია, რაც ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარებისთვის, ჰარმონიული თვითგანვითარებისთვის გამოიყენება. ვაწყობთ პიკნიკებს, ვსწავლობთ კარვების გაშლას და საველე პირობებთან ადაპტაციას, ასევე, გვაქვს ჯგუფური აქტივობები. მუდმივად ვხდებით მოწმე, როგორ აღმოაჩენენ საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს და როგორ ენთებათ თვალებში ნაპერწკლები. ეს ძალიან სასიამოვნო სანახავია.

რას მოელით პროგრამის დასრულების შემდეგ?

საკუთარი განვითარების, შინაგანი ზრდისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენით გამოწვეულ ემოციებს. როგორც ჩანს, რაც ჩავიფიქრეთ, გამოგვივიდა, რადგან წელს საზაფხულო პროგრამაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების დიდი ნაწილი წინა წლებშიც ჩვენთან თანამშრომლობდა.

როგორ ერთვებიან მშობლები სასწავლო პროცესში და თუ გაქვთ მათთვის რაიმე რეკომენდაციები?

მშობლები ჩვენი თანამოაზრეები არიან, რადგან სწორედ მათი დახმარებით იქმნება სინერგია, რაც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. ვცდილობთ, გავიგოთ მშობლების მოლოდინი, გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნილებები და დავეხმაროთ. დღეს მშობლები საკმაოდ ბევრი სირთულის წინაშე დგანან, გარდა შვილების მატერიალური უზრუნველყოფისა, უნდა მისცენ განათლება, ჩამოუყალიბონ ღირებულებათა სისტემა, ასწავლონ სტრესებთან და გარე გამოწვევებთან გამკლავება და ასეთ არასტაბილურ გარემოში ამის განხორციელება მარტივი არაა. ამიტომ, ვცდილობთ ზედმეტი ჩარევისგან თავი შევიკავოთ, რადგან ჩვენთვის მშობლის უფლება უზენაესია. თითოეული ბავშვი იმდენად უნიკალურია, რომ ძნელია ზოგადი რჩევების მიცემა, თუმცა, მაინც არის ერთი, რასაც ყველა მშობელს ვეტყოდი ყოველგვარი მოწოდებისა და პათეტიკის გარეშე – მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვები ყოველგვარ მონიტორს: ტელეფონს, კომპიუტერს, ტელევიზორს, პლანშეტს და ასე შემდეგ. მესმის, რომ რთულია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მონიტორის ხშირი გამოყენება აქვეითებს ადამიანის კოგნიტურ უნარებს (იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, სწავლის უუნარობას, შფოთს, კონცენტრაციის დაქვეითებას…). შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ მცირე დრო – ათი წუთი ან ერთი საათი საბედისწერო არ იქნება, სწორედ აქ ვცდებით, რადგან ცოტა და ბევრი პირობითი ცნებებია. შესაძლებელია, სწორედ ათი წუთი აღმოჩნდეს საკმარისი ბავშვის მოწყვლადი გონებისთვის.

– გეგმავთ თუ არა მსგავს პროგრამებს მომავალში?

ჩვენ პროგრამათა საკმაოდ ფართო სპექტრი გვაქვს. ესენია: საკვირაო სკოლა, ლოგიკის კლუბი, მკითხველთა კლუბი, კითხვის ტემპის გაზრდის მასტერკლასი, სკოლის საგნებში მომზადება I-VI კლასისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის სააბიტურიენტო პროგრამა, მათემატიკა (IX-XI კლასი, სააბიტურიენტო პროგრამა, SAT, მათემატიკაში მომზადება ინგლისურ ენაზე), ზოგადი უნარების სამაგისტრო გამოცდებისთვის მზადების პროგრამა (ოთხივე კომპონენტში). მომავალი წლიდან დავამატებთ რიტორიკის კლუბს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მასტერკლასებს, ასევე, ვგეგმავთ მშობელთა კლუბის დაფუძნებას, სადაც შევეცდებით მშობლებს კომპეტენტური და თანამედროვე მეცნიერულ თეორიებზე დაფუძნებული პასუხები გავცეთ მათთვის საინტერესო კითხვებზე. ახალი პროგრამების შექმნა პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ახალ გამოწვევებთან და იმ საჭიროებებთან, რომელსაც საგანმანათლებლო სფერო შექმნის. ამდენად, ჩვენ გვაქვს მზაობა, მუდმივად ვუპასუხოთ ჩვენი მშობლებისა და მოსწავლეების მოთხოვნებს.

ნინი ჩხარტიშვილი

 

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *